Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს ჩინოვნიკი: რას ითხოვს ევროკავშირი?


ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში უნდა იდგნენ პროფესიონალი, ანგარიშვალდებული საჯარო მოხელეები, ავტონომიური უფლებებით; საჯარო სამსახურში მუშაობა არ უნდა ნიშნავდეს მმართველი პარტიის ინტერესებით მოქმედებას, ხოლო საჯარო სექტორში დასაქმება, კარიერული წინსვლა თუ ანაზღაურება არ უნდა ემყარებოდეს ნეპოტიზმსა და ფავორიტიზმს. რას ითხოვს ევროკავშირი და რას ასრულებს საქართველო? რას ვხედავთ წინასაარჩევნო გარემოში?

საჯარო სამსახურის რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებად მიიჩნევა, რადგანაც დიდწილად სწორედ ამ რეფორმის წარმატება განაპირობებს სახელმწიფოს წინსვლას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, რომელიც ორგანიზაციის სახელით ერეკლე ურუშაძემ მოამზადა, საქართველოში ჯერ ისევ მიუღწეველია „რეალურად დამოუკიდებელი და დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნის მიზანი“. სახელდება სამი ძირითადი გამოწვევა:

  • საჯარო სამსახურის არასაკმარისი ავტონომია და პარტიული ზეგავლენების რისკი;
  • სამსახურში მიღებისას ფავორიტიზმის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები;
  • საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურებაში გამჭვირვალობისა და ერთგვაროვნების ნაკლებობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ფარგლებში საქართველომ ორი აუცილებელი კანონი მიიღო: 1.„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (2015 წელს დამტკიცდა და 2017 წელს ამოქმედდა) და 2.“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი (2017 წელს დამტკიცდა). ამჟამად მიმდინარეობს ამ კანონების პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვის მონიტორინგი, ევროკავშირთან ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგთან შესაბამისობაში. როგორც ერეკლე ურუშაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

გადმოწერა

საჯარო სამსახური მმართველი პარტიის ხელში

იმის გამო, რომ საქართველოში საჯარო სამსახური სათანადოდ დამოუკიდებელი არ არის, მმართველი პარტია ტრადიციულად ფლობს ბერკეტებს საიმისოდ, რომ საკუთარი პარტიული ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი არჩევნებზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურის კონტროლით მმართველი პარტიები სულ ცოტა ორი სახის სარგებელს იღებენ:

  • საარჩევნო კამპანიებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
  • საჯარო სამსახურებში პარტიული აქტივისტების დასაქმება

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საქართველოში არჩევნების თანმდევ პროცესად იქცა და ამის შესახებ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში არაერთი ბრალდება მოისმინა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR). „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ცდილობს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართოს საჯარო სამსახურის რესურსები. ორგანიზაციის მეორე შუალედური დასკვნის თანახმად:

  • გამოიკვეთა 30-მდე მუნიციპალიტეტი, სადაც საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ სააგიტაციო შეხვედრებში, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, სასარგებლოდ და ასევე აგიტაციას ეწეოდნენ სოციალური ქსელების საშუალებით;
  • ამას ისინი აკეთებდნენ სამუშაო საათებში, რაც აკრძალულია „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად;
  • ვლინდება ასევე საჯარო მოხელეთა მობილიზების ფაქტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე დასასწრებად.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, ნინო რიჟამაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ცესკოში კონკრეტული განაცხადების გაგზავნა ძირითადად უშედეგოდ დასრულდა. საჯარო მოხელეების ახსნა-განმარტებებში ათასნაირი თავის მართლებაა ასახული და, მათ შორის, ისინი ოჯახის წევრებისკენ იშვერენ თითს.

საჯარო მოხელეთა დასაქმება და შრომის ანაზღაურება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სამსახურში მიღებისას სუბიექტური მიდგომების აღმოსაფხვრელად და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურებაში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თუმცა ერთია კანონმდებლობა და მეორეა მისი პრაქტიკაში გატარება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა სეგმენტს არ ეხება და, ამასთან, კოეფიციენტების სისტემა დაწესებულებათა ხელმძღვანელებს კვლავაც უტოვებს ძალიან დიდ დისკრეციას ანაზღაურების განაკვეთების განსაზღვრის მხრივ. გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ საკუთარი პრემიების ოდენობა.

შეკითხვები უკავშირდება კიდევ ერთ ასპექტს. 2017 წლის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონში, რომლითაც საჯარო უწყებებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები კონკურსის გარეშე დაასაქმონ. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსაც“ მიაჩნია, რომ ამან გაზარდა ნეპოტიზმის რისკები სამსახურში მიღების პროცესში.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წელს შეტანილი იმ ცვლილებების ეფექტიანობას, რომელთა მიხედვითაც დასჯადი გახდა საჯარო მოსამსახურეთა იძულება - თავიანთი ნებით დატოვონ სამუშაო ადგილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოკვლევის თანახმად, 2016 წელს თბილისის მერიაში 128 საჯარო მოსამსახურემ შეიტანა განცხადება სამსახურიდან საკუთარი ნებით გათავისუფლების შესახებ. „ეს გვაფიქრებინებს, რომ პრობლემა არ მოგვარებულა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG