Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დავახრჩოთ დეზდემონა დისტანციის დაცვით - ახალი წესები თეატრებისთვის


სპექტაკლზე მისულებს, ბილეთების გარდა, სიცხესაც შეუმოწმებენ. თუმცა, სავარაუდოდ, ბილეთებსაც ყველა ვერ იშოვის, რადგან ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, მაყურებლები ერთმანეთისგან უსაფრთხო მანძილზე უნდა დასხდნენ, თანაც - ნიღბით. აკრძალულია ანტრაქტი და, ამასთან, ფურშეტიც.

კოტე მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი, ეკა მაზმიშვილი, ამბობს, რომ რეკომენდაციების ნაწილი მისაღებია, მაგრამ ზოგიერთი პუნქტის შესრულებას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ - მაგალითად, ვერ შეამცირებენ რეკვიზიტებს და არც სცენაზე დისტანციის დაცვა გამოუვათ.

ახალი წესების მიხედვით, თეატრში მსახიობებმა უნდა შეამცირონ რეპეტიციების დრო; ასევე, თუ რეპეტიციისას ათ კაცზე მეტმა მოიყარა თავი, ისინი ერთმანეთს 2 მეტრით უნდა დაშორდნენ. ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაშიც 2 მეტრის დისტანცია უნდა იყოს გათვალისწინებული...

რადგანაც ანტრაქტზე გასვლა არ შეიძლება, გამოდის, რომ თეატრები მიზანსცენის შეცვლას ვერ შეძლებენ და მხოლოდ ერთმოქმედებიანი სპექტაკლები უნდა წარმოადგინონ, ასეთი კი ბევრი არ არის.

„რეპერტუარის მხოლოდ მესამედი დარჩება. სკამებს შორის დისტანციის დაცვა (მინიმუმ ორი სკამის გამოტოვებით უნდა დავსხათ ხალხი), ნიშნავს, რომ მაყურებლის დარბაზი ერთ დიდ ორმოდ იქცევა“, - აცხადებს ეკა მაზმიშვილი.

სამეფო უბნის თეატრის დრამატურგი, დავით გაბუნია, ამბობს, რომ ახალი რეკომენდაციები პატარა თეატრებისთვის კიდევ უფრო საბედისწეროა, რადგან იქ დისტანციის დაცვა გაცილებით ჭირს.

„ყოველ 5კვ.მ-ზე მხოლოდ ერთი ვიზიტორის დაშვება თეატრს ეკონომიკურად ანადგურებს“, - ამბობს ის.

დავით გაბუნია განმარტავს, რომ პანდემიის გამო თეატრები, უკვე სამი თვეა, დახურულია, რის გამოც იქ დასაქმებულ ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ - ბევრი მსახიობი ჰონორარსა და ბონუსებზე არის დამოკიდებული.

„მაგრამ როცა ვინმე ხმას ამოიღებს, ეუბნებიან, მაშინ სხვა პროფესიის ადამიანებმა რა თქვანო, თითქოს თეატრი გართობაა“, - ამბობს დავით გაბუნია.

თეატრები ცდილობენ ახალ პირობებს შეძლებისდაგვარად მოერგონ. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც შემოდგომას იმართებოდა, უკვე დეკემბრისთვის გადაიტანეს. პასუხად კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საშემოდგომო თეატრალური სეზონი საერთოდ ჩავარდეს, ეკა მაზმიაშვილი ამბობს: „გამორიცხულია, ადამიანებს უნდათ მუშაობა!“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG