Accessibility links

როგორ ფასდება წინასაარჩევნო გარემო ISFED-ის შუალედურ ანგარიშში


ლაგოდეხი, 2020 წელი

პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა, ამავე ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის მიერ, საარჩევნო მასალის დაზიანება, ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად პროექტების ინიცირება, მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა - ეს ნაწილია იმ ქმედებებისა, რომლებიც არჩევნებზე მეთვალყურე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ ფასდება, როგორც საარჩევნო გარემოს მთავარი გამოწვევები.

ორგანიზაციამ 8 სექტემბერს წინასაარჩევნო მონიტორინგის რიგით მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

რადიო თავისუფლებას „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე ეუბნება, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეინიშნება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩართულობაში, რაც, ფაქტობრივად, შლის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.

ელენე ნიჟარაძე
ელენე ნიჟარაძე

„ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერი და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ამავე ღონისძიებებზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები. ასე მოხდა, საგარეჯოში, გურჯაანსა და ლაგოდეხშიც. ასეთ დროს არათანაბარ პირობებში არიან ოპოზიციისა და მმართველი პარტიის კანდიდატები“.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასშტაბურ სახეს იძენს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტის ინიცირება, რომლებიც კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად და რომელთა შესახებ არჩევნებამდე ორი თვით ადრე არ იყო ცნობილი. ორგანიზაციის წარმომადგენლებს უჩნდებათ განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს საარჩევნო მიზნით გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება. ამავე ანგარიშში მედიაზე ზეწოლის შესახებ არის ლაპარაკი. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია პანკისის სათემო რადიოსა და მისი ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის, წინააღმდეგ გამართული აქციები, რომელიც ფასდება როგორც მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა:

„აქციის მონაწილეები იმუქრებოდნენ სტუდიის დარბევით და მოითხოვდნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისგან, რომ მუშაობა შეეწყვიტა და ხეობა დაეტოვებინა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლების და პოლიტიკური პარტების წარმომადგენლებს, ასევე სხვა პირებს, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელებისგან თავი შეიკაონ და არ დაუშვან მუქარის შემცველი მესიჯების გახმოვანება“.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო მონიტორინგის რიგით მესამე შუალედურ ანგარიშს არ იცნობენ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის საარჩევნო შტაბში. შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეც არის და ახლა შვებულებაშია, ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არანაირ დაღვევებს ადგილი არ ქონია“. პლატონ კალმახელიძეს ვკითხეთ პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ გამართულ აქციებზეც და მასში ხელისუფლების წარმომადგნლების მონაწილეობაზე, თუმცა მან განაცხადა, რომ ახლა მუშაობს თელავის მე-17 ოლქის საზღვრებში და იმაზე, თუ რა ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში, ვერ ილაპარაკებს, რადგან მიმდინარე მოვლენებს ვერ ადევნებს თვალყურს.

წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. „ევროპულ საქართველოში“ ოპოზიციის მხარდამჭერების დასჯაზე ლაპარაკობენ. პარტიის ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლაგოდეხში მმართველი პარტიის მხარდამჭერ ეკომიგრანტებს წინასაარჩევნოდ სახლები საკუთრებაში დაურეგისტრირეს, თუმცა იგივე არ გააკეთეს ოპოზიციის მხარდამჭერ ოჯახებზე“.

ანგარიშში ლაპარაკია იმის შესახებაც, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ერევიან მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო პირები.

მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩევლის დაშინებაზე ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის შტაბში. პარტიის წევრ თემურ ბუწაშვილის ინფორმაციით, „გურჯაანში საჯარო მოხლეებს დაემუქრნენ, რომ, თუ მმართელი გუნდის კანდიდატს ხმას არ მიცემენ, ისინი სამსახურს დაკარგავენ“.

აღსანიშნავია, რომ ISFED-ის წინასაარჩევნო მესამე შუალედური ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვა „პატრიოტთა ალიანსისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიერ. ასევე, ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ცდილობდნენ.

გარდა ამისა, ანგარიშში ლაპარაკია იმის შესახებაც, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ერევიან მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG