Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დათვლის აშშ-ის კონგრესი საარჩევნო კოლეგიის ხმებს


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი

აშშ-ის კონგრესის 6 იანვრის გაერთიანებულ სესიას, სადაც საარჩევნო კოლეგიის ხმებს დაითვლიან, წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებულმა რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან გააუქმონ დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვება.

რესპუბლიკელები - ათეულობით სენატორი და კონგრესმენი - მიზეზად ასახელებენ დონალდ ტრამპის მიერ არაერთხელ გაკეთებულ უსაფუძვლო განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ისინი აპირებენ შედეგების ოფიციალურად გაპროტესტებას, რასაც მოჰყვება კენჭისყრა სენატში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელია და კონგრესში, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ. კენჭისყრა, უდიდესი ალბათობით, ჩავარდება.

ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, დაადასტურა არაერთმა ოფიციალურმა პირმა და უილიამ ბარმა, გენერალურმა პროკურორმა, რომელიც გასულ თვეს გადადგა თანამდებობიდან. სანდო მტკიცებულება, რომელიც არჩევნების შედეგს ეჭვქვეშ დააყენებდა, არ წარუდგენია არც ტრამპს და არც რომელიმე კონგრესმენს.

სასამართლომ უარყო ტრამპისა და მისი მოკავშირეების თითქმის ყველა სარჩელი. უზენაესმა სასამართლომ, სადაც ტრამპის დანიშნული სამი მოსამართლეცაა, წარმოებაში არ მიიღო რამდენიმე საქმე, რომელიც ზოგიერთ შტატში არჩევნების შედეგების გაუქმებას ისახავდა მიზნად.

კონგრესის 6 იანვრის სესია საბოლოო ნაბიჯია ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დასამტკიცებლად. ამას წინ უძღოდა მისი პრეზიდენტად დამტკიცება საარჩევნო კოლეგიის მიერ დეკემბერში. კონგრესის სესია კონსტიტუციითაა განსაზღვრული და ის რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება.

რა მოხდება კონგრესის სესიაზე ოთხშაბათს

ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, კონგრესი უნდა შეიკრიბოს 6 იანვარს და გახსნას დალუქული სერტიფიკატები, სადაც დაფიქსირებულია საარჩევნო კოლეგიის ხმები. ბიულეტენები პალატაში მაჰაგონის საგანგებო ყუთებით შეაქვთ, რომლებიც მხოლოდ ამ ცერემონიისთვის გამოიყენება.

ორივე პალატის წარმომადგენლები შემდეგ ხმამაღლა წაიკითხავენ შედეგებს და მათ ოფიციალურად დათვლიან. სესიას უძღვება სენატის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც გამარჯვებულს ოფიციალურად დაასახელებს.

რას მოითხოვს კონსტიტუცია

კონსტიტუცია მოითხოვს, რომ კონგრესი შეიკრიბოს და საარჩევნო კოლეგიის ხმები დათვალოს. თუ ხმები თანაბარია, მაშინ კონგრესი გადაწყვეტს, ვინ გამოცხადდეს გამარჯვებულად. ასეთი რამ 1800-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. ბაიდენმა ტრამპზე დამაჯერებლად გაიმარჯვა - 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

როგორ მიმდინარეობს სესია

ორი პალატა შუადღისას შეიკრიბება ხმების დასათვლელად. თუ ვიცე-პრეზიდენტი სესიას ვერ ესწრება, პრეცედენტის მიხედვით, სხდომას წარუძღვება ყველაზე დიდი ხნის წინ არჩეული სენატორი უმრავლესობის პარტიიდან. ამჯერად ეს გახლავთ რესპუბლიკელი სენატორი აიოვის შტატიდან, ჩაკ გრასლი.

საარჩევნო კოლეგიის ხმები თითოეული შტატიდან ანბანის მიხედვით იხსნება. კონგრესისა და სენატის სპეციალური წარმომადგენლები, ორივე პარტიის წევრები, ხმამაღლა წაიკითხავენ თითოეულ ხმას, ჩაიწერენ და დააჯამებენ მათ, ბოლოს კი სხდომის თავმჯდომარე გამოაცხადებს, თუ ვინ მიიღო ხმების უმრავლესობა.

რა ხდება პროტესტის შემთხვევაში

ნებისმიერ წევრს შეუძლია წამოდგეს და, ნებისმიერი მიზეზით, პროტესტი გამოთქვას შტატის ხმებთან დაკავშირებით. თავმჯდომარე ამ პროტესტს არ გაითვალისწინებს, თუ ის წერილობით არ იქნება წარდგენილი და დამოწმებული კონგრესისა და სენატის წარმომადგენლის ხელმოწერით.

თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ გაერთიანებული სესია წყდება და სენატი და კონგრესი ცალკე სესიებს იწყებენ მის განსახილველად. პროტესტის მისაღებად მას ორივე პალატა უნდა დაეთანხმოს უბრალო უმრავლესობით. თუ ორივე არ დათანხმდა, მაშინ კოლეგიის ხმები ჩაითვლება ცვლილებების გარეშე.

ბოლოს მსგავსი პროტესტი 2005 წელს დაფიქსირდა. მაშინ დემოკრატმა კონგრესმენმა და სენატორმა გააპროტესტეს ოჰაიოს კოლეგიის ხმები და განაცხადეს, რომ იქ არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა. კონგრესმაც და სენატმაც ეს პროტესტი უარყო. ეს მსგავსი განხილვის სულ მეორე შემთხვევა იყო.

ვინ გამოთქვამს პროტესტს

ელიან, რომ ათეულობით კონგრესმენი და სენატორთა უფრო მცირე ჯგუფი გააპროტესტებს „მერყევი შტატების“ შედეგებს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აქ არჩევნები გაყალბდა, მიუხედავად იმისა, რომ არავის წარუდგენია სანდო მტკიცებულება აქ მომხდარი დარღვევების შესახებ. ასევე, არავინ აპროტესტებს იმ კონგრესმენების გამარჯვებას, რომელთა სახელები დატანილი იყო იმავე ბიულეტენზე, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს ირჩევდა.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

რესპუბლიკურ პარტიაში ამასთან დაკავშირებით აზრები გაიყო. რესპუბლიკელების ლიდერი სენატში, მიჩ მაკკონელი, კოლეგებს მოუწოდებდა პროტესტი არ გამოეთქვათ, რადგან შემდგომი კენჭისყრის შედეგები „საშინელი“ იქნებოდა, ნებრასკელი სენატორ ბენ სასის თქმით კი, ეს იქნებოდა „ცუდი ქვეყნისთვის და ცუდი პარტიისთვის“.

როგორია მაიკ პენსის როლი

ვიცე-პრეზიდენტის როლი ამ შემთხვევაში დიდწილად ცერემონიულია და მას შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მაიკ პენსს დაევალება ბაიდენის გამარჯვებისა და საკუთარი დამარცხების ოფიციალურად გამოცხადება.

ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი არ იქნება, ვინც ასეთ უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდა. 2001 წელს ალ გორს მოუხდა საკუთარი მეტოქის გამარჯვების გამოცხადება, 2017 წელს კი ტრამპის გაპრეზიდენტება ჯო ბაიდენმა გააფორმა.

რა ხდება ხმების დათვლის შემდეგ

გაერთიანებული სესია ბოლო შანსია შედეგების გასაპროტესტებლად. ამის შემდეგ ცვლილებების შეტანა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, რაც აქამდე ტრამპისა და მისი გუნდისთვის წარუმატებელი გზა აღმოჩნდა.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG