Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უი, ეს კაბინეტის გვერდით მიკიდიაო“ - როგორ დაიკარგა აფხაზეთში პიკასოსა და ლეჟეს ნამუშევრები


დიმიტრი გულიას სახელობის მუზეუმის თანამშრომლებმა წინა კვირას აღმოაჩინეს, რომ აფხაზეთის ეროვნული ბანკის საცავიდან ძვირადღირებული ექსპონატები დაიკარგა - პიკასოს თეფში და ფერნან ლეჟეს ორი ნამუშევარი. როგორ მოხვდნენ ისინი აფხაზეთში და შემდეგ რა ბედი ეწიათ, ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ზულია კოკოსკირი ესაუბრა.

- მოგვიყევით, როგორ მოხვდა დიმიტრი გულიას მუზეუმში პიკასოსა და ლეჟეს ნამუშევრები.

- 1982 წელს კონსტანტინე სიმონოვის (რუსი პროზაიკოსი და საზოგადო მოღვაწე) მეუღლემ მუზეუმს საჩუქრად გადასცა აგუძერაში მდებარე ოთახი, რომელშიც სიმონოვი ზაფხულში მუშაობდა ხოლმე. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ანდერძი დაწერა. 1946 წელს ის პირველად ჩამოვიდა აფხაზეთში და დიმიტრი გულიას ესტუმრა. მაშინ დამეგობრდნენ და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ამაზე სიმონოვის წერილებიც მიუთითებს, რომელშიც ის დიმიტრი გულიას მამას, მის მეუღლეს ელენას კი დედას უწოდებს.

- რა იყო ამ ოთახში? რა გადაეცა მუზეუმს?

- 1986 წელს ელენა თავის ქალიშვილთან ერთად მოვიდა ჩვენთან. უნდა წავსულიყავით და ყველაფერი აღგვეწერა. ეს ერთი სააგარაკე ოთახი იყო, რომელიც კოსტანტინე სიმონოვმა დეიდა კატიასგან იყიდა, მოხუცი ქალისგან, რომელსაც სახლი ეკუთვნოდა. ამ ოთახში ყველაფერი ზაფხულისთვის იყო. ზედ ზღურბლთან იდგა საკიდი, მასზე საბანაო ხალათი, ჩალის ქუდები, ჩანთები ეკიდა, ფეხსაცმელები ეწყო ქვიშაში სასიარულო, საბანაო. ოთახში მომცრო ხელნაკეთი კარადა იდგა, რომელშიც რამდენიმე თეფში, ჭიქა და ლარნაკი ეწყო. კიდევ უზარმაზარი საწოლი იდგა, ესეც ხელით დამზადებული, თლილი, მყარი; მუხის დიდი ხელნაკეთი მაგიდა. მაგიდაზე კოსტანტინე სიმონოვის ხელნაწერები ეწყო. ასევე აფხაზეთის მწერლებისა და პოეტების ხელნაწერებიც. ის ხომ ძალიან ბევრს ეხმარებოდა. ბევრი რუსულ პრესაში სწორედ კონსტანტინე სიმონოვის დახმარებით დაიბეჭდა.

აი, ამ ნივთიებში იყო დიდი დეკორატიული თეფშიც, შავი მინანქრით დაფარული. ამ შავ ფონზე თეთრი მინანქრით გოგონა იყო გამოსახული. აქ იყო ფერნან ლეჟეს ორი ნახატიც. 1986 წელს, როდესაც იქაურობა აღვწერეთ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ოთახში კონსტანტინე სიმონოვის მუზეუმი გაგვეკეთებინა. ცოტა გავარემონტეთ და გავხსენით.

ზულია კოკოსკირი
ზულია კოკოსკირი

- თუ გაარკვიეთ, ორიგინალი იყო თუ არა ეს ნამუშევრები?

- სიმართლე გითხრათ, არა. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ამდენი არ გვესმოდა. მათი ნამდვილობის და ღირებულების დასადგენად საჭიროა საგანგებოდ სადღაც წახვიდე, ექსპერტიზაზე წაიღო. მგონი ახლაც არ გვყავს ისეთი ხალხი, ვინც ამას დაადგენს. მოგვიწევს გავარკვიოთ, მართლაც ორიგინალები იყო თუ არა ეს ექსპონატები.

- სად ინახებოდა და როგორ აღმოაჩინეთ, რომ დაიკარგა?

- ომის შემდეგ მუზეუმი რამდენჯერმე გაიძარცვა. სასწაულია, რომ ფონდში ვერ შეაღწიეს. თან საქართველოდან კი არა, ჩვენები იპარავდნენ, მეზობლის ბიჭი... სათუთუნეების მთელი სერია დავკარგეთ და ვერცხლის პორტსიგარები.

- სად ინახებოდა თეფში და ლეჟეს ნახატები?

- გადავწყვიტეთ, ისინი ეროვნული ბანკისთვის ჩაგვებარებინა. მაშინ პირადი დაცვა არ გვყავდა. ერთხელ ერთი პატივსაცემი ადამიანი მოვიდა და ლეჟეს ნახატებზე, პიკასოს თეფშზე გვეკითხებოდა. შეგვეშინდა, გამოვიტანეთ ბანკიდან და ისევ აქ მოვიტანეთ. ეს იყო 2009 წელს. მთავრობა ხშირად იცვლებოდა, მინისტრები იცვლებოდნენ, ყველაფერი იცვლებოდა, გვეშინოდა, რამე არ დამართნოდა. ამიტომ გამოვიტანეთ და საიმედოდ დავმალეთ. ბოლო დრომდე ჩვენ გვქონდა. ყველაფერი კარგად იყო. მერე გადავწყვიტეთ, ისევ ბანკში შეგვენახა. და უკევ მეორედ დავმალეთ, 2018 წელს, მაშინ მინისტრი ელვირ არსალია იყო. ჩავდეთ საცავში, საბუთები შევადგინეთ. გამოვიდა, რომ კულტურის სამინისტრო მინისტრის წარმომადგენლობით აბარებს [ნივთებს]. ჩვენი მხრიდან საბუთებს სამმა კაცმა მოაწერა ხელი: დირექტორმა, მთავარმა მცველმა და უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა. ახლა ირკვევა, რომ მინისტრს სრული უფლება ჰქონდა, ისინი გამოეტანა. მე ვეთანხმები, რომ უკითხავად აღება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენთვის უნდა შეეტყობინებინათ.

წელზე მეტი არაფერი ვიცოდით. როდესაც ნივთები ჩავაბარეთ, მინისტრი არსანია იყო, როდესაც დაიკარგა - გუდისა აგრბა. რადგან მინისტრს შეუძლია საცავში შევიდეს და რაც უნდა, აიღოს, ასეც მოიქცა. პირველ მოადგილესთან დინარ სმირთან ერთად წავიდა. მუზეუმის დირექტორმა სვეტა კორსაიამ დაურეკა და საუბარში მან დაუდასტურა, რომ იყვნენ იქ მისულები. არ უარუყვია. მაგრამ წელი და სამი თვე გავიდა. ხომ შეიძლებოდა ჩვენთვის ეთქვათ, რომ აი, წავედით და ავიღეთ ეს ნივთები. ვითომ რესტავრაციისთვის ავიღეთო. რა რესტავრაციისთვის? სადაა ამ რესტავრაციის შედეგი? ან თავად ეს ნივთები სადაა? გაირკვა, რომ არავითარი რესტავრაცია არ ჩატარებულა. ნივთები ბანკის საცავიდან გამოიტანეს და მორჩა. ატყდა ამბავი. ჩვენ უბრალოდ შემთხვევით წავედით, გასარკვევად, რადგან ცოტა ხნის წინ ისევ დაიწყეს ამ ნივთებზე საუბარი. ვიფიქრეთ, რომ საჭირო იყო ბანკში მივსულიყავით და გაგვერკვია, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა. როცა მივედით, აღმოვაჩინეთ, რომ საცავი ცარიელია. ვკითხეთ, თუ რის საფუძველზე გასცეს. იქ მომუშავე გოგონებმა აგვიხსნეს, რომ მინისტრს უფლება აქვს, საცავიდან ნივთები გაიტანოს. გოგოებმა გაატანეს, რადგან ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ. იქ პიკასო და ლეჟეც რომ ყოფილიყო მითითებული, ამ გოგოებს შესაძლოა მაინც არ სცოდნოდათ, რამდენად ძვირფასია ეს ნივთები. არც უკითხავთ, ისე გაატანეს.

როცა აღმოვაჩინეთ, რომ აღარ არის ნივთები, 22 ნოემბერი იყო. იმავე დღეს მოვიწვიეთ ჟურნალიტები, პროკურატურა. ყველა სტრუქტურა შევკრიბეთ და ამის შესახებ განვაცხადეთ.

- ახლა იცით, ეს ექსპონატები სადაა?

- ახლანდელმა მინისტრმა დაურ კოვემ ამის შესახებ რომ შეიტყო, ჩვენთან მოვიდა და გვკითხა: რა მოხდა, რა დაგემართათო. ჩვენ ამ ნივთების ფოტოები გვაქვს. რომ ვაჩვენეთ, უი, ეს კაბინეტის გვერდითა ოთახში მიკიდიაო. ლეჟეს აბსტრაქცია ეკიდა. მეორე ნახატი კი, რომელზეც გოგონას თავია გამოსახული, დაგრაგნილი იდო ქაღალდებში. დეკორატიული თეფში ჯერ ვერ ვიპოვეთ. დაგვაიმედეს, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზეა, აუცილებლად მივაგნებთო. ჩვენ მათი გვჯერა, იმედი გვაქვს, რომ თეფში ჯერაც აფხაზეთშია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG