Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღნიშნეს მუსლიმებმა რამადან ბაირამი აჭარაში


4 ივნისს მუსლიმები ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს, რამადან ბაირამს, აღნიშნავენ. აჭარაში მოქმედ ყველა მუსლიმურ სალოცავში სადღესასწაულო ლოცვა აღევლინა. დილიდან ხალხმრავლობა იყო ბათუმის მთავარ მეჩეთში - ორთა ჯამეში. ლოცვის დასრულების შემდეგ მორწმუნეთა ნაწილი სალოცავთან რჩება, მეჩეთში შემსვლელებს დღესასწაულს ულოცავს და მის მნიშვნელობაზე ელაპარაკება.

„დღეს დიდი დღესასწაულია. ერთი თვე ღმერთის ბრძანება შევასრულეთ - ვიმარხულეთ. ღმერთა მიიღოს ჩვენი მარხვა. დღეს პატიების დღეა. ადამიანი რომ მუშაობს და თვის ბოლოს ხელფასს ელოდება, ასე ველოდებით დღეს ჩვენ ღმერთისგან პატიებას. ღმერთმა ყველას გვაპატიოს. მინდა ყველას - დედამიწის ზურგზე ყველა მორწმუნეს და ყველა ადამიანს -მივულოცო“, - ამბობს შამილ ბოლქვაძე.

მუსლიმები მათთვის ერთ-ერთი დიდი დღესასწაულის მილოცვამდე 30-დღიან მარხვას იცავენ. მათ საკვებისა და წყლის მიღება მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ეკრძალებათ. როგორც მორწმუნეები ამბობენ, მთავარია მარხვის დროს სიკეთე აკეთო და ცუდი ან ბოროტი ფიქრადაც არ გაივლო, მარხვის შემდეგ კი მის დასრულებას რამადან ბაირამით აღნიშნავენ - როგორც ტარიელ შავაძე გვეუბნება, ბაირამობენ:

„ჩვენ რამაზანს ვუძახით ჩვენს დღესასწაულს. მანამდე 18 საათის განმავლობაში საჭმელს არ ვჭამთ. ეს მარხვაა და დიდი მადლია, თან ორგანიზმი იწმინდება, როგორც დიეტის დროს, ისე და მას ძალიან დიდი სარგებელი აქვს. ახლა მარხვა რომ დამთავრდა, ესე იგი რამაზანი დამთავრდა და ახლა ვიბაირამებთ“.

ადღესასწაულო ტკბილეული - ჰალვა, რომელსაც მუსლიმები რამადან ბაირამის აღსანიშნავად აკეტებენ
ადღესასწაულო ტკბილეული - ჰალვა, რომელსაც მუსლიმები რამადან ბაირამის აღსანიშნავად აკეტებენ

რამადან ბაირამობას მუსლიმები, ტრადიციულად, ტკბილეულით აღნიშნავენ, ერთმანეთთან სტუმრად დადიან და უმასპინძლდებიან. ტრადიციული სადღესასწაულო ტკბილეული, ჰალვა, აჭარაში მრავალ ოჯახში მზადდება. მიცვალებულების მოსახსენიებლად კი საფლავებზე გადიან. ამ დღეს მორწმუნეებმა საქველმოქმედოდ დახმარება უნდა გასცენ. თუმცა ამ სადღესასწაულო ტრადიციას მუსლიმები ადრე ფარულად ასრულებდნენო, ამბობს ქაზიმ შავაძე და საბჭოთა კავშირის დროს იხსენებს, როცა მუსლიმებს და ქრისტიანებს რწმენა ეკრძალებოდათ:

„დღეს თავისუფალი დროა. რაც გინდა, ის ქენი და რაც გინდა, ის ირწმუნე. ასეთი დროა. კომუნისტების დროს აკრძალული იყო ქრისტიანულიც და მაჰმადიანურიც, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. დღეს ყველას შეუძლია, უნდა ეკლესიაში შევიდეს, უნდა - ჯამეში. ეს აკრძალული და დამალული აღარ არი. ჩვენ ერთნი ვართ, ხალხი ვართ - ყველა ქართველები ვართ. მე ნამდვილი ქართველი კაცი ვარ, ქართული სისხლი მაქვს, მაგრამ რწმენა მაქვს მუსლიმანური. ლოცვა, იცით, რა არის? გინდა ქრისტიანული იყოს და გინდა მუსლიმური - ყველა ლოცვა ლოცვაა. ღმერთს ეხვეწებიან: გადაგვარჩინე, ღმერთო, მშვიდობა ჩამოგვიყალიბე, მშვიდობა ჩამოარონიე, ცეცხლიდან, ომიდან, ჩხუბიდან და ამისთანა ამბებიდან გადაგვარჩინე. იქ არავინ არ წყევლის არც ხელმწიფეს და არავის. ყველა შედის ეკლესიაშიც და ჯამეშიც ლოცვისთვის. ლოცულობს ერთ ღმერთზე. სხვა ღმერთი არ არსებობს“.

რამადან ბაირამსა და სხვა მუსლიმურ დღესასწაულებს ყველა ქრისტიანულ დღესასწაულებთან ერთად თანაბრად აღნიშნავენ იმ ოჯახებში, სადაც ეს ორი რელიგია თანაარსებობს. ასეთ მაგალითებს აჭარაში ხშირად შეხვდებით, სადაც ოჯახის ნაწილი მორწმუნე მუსლიმია, ნაწილი კი მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი. ასეთია ლია ბერიძის მრავალრიცხოვანი ოჯახიც, ის კი ერთადერთი მისი წევრია, რომელმაც მშობლების რელიგია, ისლამი, შეინარჩუნა. როგორც ამბობს, ტრადიციულად, მასთან სახლში ორივე რელიგიის დღესასწაულები თანაბრად აღინიშნება, მანამდე კი ოჯახის წევრები თავიანთი რწმენის შესაბამისად მარხვას იცავენ.

„დედა და მამა რწმენით წავიდნენ იქეთა სამყაროში და ოჯახში მხოლოდ მე შევინარჩუნე მათი რწმენა. ღმერთი ჩემთვის ერთია. მე მისი პატივისმცემელი ვარ. აღვნიშნავ ქრისტიანულსაც და დღევანდელ ბაირამსაც აღვნიშნავ. ძალიან მიხარია, ეს დღე ძალიან მიყვარს და ამ რწმენით მოვდივარ მთელი ცხოვრება და ასე გავაგრძელებ. ყველა მუსულმანს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველა ადამიანს ვეტყოდი, რომ შეინარჩუნოს ის, რაც მისი გულიდან და მისი ტრადიციებიდან მოდის და ვის როგორ უნდა, ისე იცხოვროს. მთავარია იყონ ბედნიერები და ჯანმრთელები. ღმერთმა დაგლოცოთ“, - ამბობს ლია ბერიძე.

რამადან ბაირამს მუსლიმები ერთმანეთს სადღესასწაულო ტკბილეულით, ჰალვით, ულოცავენ. მას თავისი მომზადების წესი აქვს. როგორც მორწმუნეები ამბობენ, მომზადებისას სპეციალური ლოცვა იკითხება დაგარდაცვლილი ახლობლებისა და ოჯახის წევრების სახელით კეთდება.ბათუმელი ინგა ხალვაში ჰალვას სახლში ამზადებს ტრადიციული წესით და შემდეგ თავის ქრისტიან ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უმასპინძლდება:

„ეს კეთდება კარაქით, პურის ფქვილით და შაქრით. ზოგი ჭადის ფქვილს ურევს და ზოგიც სანელებლებს. ეს ბებიისგან ვიცი, ბებია აკეთებდა, მერე დედა აკეთებდა და მეც ვისწავლე. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები ელოდებიან, როდის იქნება ეს დღესასწაული, რომ გავუმასპინძლდე და მივართვა ეს ჰალვა. როცა ისლამური დღესასწაულებია, ისინი ჩვეულებრივად იღებენ ამას და ერთად აღვნიშნავთ და როდესაც ქრისტიანული დღესასწაულებია, მე, ჩვეულებისამებრ, ვუერთდები, იმიტომ რომ ეს არის ოჯახის ტრადიცია - ორივე რელიგიაა და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს“.

რამადან ბაირამის დღესასწაული ბათუმის მეჩეთში - ორთა ჯამეში- შეკრებილ მუსლიმ თანამოქალაქეებს მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ მან ახალი მეჩეთის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. მუფთმა იმედი გამოთქვა, რომ მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG