Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადავუსხათ სისხლი პარტიებს??


ავტორი: ეკატერინე ჩარქსელიანი

დღეს ქართულ პარტიულ პოლიტიკაში ერთ განსაკუთრებულად დიდ პრობლემას ვაწყდებით - პოლიტიკური აქტორები არ იცვლებიან.

ალბათ, ყველამ კარგად იცის , რომ სანამ ჩვენთვის კარგად ნაცნობი და თუნდაც მრავალი უცნობი პარტია იარსებებს, მანამ ვიხილავთ ერთსა და იმავე პოლიტიკურ გუნდებს , ხშირად მოჩვენებითად გაყოფილსა და ასევე, ბევრ დამოუკიდებელ ჯგუფს იმავე პოლიტიკური ოჯახებიდან, ეს კი, ცალსახად, დიდი პრობლემაა ქართული პოლიტიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ტრადიციულობა პარტიისთვის დადებითი შედეგის მომტანია, ჩვენთან დიდი აღრევაა ტრადიციულობასა და კლანურობას შორის,რამდენადაც,როგორც წესი, იდეოლოგიის ერთგულებას ვერ ვხედავთ. შესაბამისად, საზოგადოების რეაქციებიც მეტწილად, უარყოფითია.

ხშირად ამბობენ, ახალი სისხლი სჭირდებაო ქართულ პოლიტიკას,თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ „ახალი სისხლი“ ახალგაზრდობის სახით სრულიად უიმედო მდგომარეობაშია თუ რა თქმა უნდა, ამათგან ზოგიერთს ვინმე არ უმაგრებს ზურგს გავლენიანი საზოგადოებიდან. სამწუხაროდ ეს ტრადიცია მაინც არსებობს ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ათასობით სტუდენტი იცავს აკადემიურ ხარისხს მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე , ახალგაზრდები აგროვებენ ცოდნას, ბევრს განსაკუთრებული ნიჭიც გამოარჩევს, ამგვარად, მათ აქვთ იმედი,რომ ამ ყველაფერს გამოიყენებენ და საკუთარი ქვეყნის მომავალს უზრუნველყოფენ,თუმცა, ეს მხოლოდ მირაჟია- მათ დიდ ნაწილს გავლილი აქვს სხვადასხვა სტაჟირებები საჯარო სამსახურში, ბევრი პარტიულ საქმიანობასაც შეერთებია, თუმცა მთავარი, რაც ამ ყველაფერს მოჰყოლია შედეგად, არის ფუჭად გაწეული შრომა და სრული უპერსპექტივობის მაღალი გარანტიები.

პარტიულ პოლიტიკაში ახალგაზრდობის ჩართულობას უნდა მოჰყვებოდეს ბევრი საინფორმაციო შეხვედრა, პარტიულ შიდასამზარეულოში ჩახედვა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ,რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას, გამოცდილების დაგროვებასა და შემდგომში მათ საიმედო თაობად ქცევას. ასე არ ხდება საქართველოში, აქ პარტიები განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ინტერესდებიან ახალგაზრდებით, რამდენიმე თვით ადრე უკვე ამბობენ, რომ მათთვის ახალგაზრდობა უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გააკეთებენ მათი განვითარებისთვის,პროფესიულ წინსვლაში შეუწყობენ ხელს და ა.შ., თუმცა, პარტიულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ ახალგაზრდას ხვდება სრულიად სხვა სურათი, როგორც წესი , არაერთხელ უწევთ ერთი და იმავე ,თანაც ისეთი საქმის შესრულება ,რაც სრულიად უსარგებლოა მათთვის. საარჩევნო პერიოდი განსაკუთრებით აქტიურია ამ მხრივ,თუმცა წარმატების შემთხვევაშიც კი არ გვაქვს ტენდენცია, დააფასონ ახალგაზრდების უნარები და მონდომება.

მნიშვნელოვანია ისიც,რომ ქართულ პარტიებს არ გააჩნიათ დემოკრატიის ხარისხი, ამას გვიჩვენებს პარტიის ლიდერთა მუდმივობა და მათი დიდი გავლენა, მათ შორის, წევრთა დაწინაურებასთან დაკავშირებითაც. რომ არსებობდეს პარტიებში სპეციალური ინსტიტუციონალური ორგანო, ალბათ, მეტად დემოკრატიულ პარტიებს მივიღებდით.

ახალგაზრდების ნაკლებ დაინტერესებას პარტიულ პოლიტიკაში ჩართვისადმი , ბუნებრივია, არსებული ლოგიკური სკეპტიციზმიც იწვევს, არსებობს მოლოდინები,რომ მათ შრომას უბრალოდ გამოიყენებენ და შემდეგ ისევ სხვები დაიკავებენ ადგილებს საჯარო სამსახურში, ასეთი ახალგაზრდები არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზეც ხშირად უარს აცხადებენ . ბევრს პირადი გამოცდილებიდან გეცოდინებათ, რომ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდები, რომლებიც თუნდაც უკვე ჩაერთვნენ სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში, ერთი და იმავე ადგილის ტკეპნის პროცესში არიან, აქვთ მოლოდინები და იმედები უფრო მაღალ საფეხურზე ასვლისა, თუმცა, უშედეგოდ. აი, ეს არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა ახალგაზრდებთან მიმართებით,რომელსაც ზემოთ ნახსენები უცვლელი და გავლენიანი „ლიდერის“ არსებობაც განაპირობებს.

უამრავი კვლევა ტარდება ახალგაზრდების დამოკიდებულებების შესაფასებლად, ჩანს , რომ ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი ნაკლებად პოპულარული საშუალება პოლიტიკურ პარტიაში აქტიურობაა, რასაც ზემოთ მოყვანილი ყველა სიტუაცია მოწმობს.

საინტერესოა, ამ პირობებში როგორ გადავუსხათ სისხლი ქართულ პარტიებს? როგორ გავაჯანსაღოთ ქართული პოლიტიკური სივრცე? - მჯერა, რომ ამისი რეცეპტი მკვეთრად პერსონიფიცირებულ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არსებობს, თუმცა გამოსავალი მაინც ახალი თაობების აქტიურობაში უნდა ვეძიოთ,რამდენადაც, ახალგაზრდობა ყოველთვის იყო და იქნება ანგარიშგასაწევი ძალა დემოკრატიისკენ მიმავალ ქვეყნებში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG