მონაცემების უმეტესობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშიდანაა დამუშავებული. ბავშვებში სიღარიბის შესახებ მონაცემები კი ეყრდნობა სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.
„წამალი ბავშვებს“
პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, რომელიც ბავშვების უფლებების, კეთილდღეობისა და ღირსეული მომავლის იდეას ეძღვნება, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები კვლავ განაგრძობენ მათი შვილების სიცოცხლისათვის აუცილებელი წამლის მოთხოვნას.
ისინი 40 დღეზე მეტია მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ ღამეებს.
ბავშვებისათვის წამლის ჩამოტანის მოთხოვნით, ყოველ კვირას, აქცია-მსვლელობები იმართება თბილისის მთავარ გამზირზე. მშობლების ბრძოლა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს კაბინეტებში დაიწყო და საერთო ანგარიშით, უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება, ჯერჯერობით უშედეგოა მთავარი მიზნის მიღწევაში.
ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ აშშ-სა და ევროპის წამლის მარეგულირებელი სააგენტოების - FDA-ისა და EMA-ს მიერ ავტორიზებული მედიკამენტები, საფრთხეების შემცველია და ამ ეტაპზე, არ აპირებს მათ შემოტანაზე მუშაობის დაწყებას.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი არგუმენტად იშველიებს მის მოსაზრებას, რომ იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ შექმნილ ძვირადღირებულ მედიკამენტებს „ფარმაკოლოგიური მაფია“ მფარველობს და "ხალხის ფული" ამაში არ უნდა დაიხარჯოს.
დღეს საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე სულ 100-მდე პაციენტი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ბავშვები არიან.
სუიციდი - „კატასტროფული სიგნალი“
ბოლო ორ წელში სამჯერაა გაზრდილი არასრულწლოვანთა სუიციდის შემთხვევები. გაზრდილია სუიციდის მცდელობის ფაქტებიც. თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023, არასრულწლოვანთა სუიციდის მცდელობის 27 ფაქტი აღირიცხა, 2025 წელს ეს მონაცემი 58-მდეა გაზრდილი.
„საგანგაშოს“, - უწოდებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სუიციდისა და სუიციდის მცდელობების ფაქტების სტატისტიკას მაია ცირამუა, ფსიქოლოგი, რომელსაც არასრულწლოვნებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იმ ბავშვებთანაც, რომლებსაც მსგავსი ტიპის პრობლემა ჰქონდათ.
"სამჯერადი მატება სუიციდის შემთხვევების, ეს არის საგანგაშო სიგნალი, აუცილებლად საყურადღებო და ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ვხედავ პროფესიული თემის შეკრებას ამ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საგანმანათლებლო სისტემაში, სოციალური ზრუნვის სისტემაში თუ ა.შ. როდესაც სისტემაში არის კრიზისი, პირველი სიმპტომი ჩნდება სწორედ ბავშვის სახით. ბავშვი ხდება სიგნალი, რომ სისტემაში კრიზისია. სამჯერ მატება სუიციდის შემთხვევების, ეს არის კატასტროფული სიგნალი" - ამბობს ცირამუა.
ის მიზეზების კვლევის აუცილებლობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ეს ზრდა, შეიძლება დაკავშირებული იყოს არაერთ ფაქტორთან, მათ შორის, ქვეყანაში, რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონთან, მშობლების იძულებით მიგრაციასთან, სისტემურ კრიზისთან:
„ძალიან ხშირად გვეუბნებიან ოპონენტები, რომ ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყნებშიც ხშირია სუიციდის შემთხვევები. კი ბატონო, კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდთა სუიციდი უკიდურესი მარტოობის, გარიყულობის, უსუსურობის განცდასთანაა დაკავშირებული, მაგრამ როდესაც ამას ემატება მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ამ საკითხს ვერ გავმიჯნავთ პოლიტიკისგან, სოციალური პრობლემები, უამრავი ღარიბი ბავშვი, უამრავი მშობელი ემიგრაციაში წასული და ამ ფაქტორს არავინ აქცევს ყურადღებას არადა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიღებთ ამ შედეგსაც“.
მაია ცირამუას თქმით, სავარაუდოდ, ამ მხრივ, სუსტ რგოლს წარმოადგენს განათლებისა და ზრუნვის სისტემაც:
„მათ, სავარაუდოდ, არ აქვთ დაყენებული არანაირი რადარი, რომელიც დაეხმარებათ ისეთი ბავშვების აღმოჩენაში, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ეს მიუთითებს იმას, რომ ეს სისტემები არის კოლაფსურ მდგომარეობაში, რასაც ემატება ძალიან რთული გარემო“.
10-11 წლის ასაკში სუიციდის მცდელობისა თუ სუიციდის ფაქტების ზრდა სახელმწიფოსთვის ყველაზე ძლიერი განგაშის სიგნალი უნდა იყოს, ამბობს ფსიქოლოგი:
„11 წლის ბავშვი სკოლაში ხომ დადის. ის აუცილებლად იძლევა ნიშნებს. ეს ასაკი არის ძალიან დაბალი. ჩვენ წლების განმავლობაში ერთეული შემთხვევები გვქონდა და მე ვიცი ამ შემთხვევების შესახებ, მაგრამ ამ სტატისტიკაში დაბალი ასაკის შემოჭრა, ძალიან დასაფიქრებელია.
ჩვენ არ გვაქვს ერთიანი გამართული სისტემა, რომელიც ქვეყანაში სუიციდის პრევენციას მოახდენს“.
2019 წელს საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობდა, რომ ქვეყანაში უნდა შექმნილიყო სუიციდის პრევენციის პროგრამა. ეს პროგრამა გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში უნდა შემუშავებულიყო.
სუიციდის პრევენციის პროგრამა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით 2013 წლიდან ამოქმედდა სასჯელაღსრულების სისტემაში. სუიციდის პრევენციის პროგრამის შესახებ საგანგებოდ დამუშავებული კურიკულუმითა და მეთოდოლოგიით გადამზადდა 900-მდე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი, ციხის დირექტორები, დირექტორების მოადგილეები და მთავარი ექიმები.
სუიციდის პრევენციის გადამზადების კურსები მაშინ გაიარეს სოცმუშაკებმაც, თუმცა დღემდე საქართველოში არ არსებობს ერთიანი, სუიციდის პრევენციის სტრატეგია, რომელიც, როგორც წესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.
სტრატეგია უნდა აერთიანებდეს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა პრობლემის მუდმივი ანალიზი, თვითმკვლელობის ქცევის რისკისა და დამცავი ფაქტორების გამოვლენა, სუიციდისადმი მიდრეკილი ჯგუფების იდენტიფიცირება, უწყებებს შორის ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის სისტემის შექმნა. უწყვეტი კვლევები.
„სტატისტიკა მიახლოებითაც კი ვერ ასახავს რეალურ მაჩვენებელს“ - სქესობრივი დანაშაულები
გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია სქესობრივ დანაშაულში არასრულწლოვან დაზარალებულთა რაოდენობა.
ბოლო 11 თვეში, 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით, პროკურატურამ სქესობრივ დანაშაულში დაზარალებულად ცნო 200-ზე მეტი ბავშვი.
„ეს სტატისტიკა მიახლოებითაც კი ვერ ასახავს რეალურ მაჩვენებელს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საფარის“ იურისტი, მარი ვარამაშვილი. ის სწორედ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ქალების უფლებებს იცავს.
მას ნამუშევარი აქვს არაერთ ისეთ საქმეზე, როდესაც ბავშვობაში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებმა მხოლოდ წლების შემდეგ, ზრდასრულ ასაკში შეძლეს ხმის ამოღება და საქმის სასამართლომდე მიტანა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ ქალებმა წლების შემდეგ მოახერხეს დანაშაულის დამტკიცება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა.
„მათ ბავშვობაში ვერ შეძლეს ხმის ამოღება, რადგან გარშემო არ ეგულებოდათ სანდო არავინ, მათ შორის, არც ოჯახში და გაჩუმდნენ - ზოგს 8 წელი დასჭირდა ხმის ამოსაღებად, ზოგს 14. დღესდღეობით ვმუშაობთ პედოფილიის საქმეზე, რომელიც 26 წლის წინ მოხდა.
დარწმუნებული ვარ, ახლაც ძალიან ბევრი ბავშვია გაჩუმებული, რომელთა ნაწილს ეშინია ხმის ამოღება, მეორე ნაწილი კი ვერ ახერხებს დააიდენტიფიცირონ, რა ხდება მათ თავს“.
მარი ვარამაშვილი ამბობს, რომ ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების სტატისტიკის ზრდაზე მეტყველებს ყოველდღიური კონსულტაციების მატების მაჩვენებელიც.
იურისტს მიაჩნია, რომ ამ ტიპის დანაშაულისა და გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლებას გასატარებელი აქვს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები, რაც მოზარდთა და მშობელთა სქესობრივ განათლებასაც უნდა მოიცავდეს:
„სასამართლო სხდომებზე ხშირად მოისმენთ ოჯახის წევრების რეპლიკებს - რომ ბავშვი ჩაიკეტა, იყო გაჩუმებული, არ გვეკონტაქტებოდა, მახსოვს ასეთი ფრაზა - „დაჯდებოდა და შეჰყურებდა კედელს“. თითქოს ამჩნევდნენ, რომ რაღაც კარგად არ იყო, მაგრამ რას ნიშნავდა ეს ნიშნები, ამაზე აღარ ფიქრობდნენ. მათთვის ეს იყო ბავშვის აკვიატება ან მისი „ცუდი ხასიათი“.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინონ ოჯახის წევრებმა, რომ ყველა ნიშანს სიფრთხილით მოეკიდონ და ჰქონდეთ ადეკვატური რეაქცია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარი ვარამაშვილი.
რა აკლია ბავშვებს?
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, 2025 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 7.1%-მდე დაეცა და 2020 წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა.
მაისის ბოლოს, მაშინ, როცა „საქსტატმა“ ქვეყანაში სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე "90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია".
ამასთან, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია.
განსხვავებულ რეალობას აჩვენებს მონაცემები, რომლებიც სახალხო დამცველმა გამოითხოვა ბავშვებთან დაკავშირებით და რომლის თანახმადაც, 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322, პირველად დარეგისტრირდა.
2024 წლის მონაცემებით, ამავე ბაზაში დარეგისტრირებული იყო თითქმის 7%-ით ნაკლები ბავშვი.
ბავშვთა უფლებების, განათლების, მიგრაციის, გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული განვითარების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ პრეზიდენტი მაია ნასრაშვილი, წლებია აკვირდება ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს, ქვეყანას, ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით საერთო ინდიკატორი არ აქვს და ამიტომ ბავშვთა სიღარიბის განსაზღვრა და მასზე მსჯელობა რამდენიმე მიმართულებით იშლება. მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა:
„სწორედ ამ რაოდენობას იშველიებდა სახალხო დამცველიც თავის ბოლო ანგარიშში, სადაც ბოლო ხუთი წლის მონაცემები იყო წარმოდგენილი და რეალურად, საუბარია 102%-იან ზრდაზე 2020 წელთან შედარებით“.
მეორე მიმართულება, რომელზეც მაია ნასრაშვილი გვესაუბრება, ეს არის იუნისეფის ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა, რომელსაც ორგანიზაცია ორ წელში ერთხელ ატარებს და სიღარიბის განსაზღვრისთვის მიჰყვება მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდიკატორს.
ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა, თუ სხვა). 16 საჭიროებიდან სულ მცირე სამის დანაკლისის მქონე ბავშვების წილი განსაზღვრავს მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსს.
იუნისეფის ამ კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 37.8% პროცენტისთვის ოჯახები ვერ უზრუნველყოფენ სამ ან მეტ საჭიროებას, შესაბამისად, ეს ბავშვები მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონედ შეიძლება ჩაითვალონ:
„მკითხველისთვისაც გასაგები რომ იყოს რაზეა საუბარი, გეტყვით რა დანაკლისებზეა ლაპარაკი, მაგალითად, ნედლი ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად; 2 წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც ბავშვს კარგად ერგება; ხორცი, ქათამი, თევზი ან ამ ტიპის დაბალანსებული კვება, ახალი ტანსაცმელი. ამ 16 ინდიკატორში მათ შორის შედის, არა მხოლოდ კვებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ, იგივე ბავშვის სოციალიზაციის საკითხები - რამდენად შეუძლია მეგობარი დაპატიჟოს სახლში. რამდენად შეუძლია, რომ აღნიშნოს დაბადების დღე. მათ შორის, თბილი სახლი, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხი. მატერიალური და სოციალური დანაკლისი საქართველოში გვაქვს ბავშვების 38-მდე პროცენტში - ესაა საქართველოში მცხოვრები ლამის ყოველი მესამე ბავშვი“, - გვეუბნება მაია ნასრაშვილი.
მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებს დანაკლისის არმქონე ბავშვებთან შედარებით უფრო იშვიათად იკვებებიან სკოლის საათებში, მათი ნახევარი კი არასდროს არ ჭამს სკოლის საათებში.
ავარიები - სამჯერ გაზრდილი სიკვდილიანობა ბავშვებში
ბოლო ორ წელში სამჯერაა გაზრდილი ავტოავარიებში დაღუპული არასრულწლოვნების რიცხვი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ავტოავარიებს 9 ბავშვი ემსხვერპლა. 2025 წელს - 27.
2026 წლის პირველ სამ თვეში ავტოავარიებში დაიღუპა 4 მოზარდი.
2026 წლის სტატისტიკაში ჯერჯერობით არ არის ასახული აპრილსა და მაისში მომხდარი გახმაურებული ავტოავარიების შემთხვევები, რომლებსაც რამდენიმე არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
მათ შორის, 28 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტომობილი დაეჯახა 11 წლის ბიჭს. ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მაისში, გარდაბანში, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
2025 წლის ივნისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით, პროკურატურის სისხლის სამართლის დანაშაულის ერთიანი ანგარიშის თანახმად, სატრანსპორტო დანაშაულში, ანუ ავტოავარიებში, დაზარალებულად იქნა ცნობილი 186 მოზარდი.
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, მთავარი ღონისძიება კი დედაენის ბაღში იმართება.
ამ ღონისძიების პარალელურად, დაახლოებით 1.5 კილომეტრში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, უკვე ტრადიციად ქცეულ ორშაბათის აქციაზე, ისევ შეიკრიბებიან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები, მშობლები, მათი მხარდამჭერები და ხელისუფლებას სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი მედიკამენტების შემოტანას სთხოვენ.
ფორუმი