Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადავყაროთ ნაგავი?


1. ეკოლოგია

აგერ უკვე თვეზე მეტია ლამისაა ერაზმუს როტერდამელივით შვეიცარიულ ბაზელში ვარ დაყუდებული და როგორც საქართველოს მოქალაქეს, უკვე მეორედ გამიჩნდა გეოპოლიტიკური, უფრო სწორად, გეოკულტურული უპირატესობის განცდა, რაც გეოპოლიტიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

არა შვეიცარიელებზე უპირატესობის (ამ მხრივ ჯერ კიდევ შორს ვართ, თუმცა ის კი მესმოდა მთელი ბავშვობა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველო "კავკასიის შვეიცარია" უნდა გამხდარიყო), არამედ ჩვენსავით პრობლემურ (ოღონდ სხვადასხვა მიზეზით პრობლემურ) მეზობლებთან შედარებით.

მაგრამ ვიდრე გეოკულტურული უპირატესობის განცდაზე მოგახსენებდეთ, მანამდე ყოფით-კულტურულ დისტანციაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

რაც ჩამოვედი, ფაქტობრივად, იმ დღიდან ვიაზრებ და ჯერაც ბოლომდე ვერ გამიაზრებია ნაგვის გადაყრის ურთულესი, მაგრამ უაღრესად საკრალიზებული შვეიცარიული სქემა. აქ ნაგვის სწორად გადაყრის კულტია. ადამიანს ჯერ ნაგავი არ დაუგროვებია და უკვე მის სუფთად და ღირსეულად გადაყრაზეა ორიენტირებული. სრული ერთი კვირა მოვანდომე იმაზე ფიქრს, რომ ჩემი და აქაურების ღირსების შესაბამისად გადამეყარა ჯერ არდაგროვებული ნაგავი, რადგან თუკი არასწორად გადავყრიდი, აუცილებლად უკან მომიბრუნებდნენ. ნაგვის მართებულად და ყველა წესის დაცვით დახარისხება-მოშორება აქ ნაციონალური ჩვევაა, რადგან ამ ხალხმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ნაგავს თავისი ნაგვობა დაეძლია და ისე გადაყრილიყო, როგორც არა ნაგავი, არამედ რაღაც იმგვარი სუბსტანცია, საიდანაც ახლებური, არანაგვური სიცოცხლის დაბადებაა შესაძლებელი. ნაგავი აქ განვლილი ეტაპია და, პრინციპში, უკვე არაპოლიტკორექტულ სიტყვად ითვლება. შვეიცარიელი ეჭვით გეკითხება: "დილა მშვიდობისა, რას ყრით?" - და თუკი დაუფიქრებლად მიუგებ - "ნაგავს, გეთაყვა", შესაძლოა ეწყინოს კიდეც, რადგან ნაგავი აღარ არსებობს შვეიცარიაში, არსებობს მხოლოდ სოციალურად უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელიც არაფრად აგდებს, ინფანტილურად ან აგრესიულად ეკიდება ეკოლოგიურ წესრიგს, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მართალია, ერთკვირიანი განსჯა-დაფიქრების შემდეგ, როგორც იქნა, სიღრმისეულად ამოვხსენი ნაგვის (ბოდიში, "დაძლეული სუბსტანციის") გადაყრის ენიგმატური სქემა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით (ვინ იცის, იქნებ მაინც გამპარვოდა შეცდომა) ისეთი არაფერი მომიშორებია, სადაც შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩემი იდენტიფიკაცია იქნებოდა შესაძლებელი. მაშასადამე, შევეცადე, ჩემს კუთვნილ "დაძლეულ სუბსტანციას" (ნაგავს ანუ) ინტერნაციონალური შეფერილობა ჰქონოდა და არავითარ შემთხვევაში - ქართული.

ქართველი არ უნდა ეცნოთ ამ ნაგვით, მორჩა და გათავდა!

არანაირი საქართველოდან შემორჩენილი (და კაცმა არ იცის, საიდან ჩარჩნილი ჩანთაში) ზღარბი-ბარათები თუ რაღაც ამის მსგავსნი და არც, ვთქვათ, აუზზე შესვლის წინ, ფეხის თითების შეთვალიერების შედეგად გაცემული ქართული ცნობა, რომ წყალთან მივიშვები (რა ვიცი, მაინც წამოვიღე, რაკი ვიცოდი, რომ შვეიცარიაში - ჩვენგან განსხვავებით, მართლაც მარსზე რომ უფრო მალე იპოვიან წყალს, ვიდრე ექსლაგუნა-ვერეზე - ღია, საზოგადოებრივი აუზებია, სადაც ან ძალიან დაბალ ფასად ან საერთოდ უფასოდ შედიხარ).

ეკოლოგია აქ რელიგიაა. ლიტერატურულ საღამოზე, სადაც, წესით, ლიტერატურაზე და პოლიტიკაზე უნდა მესაუბრა, ერთმა ხანდაზმულმა შვეიცარიელმა ქალბატონმა მანამდე არ მოისვენა, სანამ ვრცლად არ გაგვაცნო თავისი შთაბეჭდილებები საქართველოს ეკოლოგიური რეალობის შესახებ. ასე მითხრა, საქართველოზე ფილმი ვნახე და შესაძლოა არასწორად აღვიქვი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ზღვაზე ხე მიცურავდაო. ჰოდა, რატომ გაქვთ ასეთი უცნაური და არაადამიანური (სწორედ ეს სიტყვა თქვა) დამოკიდებულება ბუნების მიმართო?!

რა მეთქვა!

ვაგლახ, ვაჟა-ფშაველას ქვეყნიდან ჩამოსულს ნარიყალას თავზე გოლფის მოედნების გამშენებელზე მომიწია ვიშვიში...

2. გეოკულტურული უპირატესობის განცდა

მაგრამ, ცხადია, მთლად ასე პესიმისტურადაც არ არის საქმე და არც საქართველო არ არის ასე შორს ევროპისაგან, ამ ჭეშმარიტებაში კი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვრწმუნდები, როცა აქაურ წიგნის მაღაზიებში შევდივარ, რადგან მაღაზიას ვერ ნახავთ ბაზელში, სადაც გერმანულად თარგმნილი ქართული წიგნები არ იყოს თაროებზე გამოდებული.

მაგრამ უშუალოდ გეოპოლიტიკურ-სამოქალაქო დაწინაურებულობის შეგრძნება მაშინღა დამეუფლა, როცა ახალგაზრდა რუსი ხელოვანის რეაქციის მოწმე შევიქენი ერთი, ჩვენთვის თითქოსდა უკვე გაბუნებრივებული მახასიათებლის მიმართ.

მოგეხსენებათ, რუს ადამიანს ყველგან შეხვდები (არა მხოლოდ თბილისის საეჭვო მედიაფორუმზე), მათ შორის, აქაც, ბაზელში, რაც არც ბაზელისთვის არის უცხო და არც რუსული კულტურისთვის, რადგან სხვა თუ არაფერი, სწორედ აქ, შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მუზეუმში უყურებდა თავადი მიშკინი ჰოლბაინის ფუნჯით შექმნილ პირქუშ ტილოს ("მკვდარი ქრისტე საფლავში"), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტილოს არა უშუალოდ მიშკინი - რადგან ის ლიტერატურული პერსონაჟია, ცნობილი "იდიოტი", - არამედ მისი შემქმნელი, ფიოდორ დოსტოევსკი უცქერდა. როგორც ჩანს, სწორედ დოსტოევსკის გაუჩნდა ის მისტიკური შიში, რაც შემდეგ მის იდიოტს აღმოხდა: ეს ისეთი ნახატი ყოფილა, რომ შესაძლოა რწმენაც კი დაკარგვოდა მავანს. თუმცა ამ რომანში რუსები მხოლოდ ჰოლბაინზე არ საუბრობენ, უკვე დასაწყისშივე, იდიოტი იმის გარკვევას ცდილობს, რამდენად შორს არის რუსეთი ევროპისგან... ცხადია, მენტალურად.

რომანში მიშკინს იდიოტად თვლიან თუნდაც ამ შეკითხვის გამო, მაგრამ შეკითხვა რომ სულაც არ არის იდიოტური და დღემდე არ კარგავს დრამატულ აქტუალობას, ეს უდაოა.

რუსი ხელოვანი, რომელიც აქ გავიცანი, სწორედ იმით იყო დაღონებული, რაც იდიოტს აწუხებდა დოსტოევსკის რომანში - რომ რუსეთი ვერა და ვერ იქცა ევროპად, და რაკი ეს ახალგაზრდა - ისევე, როგორც არცთუ ცოტა რუსი რუსეთში (ცოტა პუტინის რეჟიმისთვის, თორემ ბევრნი რიცხობრივად - მათი გამოთვლით, თურმე, თოთხმეტი მილიონი ყოფილან, ვინც უპუტინო, რუსულ დემოკრატიაზე ოცნებობს) უახლოეს ხანში შეუძლებლად მიიჩნევდა რუსეთის პოზიტიურ ტრანსფორმაციას, ის მხოლოდ იმაზეღა ფიქრობდა, თუ როგორ მოეხერხებინა ევროპაში დარჩენა.

ჰოდა, სწორედ ამ შესაძლებლობაზე წუწუნებდა, როცა სევდიანადვე დასცდა, რომ ხანგრძლივ ვიზას, სავარაუდოდ, ვერ მოიპოვებდა და, ამ მხრივ, თურმე ერთი ბედი გვქონია რუსებს და ქართველებს...

მეთქი, რას ნიშნავს, ერთი ბედი გვქონია?! ბოდიში, არანაირად არ გვქონია, მით უმეტეს - სავიზო კუთხით, საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა აქვს, ევროპამ საქართველოს კარი გაუხსნა-მეთქი!

ვთქვი ეს და მაშინვე გავაცნობიერე ჩვენი გეოპოლიტიკური უპირატესობა, რადგან ამ კარგი, გულჩათხრობილი და კულტურული რუსი ადამიანის სრულიად არაკულტურული ფეთის მოწმე გავხდი...

- ას ორმოცდახუთმილიონიანი ქვეყანა რა ტრაკში ვართ და თქვენ კი რა ახლოს ყოფილხართ ევროპასთან, - წარმოთქვა თითქმის ლიტერატურული, ყოველ შემთხვევაში, ისტორიული ფრაზა უდავოდ და ბაზელური პერიოდის დოსტოევსკისეულ ჭმუნვებში ჩაიძირა.

გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ამბავი ყოველგვარი პოსტკოლონიური კოპლექსებისგან დაცლილმა ვამცნე, ნიშნისმოგების გარეშე, როგორც ფაქტი და სხვა არაფერი, მაგრამ მისი რეაქციიდან გამომდინარე, თითოს მე თვითონ გავიცნობიერე, მართლაც რამხელა ნაბიჯი და შესაძლებლობაა ეს ჩემი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, ვინ როგორ იყენებს ამ შესაძლებლობას.

საქართველო საუკუნეები ელოდა საზღვრის განლევას ევროპასთან და რამდენიც არ უნდა ვიშვიროთ თითი სხვებისკენ, ამ გამკრთალებული საზღვრის წაშლა, საბოლოოდ, მაინც ჩვენს სინდისზე და პასუხისმგებლობაზეა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნაგვის დიფერენცირება და მისი სუფთა სუბსტანციად გარდაქმნა. ნაგვის სწორად გადაყრა უნდა ვისწავლოთ.

როგორ გადავყაროთ ნაგავი?
please wait

No media source currently available

0:00 0:08:06 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG