Accessibility links

რეორგანიზაციის შედეგი - აქტივისტების დასაქმება თუ კონტროლის და მომსახურების გაუმჯობესება


ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა. საკრებულოს უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი გადაწყვეტილებით, მერიას 9 შტატი დაემატა და მარტიდან 307 თანამშრომელი ეყოლება. ერთით გაიზარდა მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების რიცხვიც, რადგან არქიტექტურის სამსახური ჩამოყალიბდა არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოდ.

რეორგანიზაციის შედეგად არ შეცვლილა მერიის სამსახურების რაოდენობა და მარტიდან ისევ 10 სამსახური იმუშავებს. მათ შორისაა ახლადშექმნილი აუდიტის სამსახური. მის ჩამოყალიბებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა არა „ქართული ოცნების“ ურმავლესობასა და ოპოზიციას, არამედ თავად ოპოზიციურ პარტიებს შორის. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის გიგა შუშანიას შეფასებით, ბოლო დრომდე მოქმედი აუდიტის განყოფილება, სადაც რამდენიმეთანამშრომელი მუშაობდა, ქმედითი არ იყო და განყოფილების სამსახურად გარდაქმნა და მისი საშტატო ნუსხის გაზრდა, „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებას ემსახურება:

„სამსახურს ამატებენ შტატებს, მაშინ, როცა არ გვინახავს არც ერთი დასკვნა ან შენიშვნა განყოფილების მიერ მომზადებული იმ პრობლემებზე რაც უხვად იყო. ეს რეორგანიზაცია მორგებულია „ქართული ოცნების“ ინტერესზე, საკუთარი აქტივისტების დასაქმებისთვის და არ გამოხატავს მოქალაქეების საჭიროებას“

ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, აუდიტის განყოფილების სამსახურად გარდაქმნას მხარი დაუჭირა ქუთაისის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა მერაბ მეშველიანმა. მისი განცხადებით, აუცილებელია შიდა აუდიტის სამსახური ქმედითი იყოს და მერია აკონტროლოს:

„აუდიტის სახელმწიფო სამსახურის 2015-2016 წლის ანგარიშში მოხვდა ქუთაისისმერიის დარღვევები, რაც აუდიტის განყოფილებას არ ქონდა წარმოდგენილი. განყოფილება იყო დასაქმების ერთ- ერთი ადგილი და თანამშრომლები ხელფასს იღებდნენ არაფრისთვის, ამიტომ მხარდასაჭერია გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის შექმნის შესახებ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ სამსახური იქცეს ქმედით ორგანიზაციად შეძლოს აკონტროლოს მერიის არასწორი მენეჯმენტი და ხარჯები, რომლებიც უკვე შეინიშნება“.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი შენგელია უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ რეორგანიზაციის მიზანი„ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებაა: „ყველა გადადგმული ნაბიჯი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და არამც და არამც პარტიულ ინტერესებს“.

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია რეორგანიზაციის შედეგად აუდიტის სამსახურის შექმნას და არქტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ჩამოყალიბებას კანონის მოთხოვნით ხსნის და აცხადებს, რომ „ახალი სააგენტო მოქალქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსაურება, რაც სერვისს მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის“.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,რეორგანიზაციის შედეგად არც ერთი შტატი არ გაუქმებულა და არ მომხდარა თანამშრომლების შემცირება, 9 საშტატო ერთეულის მატებაკი ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომელების შტატში გადაყვანამ გამოიწვია. მერიის მტკიცებით, ცვლილების შედეგად სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით, ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებისთვის 24 ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG