„პარანოიდული სისულელე!“ - ასე უპასუხა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მისთვის მარტში, ლუქსემბურგში ვიზიტისას დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა რუსეთი ჩაერიოს ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიაში. ამასობაში არჩევნების პროცესი დაიწყო, ევროპელებს არ დავიწყებიათ რუსეთიდან გავლენის საფრთხე. როგორია რეალობა?
აპრილის შუა რიცხვებში მედიაში გავრცელდა ნაწყვეტები ევროკავშირის სპეცსამსახურების ანგარიშებიდან, რომელთა თანახმად, რუსეთის მედიასაშუალებები და რუსეთთან დაკავშირებული ინტერნეტრესურსები აქტიურად უჭერენ მხარს კრემლის მეგობარ პარტიებსა და კანდიდატებს ევროპაში.
ევროკომისიის წევრი ვერა იუროვა როგორც ამბობს, ინტერნეტში „გამალებული შეიარაღების“ პროცესი მიდის. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი ევროპარლამენტის არჩევნებს მიიჩნევს „გამოცდად რუსეთის ჩარევასთან ბრძოლის ევროპული მექანიზმებისათვის“. ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში კარგ შედეგებს მოელიან მემარჯვენე პოპულისტებისათვის.
კრემლისათვის მნიშვნელოვანია არა იმდენად კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რამდენადაც საზოგადოებაში უკმაყოფილების გამომწვევი სოციალური კონფლიქტების გაძლიერება...
„ნიუ-იორკ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ უშუალოდ არჩევნების წინ ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში გააქტიურდა საიტები, რომლებიც ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ორგანიზაციების იდეებს ავრცელებს - მაგალითად, ბერლინში ანტიფაშისტი რადიკალების, Antifa West Berlin-ისა და Antifa Nord Ost-ის იდეებს. ისინი ტვიტერში მოუწოდებენ მოქალაქეებს, შეიკრიბონ ანტიიმიგრანტული, ევროსკეპტიკურიი პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისათვის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე. ამასთან, ულტრამემარცხენე ორგანიზაციების საიტების სარეგისტრაციო მონაცემთა დეტალები ნაწილობრივ ემთხვევა მონაცემებს, რომელთა კვალიც რუსი ჰაკერების ჯგუფებამდე მიდის - თან ჯგუფებამდე, რომლებმაც 2016 წელს გატეხეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერები.
საინტერესოა, რომ ზემოხსენებული „ალტერნატივა გერმანიისათვის“ მიეკუთვნება ევროპის პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც კრემლის განსაკუთრებული ყურადღებითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. „ნიუ-იორკ ტაიმსს“ ეს ტაქტიკა - დაეხმარო ერთმანეთის მოწინააღმდეგე ჯგუფებს - მოაგონებს ისევ და ისევ 2016 წლის წინასაარჩევო კამპანიას აშშ-ში. რუსეთის „ტროლების ფაბრიკის“ ჯგუფები ინტერნეტში აქტიურობდნენ როგორც მოძრაობის Black Lives Matter მიმდევრების, ისე მათი მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად.
კომპანია SafeGuard Cyber-ი, რომელიც კიბერსივრცეში უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, თავის ბოლოდროინდელ ანგარიშში იუწყება ევროპაში მოქმედ 6700-მდე „ცუდ აქტორზე“ (bad actors), რომელიც არასწორ და დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებს.
საერთაშორისო ჯგუფი Avaaz, რომელიც „ყალბ ცნობებსა“ და დეზინფორმაციის კამპანიებს ებრძვის, დაასკვნის: კრემლისათვის მნიშვნელოვანია არა იმდენად კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რამდენადაც საზოგადოებაში უკმაყოფილების გამომწვევი სოციალური კონფლიქტების გაძლიერება - არჩევნების დროს ლოგიკური შედეგებით. Avaaz-ის მონაცემებით, კრემლის მომხრე პარტიებისა და კანდიდატების დამხმარე კოორდინირებული ინტერნეტკამპანიები ბოლო თვეებში გააქტიურდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში.
საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტ იაკუბ კალენსკის შეფასებით, დემოკრატიული ქვეყნები დღემდე არ მიმართავენ საკმარის ზომებს საიმისოდ, რომ რეალისტური იყოს საინტერნეტო „გამალებულ შეიარაღებაში“ გამარჯვების იმედი.
კალენსკი ანალიტიკურ ცენტრ „ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტია, მანამდე ის მუშაობდა ევროკავშირის პროექტში „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“.
კომპანია SafeGuard Cyber-ი, რომელიც კიბერსივრცეში უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, თავის ბოლოდროინდელ ანგარიშში იუწყება ევროპაში მოქმედ 6700-მდე „ცუდ აქტორზე“ (bad actors), რომელიც არასწორ და დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებს. ამ ჯგუფებს აქვთ წვდომა, მთლიანობაში, 241 მილიონამდე მომხმარებელზე. SafeGuard Cyber-ი არ ამბობს, რომ ყველა „ცუდი აქტორი“ რუსეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამბობს, რომ შექმნა ინტერნეტტროლებისა და ბოტების ნახევარ მილიონამდე ანგარიშის გამაერთიანებელ მონაცემთა ბაზა და რომ ეჭვს არ იწვევს ამ ნახევარ მილიონამდე ანგარიშის კავშირი რუსეთთან.
„საარჩევნო კომისიის ელქტრონული ინფრასტრუქტურისა და ამომრჩეველთა მიერ რეალობის აღქმის „გატეხა“ არის ორი გზა ერთი შედეგის მისაღწევად. მეორე უფრო იოლია ტექნიკური თვალსაზრისით: არ გიწევს თავდაცვის სისტემის დაძლევა“, ამბობს SafeGuard Cyber-ის თანადამფუძნებელი ოტავიო ფრეირე.