„ეს ამბავი ერთ, დიდ უსიერთ ტყეში მოხდა“, - ასე იწყება ზღაპარი და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვა „მოხდა“ თავის ადგილას ზის. მაგრამ ბოლო წლებში „მოხდა“ „ტყიდან გამოვიდა“ და სადაც საჭირო არ იყო ყველგან „ჩაეკვეტა“: „მოხდა სუფრის გაშლა“, „მოხდა პაციენტის გადარჩენა“. „მოხდა გასროლა, რის შემდეგაც მოხდა გარდაცვალება“... აი, ასე ლაპარაკობს დღეს ბევრი, როდესაც ქართული, გემრიელი ზმნის გამოისობით, შეიძლება ყველაფერი გაცილებით მარტივად თქვა: „სუფრა გაიშალა“, „პაციენტი გადარჩა“, „გარდაიცვალა“.
ქართული ზმა - ეს არის ფენომენი, რომელსაც ფილოლოგები ქართულ ენაში ყველაზე მეტად აფასებენ და ამაყობენ. სხვა ინდოევროპული ენებისგან განსხვავებით, ქართულში ზმნა მრავალპირიანია. საშუალებას გვაძლევს ერთი სიტყვით ვთქვათ ის, რასაც სხვა ენებში მინიმუმ სამი დასჭირდებოდა, დაწყებული სიტყვებით: „წვიმს“, „თოვს“, „მიყვარხარ“, დამთავრებული ოთხპირიანი „გიგანტით“ – „მიჭმიე“ ანუ მაგალითად, ჩემს შვილს ჩემს მაგივრად შენ აჭამე საჭმელი.
როდის ამბობ რთულად იმას, რაც ადვილად ითქმის? ფილოლოგები მიიჩნევენ, რომ ასე ხდება ფორმალურ, ოფიციალურ გარემოში, როდესაც უნდათ გამოჩნდნენ სოლიდურები, განათლებულები...
„როდესაც უნდათ, ნათქვამს მნიშვნელობა მიანიჭონ. ადამიანი თუ ამბობს „გარდაცვლილი ძაღლი“ ან „ძაღლმა სული განუტევა“ ესე იგი მან ენა არ იცის“, - ამბობს რამაზ ქურდაძე, თსუ-ის პროფესორი და ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
ბოლო წლებში ამ „სოლიდურობის“ გადამკიდე, ბევრი საკუთარ თავზე ხმარობს სიტყვებს, რომლებიც ქართულში ყოველთვის სხვასთან მიმართებებით იხმარებოდა, მაგალითად: დავბრძანდი, ვმოღვაწეობდი, მივირთვი...
„მიირთვით“ - კი ბატონო, მაგრამ „მე მივირთვი“ - არა. ყველაფერზე რომ „მირთმევას“ ამბობენ, ეს სტილისტური დარღვევაა. რატომღაც ჰქონიათ, რომ სიტყვა „ჭამა“ აღარ არის მისაღები. ძალიან ხშირია „განხორციელებულ იქნა“ და საერთოდ „იქნა“. შეიძლება თავისუფლად ჩანაცვლდეს სიტყვით „განხორციელდა“, - ამბობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან ზექალაშვილი, - "თუ ოფიციალური გარემოა, ფიქრობენ, აკადემიური სტილით უნდა ილაპარაკონ, აკადემიური სტილი კი ჰგონიათ კალკირებული, უცხო სიტყვები. თორემ გამყიდველი, იმედია, არ იტყვის „ლოკაციას“ ან „პოზიციონირებას“.
რუსულიდან შემოსულ ბარბარიზმებს, ინგლისურიდან შემოსული ბარბარიზმებიც ემატება. ინგლისურის გავლენას დღეს მსოფლიოში ისეთი ენებიც კი განიცდიან, რომლებზეც ათობით მილიონი ადამიანი ლაპარაკობს, მაგალითად, ჩინური ან ესპანური. მით უფრო უჭირთ პატარა ქვეყნებს.
ინგლისური ენის ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი თინათინ მარგალიტაძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი „ტიკ-ტოკერია“. ის ვიდეოებში ხსნის რამდენად აბსურდულია ინგლისური სიტყვების ქართულში პირდაპირ გადმოტანა, მაგალითად, ფრაზა „მათ შორის იყო ქიმია“. ამით ვიღაცას უნდა თქვას, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს იზიდავდა. ინგლისურად ეს ფრაზა სწორია, ქართულად კი აბსურდი გამოდის.
ინგლისურის გავლენის კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს რამაზ ქურდაძეს:
„ისტორიულად ცნობილია, რომ ქართული ჟარგონი რუსული ჟარგონის გავლენას განიცდიდა, რადგან ორასწლიანი ოკუპაციის პირობებში ციხე და ჯარი საერთო იყო. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში რუსულმა ჟარგონმაც განიცადა ინგლისურის გავლენა. ძალიან გავრცელდა ინგლისური „er“ სუფიქსი. მაგალითად, არის რუსული სიტყვა „კოიეკაკ“, რაც ნიშნავს „როგორღაც“. ამას დაემატა სუფიქსი „er“ და გაჩნდა სიტყვა „კოეკაკერი“ - ადამიანი, ვინც საქმეს სანახევროდ აკეთებს, "მიაშაბათებს". ასეთი „er“ სუფიქსიანი სიტყვები რუსულში ბევრია და ქართულშიც შემოვიდა. მაგალითად, ქართულ ჟარგონში იყო სიტყვა „ბიძა“ - მაფიის მფარველი. ახლა გაჩნდა „ბიძერი“, - ამბობს რამაზ ქურდაძე.
ბოლო წლებში ენას ცვლის ციფრული სამყაროც, მაგალითად, ნაუცბადევი, გუგლით თარგმნილი ტექსტები და სოციალური ქსელი.
„ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით ქართულს ვერაფერს უხერხებს, განსაკუთრებით მოთხრობითი ბრუნვა არ გამოსდის“, - ამბობს რუსუდან ზექალაშვილი.
ფილოლოგები ამბობენ, რომ რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო კარგი ქართულით ლაპარაკობს, განათლებაში პროფესიის ცოდნის გარდა იგულისხმება ნაკითხობაც.
„მიხეილ ჯავახიშვილი თამარაშენში წავიდა და იქ ქართლურ დიალექტს უსმენდა, რომ თვითონაც კარგი ქართულით დაეწერა. ჩვენ თუ არ გვექნება ძლიერი, ღონიერი ქართული სოფელი, ენა მოგვიკვდება, რადგან ვაკეში და საბურთალოზე გამართული ქართულის ენობრივი ნორმები არ იქმნება. ეს სოფლიდან მოდის. ქართული ენა ეფუძნება ქართლურ და კახურ დიალექტებს და ნაწილობრივ იმერულს. ოკუპაციის შედეგად დაიცალა ძველი ქართული სოფლები: ქურთა, თამარაშენი, კეხვი... ქსნის და ლიახვის ხეობები. კი შეასახლეს ეს ხალხი კოტეჯებში, მაგრამ იმ კოტეჯებში ისინი იმ ენას აღარ იყენებენ, რასაც ქურთაში და კეხვში. ჩვენი ენის წყარო ასეთი სოფლებია, თუ არა და გვექნება ხელოვნური ენა: „მოხდა მანქანის შეყენება“, „მოხდა გასროლა“...“ - ამბობს რამაზ ქურდაძე.
მიგრაცია არა მხოლოდ სოფლიდან, არამედ ქვეყნიდანაც განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ენაზე, ის იცვლება და იკარგება.
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, რომელიც 1950 წელს გამოიცა 113 ათასზე მეტი სიტყვა შედის. გაცილებით მეტი სიტყვაა გამოცემაში, რომელიც ამჯერად გამოდის, თუმცა იქ ყველა სიტყვა ქართული არაა, არის ნასესხები სიტყვებიც.
ქართული ენა ლექსიკის თვალსაზრისით, მდიდარია, თუმცა ფილოლოგები ამბობენ, რომ ლექსიკა თავისთავად ვერაფერს გახდება იმ ხალხის გარეშე, ვინც მას სრულფასოვნად არ გამოიყენებს.
ფორუმი