Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფორმის წახნაგები


ავტორი: აკაკი მუმლაძე

როგორც ცნობილია, უცვლელი მხოლოდ ის ფაქტია, რომ ყველაფერი ცვალებადია. გამონაკლისი ამ მარადისობის კანონიდან მით უმეტეს ვერ იქნება განათლების სისტემა, რომელიც არსებული საზოგადოების სარკე და მომავალი საზოგადოების აკვანია.

აქედან გამომდინარე, ყველა თავმოყვარე და შორსმჭვრეტელი ქვეყნის მთავარზე მთავარი საზრუნავი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა განათლების სისტემა, მისი ტრადიციული საკუთხედის თითოეული კომპონენტის – მასწავლებელი, მოსწავლე და სწავლების ორგანიზაცია.

მასწავლებელი, პედაგოგი დღესაც ახალი თაობის მატარებელია, მაგრამ ახლა უკვე, როგორც იტყვიან, “მეცნიერების ვიწრო ბილიკებზე”, რაც მეტად ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა და მაშასადამე, მასწავლებელი ისეთ მატერიალურ და სულიერ კომფორტში უნდა ვაცხოვროთ, რომ იგი მასზე მინდობილი ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულების გარდა, არაფერზე არ უნდა ფიქრობდეს.

სავალდებულო კი ყველა პროფესიონალისათვის, ყველა სპეციალისტისათვის მხოლოდ ერთია – თავისი საქმის ცოდნა და სიყვარული, რამეთუ კაცს თუ სამსახურში არ მიუხარია, თვითონაც ცოდვაა და სამსახურიც. მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეთა ჟრიამული და სტუდენტთა აჟიტირებული დისპუტები არ სიამოვნებს და ნერვებს უშლის, თვითონაც დატანჯულია და სასურველ პროდუქციასაც ვერ მოგვცემს.

ეჭვს არ უნდა იწვევდეს რომ აღნიშნული სამკუთხედის ცენტრალური კომპონენტი, ცენტრალური ფიგურა მოსწავლე და სტუდენტია – საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალი, რომელთა აღზრდასაც დანარჩენი ორი კომპონენტი ე.ი. მასწავლებელი და სწავლების ორგანიზაცია ემსახურება.

ნიჭი, როგორც ვიცით, არ იბადება, იბადება მხოლოდ ტვინის მზაობა, “განწყობა”, პოტენციალი ამა თუ იმ ნიჭის უპირატესი განვითარებისათვის. ნებისმიერი ნიჭისა და უნარის განვითარება შეიძლება; მაგრამ ხშირად - რაც ერთისათვის ღვთით მომადლებული სტარტია, მეორისათვის იგი ის უმაღლესი ნიშნულია - რომლის იქითაც იგი ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამს.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, საერთოდ, ჰუმანიტარული მიმართულების ბავშვები ბევრად სჭარბობენ “მათემატიკოსებს”.

უთუოდ დადგება დრო, როცა ემბრიონშივე დაპროგრამდება სასურველი ნიჭი, დღეს კი ის მაინც უნდა შევძლოთ რომ სათანადო ტესტების საშუალებით დროზე დავადგინოთ თითოეული ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემები, რათა არ გადავტვირთოთ, არ გავტანჯოთ და არ დავაჩლუნგოთ იგი ზედმეტი საგნებით და თავიდანვე მიზანშეწონილად წარვმართოთ მისი სწავლა-განათლების პროცესი.

ამ მიმართულებით უაღესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ეროვნული გამოცდები, რომლებიც ახდენენ რა ჩვენი მომავალი ინტელექტუალური კორპუსის სელექციას, ამით სკოლებსაც აიძულებენ ძირშივე აღკვეთონ “ჩაწყობა” და “შპარგალკა”.

სწავლების მიზნებს გვკარნახობს თვითონ ცხოვრება, მთავარია სწორად წავიკითხოთ ეს გამოწვევები.

სწავლების მიზნებიდან გამომდინარე და გლობალიზაცია-ინტეგრაციისათვის ფეხის ასაწყობად აუცილებელია განათლების სისტემის ყოველი საფეხურის სწავლების შინაარსი შეჯერდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და მიესადაგოს ადგილობრივ რეალობას.

მეტი პრინციპულობა გვმართებს რომ ხეჭეჭურის პატრონებმა პანტა არ შემოვისაღოთ. დაუშვებელია სწავლების პროცესიდან შეგნებულობის პრინციპის გაძევება და ამ ნიშის მექანიკური სავარჯიშოებით “ამოქოლვა”. მოსწავლეს და მითუმეტეს სტუდენტს მარტო ის კი არ უნდა ვასწავლოთ, თუ რა როგორაა, არამედ და უმთავრესად ის, თუ რატომ არის ეს ასე და როგორია მისი განვითარების ტენდენცია, რამეთუ “აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”.Y

ნაბანი წყალი, რა თქმა უნდა, უნდა გადავაქციოთ, მაგრამ ბუნებრივია უნდა შევინარჩუნოთ ბავშვი და მას ახალი, წმინდა წყალიც გადავავლოთ.

შესაქმნელია სახელმძღვანელოები, რომლებიც მოსწავლესა და სტუდენტს გადაიყვანენ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობისა და ცოდნის თავისით მოპოვების რეჟიმში, რაც სწავლის პროცესს შეჯიბრებითობასა და აზარტსაც შემატებს.

ბავშვის აღზრდა მართლაც აკვნიდან იწყება, მაგრამ ოჯახის არასათანადო პირობებისა და განათლებულობის გამო, ზოგჯერ ბავშვის ფსიქიკა, ყოფაქცევა და მეტყველება ისე მახინჯდება, რომ ამ “შტამპების” წაშლა-გასწორებას ბაღი და სკოლა ძნელად თუ ახერხებს.

ამიტომ ბავშვის ოჯახური სწავლა-განათლება და აღზრდა უნისონში რომ იყოს ბაღისა და სკოლის სტანდარტებთან, საჭიროა დაიწეროს და ყველა დედას გადაეცეს ბავშვის მოვლის, კვების, აღზრდისა და საწყისი სწავლება-განათლების პოპულარული ენციკლოპედია.

თუმცა მარტო წიგნებით, თუნდაც კარგი, ძირითადი და სახალისო დამხმარე სახელმძღვანელოებით შორს ვერ წავალთ თუ მათ სულ უფრო მეტად არ წავაშველეთ თანამედროვე მდიდარი ტექნიკური საშუალებები – კომპიუტერი, კინო, სპეციალური სასწავლებო-სააღმზრდელო ტელეარხი და რადიო.

სწავლების ძირითადი ორგანიზაციული ფორმა სკოლაში გაკვეთილია, უმაღლეს სასწავლებელში კი – ლექცია და სემინარი.E

დროა წარსულს ჩაბარდეს მონოლოგური და “გადმოგიყარე-გადმომიყარე” გაკვეთილები. გაკვეთილი უნდა იქცეს მოსწავლეთა ცოდნის სისტემაში მოყვანის და მათი სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვის სასიამოვნო ატმოსფეროს საამქროდ, სადაც მასწავლებელს თანდათან მხოლოდ დირიჟორის და მონიტორ-კორექტორის ფუნქცია დარჩება. ასეთ გარემოში დისციპლინის პრობლემა მოხსნილია.

დრომოჭმული ანაქრონიზმია ლექცია, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, ცოდნის ათვისების მხოლოდ საწყისი ეტაპია; სტუდენტის დროის ბიუჯეტის უმთავრეს ნაწილს კი ნთქავს. მოკლედ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს.

ჩემი წინადადებაა – უარყოფილ იქნას სალექციო მეცადინეობა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წიგნებად და დისკებად გამოიცეს და ინტერნეტში განთავსდეს განახლებული, ინფორმაციულად გაჯერებული და ლოგიკურად და ენობრივად გამართული სხვადასხვა ავტორთა ლექციების კურსები არსობრივი კითხვარებითურთ; რომელთაც სტუდენტი შინ, მყუდრო ატმოსფეროში გაეცნობა და დაამუშავებს. ცოდნის სისტემაში მოყვანა და ათვისება კი მოხდება სემინარულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე მსჯელობა-კამათისა და სათანადო სავარჯიშოების მეშვეობით.

რა ახალი სახელიც არ უნდა დავარქვათ კლასგარეშე/დამატებით ღონისძიებებს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში, ისინი აუცილებლად უნდა გამოვაცოცხლოთ და სრულვყოთ რათა “სწავლა ძირშივე გატკბილდეს”.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რომ დეკანატი, როგორც ასეთი, განათლების სისტემის სრულიად ზედმეტი რგოლია და მისი ფუნქციები უნდა დაეკისროს მაპროფილებელ კათედრებს, რომლებიც სწორედ პასუხისმგებელნი არიან სასწავლო პროცესის შედეგებზე.

და ბოლოს, აუცილებელია მეცნიერებისა და განათლების სისტემის ინტეგრაცია - როგორც ამ ორივე სფეროს წარმატებული განვითარების საწინდარი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG