Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო


ავტორი: აკაკი მუმლაძე

თავისუფლებისათვის ადამიანი აკვანშივე იბრძვის; მაგრამ მას, ფეხადგმულსაც კიდევ დიდხანს არ შეუძლია დამოუკიდებელი არსებობა. არანაკლებ პრობლემატურია პატარა ქვეყნისა და ხალხის თავისუფლება, მითუმეტეს როცა მსოფლიო წესრიგის არქიტექტორები და დარაჯები – გაეროც და ნატოც ძალის წინაშე საპნის ბუშტებია, სამართალი კი ისევ მუშტებია.

აქედან გამომდინარე - უენერგეტიკო, უპურო, უსაკუთარპურო, უჯარო და ეთნიკურად ჭრელი პატარა საქართველოს თითქოსდა ვაჟკაცური ნაბიჯების წყალობით იყო, რომ ის ნანინანატრი დამოუკიდებლობა, რაც სხვა რესპუბლიკებმა მუქთად მიიღეს - ჩვენ დიდი მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ.

თქმა არ უნდა - ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ქართველი ყოველთვის ეფექტზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე შედეგზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, “უფროსი ძმა” უმადურობისა და ღალატის ბრალდებით გვსჯის – დაპირებისამებრ გვანაწევრებს. თუ ერთ მუშტად არ შევიკარით და თუ მსოფლიო საზოგადოებრიობამაც არ ან ვერ გვიშველა, ჩვენს ისედაც დასახიჩრებულ სხეულზე კიდევ რამდენიმე ძნელადმოსარჩენი იარა გაჩნდება.

საუბედუროდ, სწორედ ეს გაუერთიანებლობაა ჩვენი აქილევსის ქუსლი; საქართველოში ხომ ყველას პირველობა უნდა და ერთმანეთის “გადასაჯოკრად” ყველა თავის პარტიას აკოწიწებს, საზღვარგარეთ გარბის მხარდამჭერთა მოსაპოვებლად; მხარდაჭერა კი არსად არ არის უანგარო და მით უმეტეს მტრის ბანაკიდან.

ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე და არა ის პოლიტიკოსები, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ რუსეთს დაელაპარაკებიან და მის მიერ ამდენი ოინბაზობითა და იარაღით მიტაცებულ ტერიტორიებს მშვიდობიანად დაგვიბრუნებენ. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - განა ცოტა ველაპარაკეთ მოსკოვს? როგორ არ ვუჩლიქეთ ენა “ჩრდილოეთის მზეს”, მაგრამ ყურსა ბამბისა!

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურები ჩამოვყაროთ, ხელი ჩავიქნიოთ და აკანკალებული შევეჭმევინოთ ურჩხულს. ეს არც გამოსავალია და არც ჩვენი ისტორიის, კულტურისა და წინაპრების საკადრისი. როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, თავისით მხოლოდ ცუდი მოდის, კარგისთვის კი ბრძოლაა საჭირო - თავგანწირული ბრძოლა, რომელსაც ხელახლა უნდა მივეჩვიოთ.

პირველყოვლისა უნდა შევეშვათ “ხავსებს”, გავთავისუფლდეთ ილუზიებისაგან და შევწყვიტოთ მოკლეფეხებიანი მოლოდინების თხზვა.

საბედნიეროდ, ოდეს მოარულმა “ხავს-ილუზიამ” დროზე გვიმტყუნა და დღეს აღარავის სჯერა, რომ მთელი მსოფლიო გიჟდება ქართველებზე და ყველა მზადაა ჩვენი გულისთვის აუტკივარი თავი შეუშვიროს რუსეთს.

მეორე “ხავს-მოლოდინია” - რუსეთის დაშლა. რუსეთს შესწევს ძალა და უნარი ჩვენზე ადრე არ დაიშალოს; თანაც დაშლილი რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე იქნება ჩვენთვის - აღდგება “ლეკიანობა” და შემოგვესევიან ათასი ჯურის ბანდფორმირებები.

მესამე “ხავს-ილუზიაა”, რომ ერთი ქართველი, მტრის ათ მეომარს უდრის – ომშიც და სპორტშიც; მაგრამ ყოფილა პირიქითაც. სხვათაშორის ნებისმიერი ხალხის ისტორიასა და ფოლკლორში საკუთრივ ეს ხალხი ყოველთვის გმირადაა წარმოდგენილი.

ცალკეული ბრძოლები რუსეთისათვის ჩვენ მოგვიგია 1921-შიც და 1992-შიც, მაგრამ ომს ჩვენ მას ვერ მოვუგებთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რუსეთი ჩვენ ალყაში გვაქცევს და საზღვრის მთელ პერიმეტრზე გვიტევს – ხმელეთით, ზღვითა და ჰაერით; ჩვენ კი მას ბუნებრივია ყველგან ვერ დავხვდებით, რადგანაც ამისათვის არც ცოცხალი ძალა გვყოფნის და არც შეიარაღება.

მეოთხე “ხავს-ილუზიაა” – ერთმორწმუნე რუსეთი საქართველოს არ გასწირავს - რუსეთის ერთმორწმუნეობის შთამბეჭდავი სახსოვარია მის მიერ აფხაზეთიდან აყრილ ქართველთა უკუბოო საფლავებიც და სულაც უსაფლაო ნეშტები ჭუბერის ხეობაში.

მეხუთე “ხავს-ილუზია” - მსოფლიო თანამეგრობრობა საქართველოს გასაჭირში არ დატოვებსო. მეგობრობა ზიარ გობს გულისხმობს, მაგრამ ჩვენი “გობი” – ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მიუხედავად ბაქოსა და ერევანს შორის კარდაცულობისა, სულაც არ არის უალტერნატივო. და თუ სტრატეგიული ენერგოსადენები მაინც ჩვენს ტერიტორიაზე განლაგდა, ეს არამარტო და არაიმდენად ევროპასა და მასთან ერთად ჩვენზე ზრუნვა იყო, არამედ და კიდევ უფრო მეტად, რუსეთის ჰეგემონისტური ზრახვების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება. ამავე მიზანს ემსახურებოდა კოსოვოც, რომელიც საგულდაგულოდ დაუმიზნეს რუსეთს, ჯერჯერობით კი მხოლოდ ჩვენ მოგვახვედრეს და ორი “კოსოვოც” გაგვიშანშალეს.

იქმნება კონტექსტუალური შთაბეჭდილება, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიაც გარკვეულწილად ამერიკის “აქტივშია”, რამეთუ სწორედ ამერიკელებმა შეაგულიანეს და წააქეზეს ისედაც სულსწრაფი ჩვენი პრეზიდენტი ცხინვალზე საიერიშოდ; რაც როგორც ვიცით, სულ რამდენიმე საათში დამთავრდა ჩვენი სამარცხვინო კრახით, ამდენი ამაო მსხვერპლით და ამხელა ტერიტორიების, ამდენი სამოქალაქო ქონებისა და უახლესი სამხედრო ტექნიკის დაკარგვით.

ნიშანდობლივია, რომ როცა აგვისტოს მოვლენებმა შეძრა და ერთხელ კიდევ აღაშფოთა ევროპა, ჯორჯ ბუში თავის სეხნია მცენარეებში მიიმალა და გაიტრუნა; მოგვიანებით, როცა ალაპარაკდა მან მომხდარში თანაბრად დაადანაშაულა საქართველოც და რუსეთიც, რაც დღემდე უცვლელად მეორდება სათანადო საერთაშორისო შეხვედრებსა თუ რეზოლუციებში.

იმ ცხელ დღეებში, მართლაც მთელ მსოფლიოში ბევრმა დაირქვა ქართველი და რუსეთს შეუძახა; მაგრამ რუსეთის აგრესიის შეჩერება მხოლოდ სარკოზიმ შესძლო, რისთვისაც ის იყო მისთვის ძეგლი უნდა დაგვედგა, რომ მოულოდნელად შეუხმატკბილდა რუსეთს და უნიკალური სამხედრო გემისა და შვეულმფრენების მიყიდვას დაპირდა.

არ გამართლდა სააკაშვილის დაქადნებაც – ვეღარ დაგვაჩოქებენო; რომ ვერ დაგაჩოქონ, თვითონაც არ უნდა დააჩოქო შენი ხალხი, არ უნდა აიგდო იგი აბუჩად, არ უნდა შელახო მისი თავმოყვარეობა და არ უნდა მიაყენო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; ჯარში უნდა გაიწვიო ყველა – მათ შორის “პატრონიანიც”; ჯარისკაცი კი უნდა დაარწმუნო, რომ მისი დაღუპვის შემთხვევაში მისი დაობლებული შვილები და დაუძლურებული მშობლები მზრუნველობის გარეშე არ დარჩებიან.

ერთ ბრძენს უთქვამს – საცოდავია ქვეყანა, რომელსაც გმირები სჭირდებაო; ჯარისკაცი სახელისა და ჩინ-მედლებისთვის კი არ უნდა იბრძოდეს, არამედ შინაგანი მოტივაციით, იმის ღრმა შეგნებით, რომ იგი ვალდებულია დაიცვას თავისი შვილების, ოჯახის, ნათესავ-მეგობრების, სამშობლოს უსაფრთხოება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG