Accessibility links

როგორ აფასებენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ვაშინგტონში 


რუსთავის 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვაშინგტონში აფასებენ. ამ თემაზე „ამერიკის ხმასთან“ კარნეგის ფონდისა და მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კარნეგის ფონდის წარმომადგენელი პოლ სტრონსკის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ის პრობლემები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, ახლა დაეწიათ. მიუხედავდ ამისა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კარგი და ჯანსაღი, ოპოზიციურად განწყობილი მედია გამოცემა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არჩევნები მოდის... გასულ თვეში ჩვენ ვიხილეთ, რომ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ქუჩის დემოკრატიას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ინსტიტუციურ დემოკრატიას. მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხში, როგორც ადრე იყო“.

პოლ სტრონსკი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოახერხებს მოიფიქროს, როგორ მიიტანოს თავისი გზავნილები საზოგადოებამდე. ასევე, სხვა მედია გამოცემები, რომლებიც ახლა დამოუკიდებლები არიან, შეძლებენ ამოავსონ ის სიცარიელე, რომელიც [რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში] დარჩება.

მაკკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საკუთრების გარშემო პრობლემები წლების განმავლობაში არსებობდა. კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, საკუთრების საკითხის განხილვისას, სასამართლოს გადაწვეტილებას უნდა დაემორჩილო. მეორეს მხრივ, ვერ გექნება დემოკრატია, თუ მთელ ინფორმაციას, ერთი მხარე აკონტროლებს.

„ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სასამართლოს ეს გადაწვეტილება ძალაში დარჩეს, ეს არ ცვლის საქართველოსთვის დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და თუ რეალობა ასეთი არაა, მაშინ რაიმე სხვა უნდა შეიქმნას“, - განაცხადა მან და დაამატა, - „თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ მოტივაციას, ეს განსხვავებული თემაა და ასე არ უნდა ხდებოდეს... როლები იცვლება, ერთ დღესაც ქართული ოცნება ოპოზიციაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება ჰქონდეს წვდომა მედიაზე. ყველამ ამ გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG