Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამოასვენეს სტალინი მავზოლეუმიდან


რიგი მავზოლეუმში შესასვლელად, 1965 წელი
რიგი მავზოლეუმში შესასვლელად, 1965 წელი

60 წლის წინ, 1961 წლის 31 ოქტომბერს სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან გამოიტანეს და კრემლის კედელთან დამარხეს.

იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. ლენინი ამ დროს უკვე 30 წლის მკვდარი იყო და მოსკოვში, მავზოლეუმში ესვენა. სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს ახალგარდაცვლილი ხელმძღვანელიც იქვე დაასვენეს, თუმცა დიდი ხნით არა. რვა წლის შემდეგ, როცა საბჭოთა მმართველი ელიტისთვის იოსებ ჯუღაშვილი დიდი ბელადიდან დიდ ავანტიურისტად იქცა, ხრუშჩოვმა სტალინის მავზოლეუმში ყოფნა-არყოფნის საკითხსაც გადახედა.

ეს ამბავი კომუნისტური პარტიის 22-ე ყრილობაზე გადაწყდა. დღის წესრიგში სულ სხვა თემები იყო, მაგრამ სტალინის მემკვიდრის ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ითხოვა ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ პეტერბურგის) საოლქო კომიტეტის მდივანმა ივან სპირიდონოვმა. მან თქვა პირველმა, სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოვიტანოთო.

ნიკიტა ხრუშჩოვი, 1956 წელი
ნიკიტა ხრუშჩოვი, 1956 წელი

ამ ყრილობას კურიოზული ამბავიც ახსოვს. მხცოვანი დელეგატი, ძველი ბოლშევიკი დორა ლაზურკინა ტრიბუნასთან მივიდა და განაცხადა, გუშინ ხილვა მქონდა, ლენინმა მითხრა, სტალინის გვერდით თავს ცუდად ვგრძნობ და მავზოლეუმიდან გაიტანეთო.

ხრუშჩოვმა „მოულოდნელად“ წამოჭრილი საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და ყრილობამაც ერთსულოვნად გადაწყვიტა სტალინი მავზოლეუმიდან გამოეტანათ. თუმცა, ეს ერთსულოვნება მოჩვენებითი იყო, ზოგი დელეგატი გულის სიღრმეში გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, მათ შორის საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე, რომელიც სტალინის ხელმეორე დასაფლავებას არც დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ დამკრძალავი კომისიის წევრი იყო.

ყრილობა 30 სექტემბერს გაიმართა. მეორე დღეს სტალინის ცხედარი მავზოლეუმში უკვე აღარ ესვენა.

„სტალინის კულტის დაგმობის შემდეგ, ის საჯარო სივრციდანაც გააქრეს. მავზოლეუმიდან მისი უხმაუროდ გამოტანაც იმიტომ გადაწყვიტეს, რომ დამატებით ამაზე ყურადღება არ გაემახვილებინათ. ეს ტიპური საბჭოთა მიდგომა იყო“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი,ექსპერტი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიდან.

სპილენძის ღილები ოქროს სანაცვლოდ

სტალინის გადასვენებაზე მეთვალყურეობა უშიშროების გენერალს ნიკიტა ზახაროვს დაევალა. მან თითქმის ას წლამდე იცოცხლა და საბჭოთა კავშირის რღვევას შეესწრო. 2000 წელს გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის ჰყვება, რომ წინასწარ იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ყრილობა, რადგან ამის შესახებ თავად ხრუშჩოვმა უთხრა.

„დაგვიბარა ხრუშჩოვმა და გვითხრა: „გთხოვთ, მხედველობაში იქონიოთ, რომ დღეს სავარაუდოდ სტალინის გამოსვენების საკითხი გადაწყდება. მავზოლეუმის მეთაურმა იცის, საფლავი სად უნდა გაითხაროს“.

ცეკას პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეიქმნა ხუთკაციანი კომისია, რომელშიც ორი ქართველი შედიოდა: ვასილ მჟავანაძე და საქართველოს მინისტრთა საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელი გივი ჯავახიშვილი. სტალინი ჩუმად უნდა გამოესვენებინათ, ამიტომ მოედანი შემოღობეს, ვითომ 7 ნოემბრის აღლუმისთვის ამზადებდნენ, ექვსმა ჯარისკაცმა კი საფლავის თხრა დაიწყო.

ნიკიტა ზახაროვი იხსენებს, რომ თავდაპირველად სტალინის ნეშტი მავზოლეუმის ლაბორატორიაში გადაიტანეს.

„სარკოფაგს მინა მოხსნეს და ოფიცრებმა ფრთხილად, სათუთადაც კი გადაასვენეს სტალინი კუბოში. მიუხედავად ბალზამისა სახეზე მაინც ეტყობოდა ყვავილის კვალი. შემდეგ მოსკოვში ხმები დადიოდა, სტალინს ლამის მუნდირი შემოახიესო. ასე არ იყო. სტალინი არავის გაუხდია, ერთადერთი ნიკოლაი შვერნიკმა [კომისიის ხელმძღვანელი] ბრძანა, რომ მუნდირიდან სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი მოეხსნათ. მეორე ჯილდოს - საბჭოთა კავშირის გმირი - სტალინი არასდროს ატარებდა და ამიტომ არც სარკოფაგში არ იყო. ამის შემდეგ კომისიის ხელმძღვანელმა იზრუნა, რომ მუნდირის ოქროს ღილები სპილენძის ღილებით შეეცვალათ“.

ზახაროვი ასევე იხსენებს, რომ როდესაც სტალინის კუბოს თავი დაახურეს შვერნიკსა და ჯავახიშვილს ქვითინი აუვარდათ, თან ისე, რომ შვერნიკი ფეხზე ვეღარ იდგა და ხელის შეშველება დასჭირდა. „ამ ორის გარდა არავინ ტიროდა“, - ჰყვება ნიკიტა ზახაროვი.

სტალინის უცნაური იდეა

მავზოლეუმის აგების იდეა 1924 წელს, ლენინის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა, უფრო სწორად მას მარე, რაც ლამის მთელ მოსახლეობას გარდაცვლილ ბელადთან გამომშვიდობება მოუნდა. სტალინის იდეა იყო, რომ ლენინის ნეშტი უხრწნელად შეენახათ. ამ წინადადებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მათ შორის ტროცკი და ლენინის მეუღლე ნადეჟდა კრუპსკაიაც. ისინი ფიქრობდნენ, რომ სოციალიზმის ბელადის საფლავი უბრალო და მოკრძალებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, საბოლოოდ ლენინი მაინც არ დაკრძალეს. მარმარილოს მავზოლეუმი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი თავიდანვე ასეთი არ ყოფილა. პირველი სახელდახელო შენობა ხისგან ააგეს. ხისგან იყო გაკეთებული მავზოლეუმის მეორე ვარიანტიც.

ლენინი და სტალინი, 1922 წელი
ლენინი და სტალინი, 1922 წელი

უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში რამდენჯერმე წამოიჭრა საკითხი ლენინი მიწისთვის მიებარებინათ, მავზოლეუმისთვის კი რამე ახალი დანიშნულება გამოენახათ. 2020 წელს რუსეთის არქიტექტორთა კავშირმა კონკურსიც კი გამოაცხადა მავზოლეუმისთვის სხვა ფუნქციის მოსაძებნად. თუმცა, კონკურსი ორიოდე კვირაში უსევ გააუქმეს. რუსეთი ამ იდეის მისაღებად მზად არ აღმოჩნდა.

„რუსეთს რომ გათვითცნობიერებული და შეფასებული ჰქონდეს საბჭოთა ტოტალიტარიზმი, მის არქიტექტორებსა და სიმბოლოებს ასეთი პატივით არ შეინარჩუნებდა, მაგრამ ვხედავთ, რომ პირიქით დღეს რუსეთში საბჭოთა სიმბოლოების ლეგიტიმაცია ხდება“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლენინის გამოსვენება დღემდე ვერ ხერხდება ის არის, რომ 1985 წლამდე კრემლის კედელთან უამრავი ადამიანი დაკრძალეს. თუმცა სიტყვა დაკრძალეს აქ მთლად სწორი არ არის, რადგან მიწაში მხოლოდ 12 ადამიანია დამარხული, ძირითადად საბჭოთა რეჟიმის ლიდერები: იაკობ სვერდლოვი, მიხაილ ფრუნზე, ფელიქს დერჟინსკი, მიხაილ კალინინი, ანდრეი ჟდანოვი, კლიმენტ ვოროშილოვი, სემიონ ბუდიონი, მიხაილ სუსლოვი, ლეონიდ ბრეჟნევი, იური ანდროპოვი, კონსტანტინ ჩერნენკო და იოსებ სტალინი.

ამის გარდა120 ნეშტის ფერფლია მოთავსებული უშუალოდ კედელში, მათ შორის კოსმონავტ იური გაგარინის, ქართველი ბოლშევიკის სერგო ორჯონიკიძისა და ლენინის ცოლის ნადეჟდა კრუპსკაიასი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG