Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იყენებს რუსეთი ვიზებს, მიმოსვლას, ვაჭრობას ბერკეტად - ფაქტები საქართველოს ახლო წარსულიდან


პუტინის რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოს ბევრად ადრე დაუწესა, ვიდრე, 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე ორ „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ აღიარებდა.
პუტინის რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოს ბევრად ადრე დაუწესა, ვიდრე, 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე ორ „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ აღიარებდა.

2000 წელს, როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი დაუწესა, საქართველო ჯერ კიდევ დსთ-ის წევრი იყო. ოკუპანტი ქვეყანა მრავალი წელი „წკეპლითა და თაფლაკვერით“ ცდილობდა თბილისის მოთვინიერებას. პუტინის რუსეთი ზეწოლის მექანიზმად ასევე იყენებდა ავიამიმოსვლასაც - ხან დაუშვებდა და ხანაც ისევ აკრძალავდა.

ძირეული ცვლილება არც "ქართული ოცნების" "არგაღიზიანების პოლიტიკას" მოჰყვა - ბოლოს ფრენა სწორედ "ოცნების" მმართველობის დროს, 2019 წელს შეწყდა. ახლა კრემლი თბილისს ისევ "თაფლაკვერს" სთავაზობს.

2023 წლის 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

პუტინის რუსეთმა სავიზო რეჟიმის საქართველოს ბევრად ადრე დაუწესა, ვიდრე, 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე ორ „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ აღიარებდა.

რადიო თავისუფლებამ ახლო წარსულის მნიშვნელოვან ფაქტებსა და განცხადებებს მოუყარა თავი.

2000 წელი - რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აწესებს

გადაწყვეტილება მოსკოვმა მაშინ პანკისის ხეობაში არსებული "ტერორისტული საფრთხეებით" ახსნა. ჩეჩნეთის მეორე სისხლისმღვრელი ომის ფონზე (1999-2000) კრემლი აცხადებდა, რომ "ჩეჩენი ტერორისტები" თავს საქართველოს აფარებდნენ.

მოსკოვი თბილისს წლების განმავლობაში სთხოვდა ჩეჩენი საველე მეთაურის - რუსლან გელაევის გადაცემას. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ აღიარა, რომ ჩეჩენი მებრძოლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც იყვნენ გადმოსული პანკისის ხეობაში, მაგრამ შევარდნაძე ვარაუდობდა, რომ „გელაევი რუსეთისთვის მისაღები პიროვნება” იყო. გელაევი 2004 წელს დაღესტანში მოკლეს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი არ გავრცელდებულა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება რუსეთს არც მას შემდეგ შეუცვლია, რაც თბილისმა, 2003 წლამდე, განამტკიცა კონტროლი პანკისის ხეობაში.

ჩეჩენი მებრძოლების საბაბად გამოყენება თავიდანვე არადამაჯერებლად ეჩვენებოდათ ექსპერტებს. ამბობდნენ, რომ ნამდვილი მიზეზი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის პროექტსა და საქართველოს დასავლური ორიენტაციის ხორცშესხმის რეალურ პერსპექტივებს უკავშირდებოდა.

2000 წლის 5 დეკემბერს, საპასუხოდ, რუსეთს სავიზო რეჟიმი საქართველომაც დაუწესა და შესაბამის 518-ე ბრძანებულებას ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი.

2004 წლის ივლისიდან, საქართველოს უკვე ახალმა ხელისუფლებამ, რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაამარტივა, მაგრამ რუსეთისგან ამას საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია.

2003 წელი - რუსეთი, თბილისთან შეუთანხმებლად, ამარტივებს სავიზო რეჟიმს აჭარისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთათვის, რუსეთმა გამარტივებული სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვში ჩავიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის "პატარა დიქტატორი", თბილისის მიმართ დაუმორჩილებლობით გამორჩეული ასლან აბაშიძე.

2003 წლის 8 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება თბილისთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე გაახმაურა.

„ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად არის მიღებული და საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა“, - აცხადებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2004 წლის 6 მაისს, „აჭარის რევოლუციად“ წოდებული მოვლენების შემდეგ, ასლან აბაშიძემ რუსეთს შეაფარა თავი.

2004 წელი - რუსეთი კეტავს ლარსის გზას, მოსკოვში თვითმფრინავით ჩასულ ქართველებს უკან აბრუნებენ

2004 წლის სექტემბერში, როდესაც ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზა გადაკეტა, რუსეთმა მიზეზად ბესლანის სკოლაში მომხდარი სისხლიანი მოვლენები დაასახელა. ამავე პერიოდში, საქართველოში მასობრივად უკან აბრუნებდა მოსკოვში თვითმფრინავით ჩასულ ქართველებს, თითქოსდა, სავიზო დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო.

სექტემბერში, რუსეთის საელჩომ საქართველოს პარლამენტს გაუგზავნა ბევრისთვის გაუგებარი ახსნა-განმარტების ტექსტი, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრის გადაკვეთის წესები არ არის სათანადოდ დარეგულირებული და სწორედ ამ მიზეზით შეფერხდნენ საქართველოს მოქალაქეები. ექსპერტები მაშინ განმარტავდნენ, რომ ეს სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზი იყო.

2006 წელი - რუსეთი აღარ გასცემს ვიზებს, აჩერებს მიმოსვლას, აძევებს ქართველებს, აწესებს ეკონომიკურ ემბარგოს

მიზეზად მაშინ ე.წ. ჯაშუშების სკანდალი - ГРУ-ს ოთხი ოფიცრისა და მათი ქართველი თანამზრახველების დაკავება - დასახელდა. რუსეთის საელჩოში შეწყდა სამოგზაურო ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოსკოვმა თბილისიდან ელჩი გაიწვია.

თბილისმა დაკავებული რუსი ოფიცრები ეუთოს მისიას გადასცა.

2006 წლის ოქტომბერში რუსეთმა შეაჩერა როგორც საავიაციო, ასევე საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსთან.

ფრენები, 2008 წელს, რამდენიმე თვით აღდგა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ მალევე კვლავ შეწყდა.

2006 წელს რუსეთიდან ეთნიკური ნიშნით სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევეს ათასობით ქართველი. ამ პროცესში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დეპორტაციასთან დაკავშირებული საქმე საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო.

2006 წელს რუსეთმა ასევე დააწესა ემბარგო ქართული პროდუქციის იმპორტზე.

2008 წელი - მოჩვენებითი დათბობა, ომი, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა

აგვისტოს ომამდე, აპრილში, პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, რომ მოემზადებინა ნიადაგი საქართველოსთან სავიზო შეზღუდვების გაუქმებისა და ქართული საქონლის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად. მაგრამ იმავე თვეში - მთავრობას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარება დაევალა.

რუსეთს წლების წინ ჰქონდა დაწყებული რუსული პასპორტების გაცემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შეწყდა ავიამიმოსვლა; რუსეთმა სავიზო მიმოსვლის პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა.

ავიამიმოსვლა, თავდაპირველად ჩარტერული რეისებით, 2010 წლიდან აღდგა.

საქართველომ რუსეთს სავიზო რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაუწესა და 2012 წელს თავადვე გააუქმა, რასაც რუსეთის საპასუხო ნაბიჯი არ მოჰყოლია.

მანამდე, 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, საქართველოში შემოსასვლელად ვიზები გაუქმდა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში შემავალი შვიდი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის მკვიდრთათვის. ესენია: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღეა.
მათ საქართველოში 90 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება მიეცათ. ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა რუსეთი.

2013 წელი - ვიზების გაუქმების დაპირებები

პრეზიდენტი და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ხშირად მიანიშნებდნენ, რომ არსებობდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმების პერსპექტივები. ამ დროს საქართველოს ხელისუფლებაში უკვე იყო „ქართული ოცნება“ - რუსეთთან დათბობისა და არგაღიზიანების პოლიტიკით.

თუმცა რუსეთის მიერ დემონსტრირებულად შერბილებული პოლიტიკა ბევრმა ანალიტიკოსმა მაშინ კვლავ საქართველოს ევროპული პერსპექტივის ხელის შეშლის სურვილს დაუკავშირა. კერძოდ - ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებასა და პროცესების დაჩქარებას ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის.

2014-2015 წელი - ვიზების მიღების გამარტივება

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების მიზნით“ - ასე ახსნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.

გადაწყდა, რომ 2015 წლის მიწურულს უკვე გაფორმდებოდა „საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები ნებისმიერი ოდენობით, ასევე კერძო ვიზები, ნათესაური კავშირის მიუხედავად მომწვევსა და მიწვეულს შორის“.

2015 წელს, სერგეი ლავროვმა გაიმეორა, რომ საქართველოს თავს აფარებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები, „რათა ივარჯიშონ, დაისვენონ და შეივსონ მარაგები“; მაგრამ ამ შეფასებას, 2000 წლისგან განსხვავებით, სავიზო რეჟიმის არა გამკაცრება, არამედ გამარტივება მოჰყვა.

მანამდე, 2014 წლიდან, რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ სავიზო რეჟიმს ჯერ მხოლოდ გადამზიდავებს გაუმარტივებდა.

2019 წელი - ფრენები ისევ აიკრძალა

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ აკრძალა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს მოხდა ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტური დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხილვით აღელვებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა. სერგეი გავრილოვი 20 ივნისს თბილისიდან გააძევეს.

მას შემდეგ, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა „რუსოფობებისა და რადიკალების“ ქმედებების სათანადოდ აღკვეთის შემთხვევაში აღდგებოდა.

რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტ პუტინის 10 მაისის, საქართველოსთვის ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი რეისების დაშვების ორი განკარგულების გამოცემამდე, მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლების საჯარო ქება დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „ქართული ოცნების“ მხრიდან დასავლეთთან „ვაჟკაცურ“ წინააღმდეგობაზე ამახვილებდა ყურადღებას.

„ქართული ოცნება“ პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმება.

რუსეთის ამ ნაბიჯს „პროვოკაციული“, და „საქართველოს ევროპული პერსპექტივის დამაზიანებელი“ უწოდეს როგორც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა და სამოქალაქო საზოგადოებამ.

წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დამთმობი, მოჩვენებითი ნაბიჯებით, მოსკოვი ცდილობს გაზარდოს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე, რასაც შემდეგ, ნებისმიერ დროს, სადამსჯელო ბერკეტად გამოიყენებს და მით უფრო მაშინ - თუკი საქართველო აქტიურად გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ.

საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებენ საქართველოს, რომ არ დაჰყვეს რუსეთის პროვოკაციას და არ გადადგას თავისივე მომავლისთვის სახიფათო ნაბიჯები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG