Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით შეძლებს აჭარა ტურისტების მოზიდვას


საქართველოს მთავრობის გეგმით, 15 ივნისიდან ქვეყანა ისევ გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო 1 ივლისიდან მზად უნდა იყოს უცხოელი ტურისტების მისაღებად. წლევანდელ ტურისტულ სეზონზე, პანდემიის გამოწვევების ფონზე, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოვლენო, - თქვა 14 მაისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გასული, 2019 წლის მონაცემებით, აჭარაში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობით ისრაელი ქვეყნების პირველ სამეულში იყო. ზოგიერთი კომპანია ისრაელის ტურისტულ სააგენტოებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. კომპანია „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ პანდემიამდე ისრაელიდან საქართველოში ტურისტები ყველა სეზონზე ჩამოდიოდნენ. განსაკუთრებით აჭარაში. მისივე თქმით, ისრაელიდან ჩამოსულები ძირითადად, მაღალი მოთხოვნის ტურისტები არიან. ისვენებენ 5 და იშვიათად, 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში. უპირატესობას ანიჭებენ ღირსშესანიშნაობათა მონახულებას, შოპინგსა და კაზინოებს. მათ ზღვა ნაკლებად აინტერესებთ და უფრო სამთო ტურიზმი იზიდავთ:

„უფრო გახსნილ სივრცეებზე იქნება ინტერესი. უფრო ბუნების დათვალიერება მოუნდებათ - ბოტანიკური ბაღის ნახვა, ქალაქგარეთ ჩვენი ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების დათვალიერება, ვიდრე ჩაკეტილ სივრცეებში, მაგალითად, კაზინოებში ყოფნა. პირველ ეტაპზე, ადამიანები ხალხმრავალ ადგილებსა და ჩაკეტილ სივრცეებს მოერიდებიან. მოთხოვნა იქნება სამთო და ეკოტურიზმზე და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე. ჩვენ ასე ვფიქრობთ, მაგრამ ბაზარი თავისას აჩვენებს“.

ისრაელის გარდა, ტურიზმის მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

უფრო გახსნილ სივრცეებზე იქნება ინტერესი. უფრო  ბუნების დათვალიერება მოუნდებათ - ბოტანიკური ბაღის ნახვა, ქალაქგარეთ ჩვენი ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების  დათვალიერება


ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს კი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და ადგილობრივი მეურნეობა უფრო აინტერესებთ. ზღვაზე დასვენების ნაცვლად, უპირატესობას ანიჭებენ ეკო და სამთო ტურიზმს, - ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი როსტომ ბერიძე. იგი ეყრდნობა გასულ წლებში ჩატარებულ კვლევას, რომლის დროსაც რეგიონში ჩამოსული 3 ათასზე მეტი ევროპელი ტურისტი გამოკითხეს. ტურიზმის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უსაფრთხო დასვენებასთან ერთად მთავარი მოთხოვნა ეკოლოგიურ გარემოზე იქნება:

„ეკოლოგია და მწვანე ტურიზმი - ესაა მთავარი ახლა. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის გახდება მოხერხებულ და მწვანე გარემოში ყოფნა. მოწოდება ასეთი იქნება: ჯანსაღი სიცოცხლისათვის !ჩვენ გვჭირდება ძალ-ღონის აღდგენა, რელაქსაცია. უბრალოდ, კი არ უნდა ვიცოცხლოთ, უნდა ვიცოცხლოთ ჯანსაღად, რისთვისაც გვჭირდება ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ასეთი, რა თქმა უნდა, ქალაქებში არ მოიძებნება. ეს იქნება ქალაქგარეთ, მთაში, სადაც საკვებიც სუფთაა ეკოლოგიურად და სუფთა ღვინოა. აი, ეს სჭირდება და ეს ტენდენცია იქნება შიდა და საერთაშორისო ტურიზმში. ამ ტიპის სერვისებს ვინც შესთავაზებს, ის იქნება უფრო მოთხოვნადი და მომგებიანი“.

როსტომ ბერიძე იმასაც აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურიზმი ნელი ტემპით ამუშავდება, შედეგი კი შემოდგომაზე გამოჩნდება. ამიტომ საქართველოში უმთავრესი იქნება შიდატურიზმის გააქტიურება. საქართველოს მოქალაქეები აჭარაში ჩამოსვლისას უპირატესობას ზღვაზე დასვენებას ანიჭებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზღვაში ბანაობა დასაშვებია, ხოლო პლაჟებზე დასვენება და გარუჯვა ფიზიკური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვითაა შესაძლებელი.

შიდატურიზმის გააქტიურებისთვის გადამწყვეტი ფასები იქნებაო, გვეუბნება საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანი:

„პირველ ეტაპზე შიდატურიზმზე გაკეთდება აქცენტი. შიდატურიზმისთვის ფასების მორგება და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებითაც პროდუქტების შეთავაზება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფოკუსი უნდა იყოს. ამაში კი კერძო და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი კოოპერაცია უნდა შედგეს. კარგი იქნება, თუ, მაგალითად, კერძო სექტორი შეიმუშავებს ადაპტირებულ პაკეტებს, ფასდაკლებების სისტემას და ა.შ. ამის მარკეტინგს კი სახელმწიფო სექტორი დაუშვებს, იგივე ტურიზმის დეპარტამენტი, რომელსაც ამის გამოცდილებაც აქვს“.

2019 წელს, აჭარაში სხვადასხვა მიზნით იმყოფებოდა საქართველოს 2 მილიონამდე მოქალაქე. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავარი კითხვაა, შეძლებენ თუ არა ქვეყნის მოქალაქეები დასვენებას აჭარაში, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა წლების განმავლობაში ბათუმში დასვენების ფასები საერთაშორისო ვიზიტორების გადახდისუნარიანობას მოერგო. გარდა ამისა, პანდემიის პირობებში წელს ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და რეგულაციები უნდა დამკვიდრდეს, რაც კერძო სექტორისგან დამატებით ხარჯს მოითხოვს. ეს კი ბუნებრივად გაზრდის ფასებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ამბობს, რომ დღეს ბიზნესის ერთ-ერთი გამოწვევა უსაფრთხო გარემოს შექმნაა:

„ფასებს, რა თქმა უნდა, ბაზარი დაარეგულირებს, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა კი აუცილებელი იქნება. სასტუმროსა და სხვა სექტორის მენეჯმენტმა, პირველ რიგში, პერსონალის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს და ყველა ზომა უნდა გაატაროს, რომ სტუმარს უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ. ამისთვის კი დამატებითი რესურსები იქნება საჭირო. ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ. იქნება ხარჯები გასაწევი სტანდარტების დასანერგად, როგორიც არის, მაგალითად, სპეციალური ბარიერისა და მინის დამონტაჟება, იქნება შესაძენი ინდივიდუალური მოვლის საშუალებები და სხვა“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ტურიზმის სექტორისთვის უსაფრთხოების წესებს გამოაქვეყნებენ. 25 მაისისთვის ელოდებიან მსოფლიო ჯანდაცვისა და ტურიზმის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სტანდარტების გამოქვეყნებასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG