მაისში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე აშშ-ის არმიის მინისტრმა დენიელ დრისკოლმა „აბსოლუტურად წარმოუდგენელი“ უწოდა ციფრულ სისტემა „დელტას“, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში ტელეფონების მეშვეობით აკონტროლონ ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენები.
„ის ყველა დრონს, ყველა სენსორს, ყველა დამრტყმელ პლატფორმას სრულად აერთიანებს ერთიან ქსელში“, თქვა დრისკოლმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, დრისკოლის გამოსვლის ამ ფრაგმენტის რეპოსტი გააკეთა და აღნიშნა, რომ „დელტა“ არის „უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც თანამედროვე ომის შედეგად ჩამოყალიბდა“. „ეს არის სწორედ ის, რის გაფართოებაც შეუძლია უკრაინას თავის პარტნიორებთან ერთად - ააგოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ტექნოლოგიაზე, მონაცემებსა და რეალურ საბრძოლო გამოცდილებაზე დაყრდნობით“, აღნიშნა მან.
„დელტა“ სიმბოლურად გამოხატავს უკრაინის ასიმეტრიულ მიდგომას რუსული შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად და იმ პირობებში, როცა ის დრონებზეა დამოკიდებული, ვინაიდან ის რუსეთთან შედარებით ჯარისკაცების მეტ დეფიციტს განიცდის. ამ სტატიაში მოთხრობილია, როგორ ცვლის ციფრული ტექნოლოგიები ბრძოლის ველს უშუალოდ ახლა და როგორ მოექცნენ ფედოროვის მსგავსი ფიგურები ამ ცვლილებების ცენტრში.
რა არის „დელტა“?
„დელტა“ არის უკრაინული სისტემა ბრძოლის ველზე გადაწყვეტილებების საინფორმაციო მხარდაჭერისა და სიტუაციური ცნობიერების ამაღლებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მთელი ეკოსისტემა, რომლის მეშვეობითაც უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია მიიღოს ბრძოლის ველის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია. „დელტა“ მრავალი ელემენტისგან შედგება:
• ინტერაქტიული საბრძოლო რუკა Delta Monitor ასახავს უკრაინისა და რუსეთის პოზიციებს და მათ რეალურ დროში განაახლებს;
• დრონებით მოპოვებული ვიდეოების აგრეგატორი Vezha ასევე საშუალებას იძლევა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოხდეს უკრაინული დრონების შეტყობინებების რეალურ დროში შეგროვება და ანალიზი;
• მოდული Target Hub-ის მეშვეობით შესაძლებელია სამიზნეების გადანაწილება მეზობელ ქვედანაყოფებს შორის და ის შესაძლებელს ხდის ზედმეტი განმეორებითი დარტყმების თავიდან აცილებას;
• დრონების მართვის ერთიანი სისტემა Mission Control აერთიანებს უპილოტო ეკიპაჟების ოპერაციების შესახებ ყველა მონაცემს, მათ შორის ინფორმაციას გამოყენებული დრონის ტიპის, გაშვების წერტილის, მარშრუტისა და ამოცანების შესახებ.
„დელტას“ ეკოსისტემას აქვს საკუთარი მესინჯერი, ღრუბლოვანი საცავი და საკუთარი მაღაზიაც კი, სადაც ქვედანაყოფები ელექტრონულ ქულებს ცვლიან დრონებზე, ელექტრონული ომის სისტემებზე, მცირე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, საკომუნიკაციო აღჭურვილობასა და სხვა სასარგებლო ნივთებზე.
სისტემას რეგულარულად ცდიან ნატოს წვრთნების დროს, მან მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალი თანამდებობის პირებისგან, კერძოდ, ნატოს ტრანსფორმაციის უმაღლესი მთავარსარდლის, გენერალ ფილიპ ლავინისა და ნატოს შესაძლებლობების განვითარების შტაბის უფროსის მოადგილის, ვიცე-ადმირალ ჯეფრი ჰიუზისგან.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტი რობ ლი აღნიშნავს, რომ სისტემა „დელტა“ ჯარებს ბრძოლის ველზე მაღალი სიტუაციური გაცნობიერებულობით უზრუნველყოფს. ეს სისტემა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს უმცროსი მეთაურების მიერაც კი, რაც, ექსპერტის თქმით, რადიკალურად განსხვავდება აშშ-ის არმიაში არსებული მიდგომისგან, სადაც, გაჟონვის რისკის გამო, ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია უფრო ვიწრო ჯგუფისთვის.
ეს დეცენტრალიზებული მიდგომა უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, უფრო თავისუფლად დაგეგმოს ოპერაციები და უფრო სწრაფად შეაფასოს სიტუაცია.
„ეს სისტემა საშუალებას აძლევს ქვედანაყოფებს, უკეთ გაიგონ სიტუაცია მეზობელი ქვედანაყოფებისგან ინფორმაციის მუდმივი მოთხოვნის ან დრონის კადრების ცალ-ცალკე ყურების გარეშე. მომხმარებელი ხედავს სამიზნე მარკერებს, ობიექტების პოზიციას და ფრონტის ხაზზე ცვლილებებს. ეს არის კომპრომისი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და მართვის ეფექტიანობას შორის. უკრაინის პირობებში ასეთი სისტემა ეფექტიანი და სასარგებლო აღმოჩნდა“, მიიჩნევს ლი.
რობ ლი „დელტას“ უწოდებს უკრაინის საბრძოლო ტაქტიკის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს და მიიჩნევს, რომ ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს რუსეთის არმიასთან შედარებით. სწორედ სხვადასხვა ტექნოლოგიების კომბინაცია ხდის მას ასე ეფექტიანს, დასძენს ლი. „როდესაც ვლაპარაკობთ დრონებით ომზე, მნიშვნელოვანია გვესმოდეს: თავად დრონები არ არის მთავარი. მათგან მიღებული მონაცემები უნდა შეგროვდეს, დამუშავდეს და გადაიცეს: ამისთვის არსებობს ვიდეონაკადის აგრეგატორი Vezha და სისტემა „დელტა“, მაგრამ სწორედ სატელიტური საკომუნიკაციო სისტემა Starlink-ი იძლევა ამის სწრაფად გაკეთების საშუალებას. უკრაინას რომ არ ჰქონოდა ასეთი ვიდეონაკადების სწრაფად მიღებისა და გადაცემის შესაძლებლობა, სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესი იქნებოდა“, ამბობს ექსპერტი.
ინოვაციების ისტორია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში: ტექნოლოგია და ადამიანები
ორი ისტორია, ორგანიზაციისა და ადამიანის შესახებ, ნათელყოფს, თუ როგორ მივიდა უკრაინა, რომელიც რუსეთის უზარმაზარი სამხედრო ძალისგან თავდაცვის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა, ამჟამინდელ ასიმეტრიულ, ციფრულ მიდგომამდე.
„აეროროზვიდკა“. „დელტა“ დიდი ხანია არსებობს - მისი პროტოტიპი 2010-იან წლებში შეიქმნა „აეროროზვიდკას“, ლეგენდარული ჯგუფის მიერ, რომელმაც 2014 წელს დაიწყო ბრძოლა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში. დამფუძნებლებს, „ევრომაიდანის“ აქტივისტებს, შორის იყო საინვესტიციო ბანკირი ვოლოდიმირ კოჩეტკოვი, მეტსახელად „ჩუბაკა“, რომელიც იბრძოდა ბატალიონ „აზოვში“ და დაიჭრა; „ებრაული ასეულის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათან ხაზინი; და „აეროროზვიდკას“ ამჟამინდელი ხელმძღვანელი იაროსლავ ჰონჩარი, რომელმაც ერთხელ თქვა: „პატარა საბჭოთა არმიას არ შეუძლია დიდი საბჭოთა არმიის დამარცხება. ჩვენი გამარჯვების გასაღებია ქსელზე დაფუძნებული ომის პრინციპების დანერგვა“.
2014 წელს დამფუძნებლებს სურდათ კომერციული დრონების გამოყენება, რათა დახმარებოდნენ უკრაინის არმიას მტრის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიღებაში. ეს იყო ერთგვარი „ავტოფარეხის“ სამხედრო სტარტაპი. 2015 წელს, დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლის დროს, „აეროროზვიდკა“ დაეხმარა მის დამცავ უკრაინულ ქვედანაყოფებს და ყველა დრონი დაკარგა რუსეთის რადიოელექტრონულ ბრძოლასთან დაპირისპირებაში. „აეროროზვიდკას“ ნაწილი მოგვიანებით შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, სადაც მან განავითარა სხვადასხვა დრონი და პროგრამული უზრუნველყოფა, მათ შორის „დელტა“. 2020 წელს ქვედანაყოფი სკანდალის ფონზე დაიშალა. ასე გაჩნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აეროროზვიდკა“. 2023 წელს „დელტა“ ოფიციალურად მიიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში და დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ტექნოლოგიების ინოვაციებისა და განვითარების ცენტრი აგრძელებს მის განვითარებას. „აეროროზვიდკა“ აგრძელებს არმიის საჭიროებებისთვის ტექნოლოგიებისა და რობოტული სისტემების შემუშავებას.
მიხაილო ფედოროვი. უკრაინის ამჟამინდელი 35 წლის თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, ზაპოროჟიეს ოლქში დაიბადა. ბავშვობაში მას კომპიუტერული თამაშები უყვარდა, ხოლო როდესაც წამოიზარდა, IT ბიზნესში ჩაერთო. დაინტერესებული იყო პოლიტიკით და 2019 წელს მონაწილეობა მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკის საარჩევნო კამპანიაში, რომელშიც მისი ციფრული სტრატეგია დაგეგმა. მოგვიანებით იგი დაინიშნა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრად, რათა სახელმწიფოსთან მოქალაქეთა კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში გადაეყვანა.
რუსეთის შეჭრის შემდეგ ზოგადად მისი ყურადღების ცენტრში მოექცა დრონები და ციფრული ტექნოლოგიების სამხედრო გამოყენება. NYT-ის პროფილში მას უწოდებენ „უკრაინის მთავარ საკონტაქტო პირს სილიკონის ველში“. უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების მოსაზიდად ის ომს წარმოაჩენდა თავდაცვის პროექტების საცდელ პოლიგონად.
სრულმასშტაბიანი ომის საწყის ეტაპზევე ფედოროვმა ამერიკელ ბიზნესმენ ილონ მასკს მიმართა თხოვნით, უკრაინისთვის მიეწოდებინა Starlink-ის ტერმინალები, რომლებიც დღეს უკრაინის არმიას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ უზრუნველყოფს საიმედო კომუნიკაციებით.
მის სხვა კონტაქტებს შორისაა ალექს კარპი, თავდაცვის სექტორში მონაცემთა ანალიზით დაკავებული უდიდესი კომპანიის, Palantir-ის ხელმძღვანელი, და ერიკ შმიდტი, Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც დააარსა ვენჩურული ფონდი D3, რომელიც სპეციალიზებულია უკრაინისთვის იარაღის შექმნაზე.
შმიდტის კომპანიების ყველაზე ცნობილ პროექტებს შორისაა გადამჭერი დრონი Merops, რომელიც უკიდურესად ეფექტიანი აღმოჩნდა „შაჰედისა“ და „გერანის“ კამიკაძე დრონების წინააღმდეგ, და საშუალო რადიუსის უპილოტო საფრენი აპარატი Hornet. ის ფართოდ გახდა ცნობილი უკრაინის მრავალრიცხოვანი დარტყმების წყალობით დონის როსტოვიდან ანექსირებულ ყირიმში მიმავალ ტრასაზე. ორივე ეს განვითარება იყენებს ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს სამიზნეებზე შეტევებისთვის.
კომპანია Palantir-ი, თავის მხრივ, უკრაინის არმიას აწვდის ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მომუშავე ტექნოლოგიებს, რომლებიც აანალიზებს რუსეთის საჰაერო თავდასხმებს, ამუშავებენ მასიურ სადაზვერვო მონაცემებს და დახმარებას წევს რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმების დაგეგმვაში.
დასავლელი მოკავშირეებისთვის ფედოროვი ნათლად აყალიბებს „ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის“ არსს: დახმარების სანაცვლოდ, უკრაინა მათ სთავაზობს უკრაინული დრონების რეალური საბრძოლო გაფრენების კოლოსალურ მონაცემთა ბაზაზე წვდომას ნეირონული ქსელების გასაწვრთნელად.
„ჩვენთვის ეს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარების შემდგომი ნაბიჯია. პარტნიორები იღებენ შესაძლებლობას, თანამედროვე ომის რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადონ თავიანთი ხელოვნური ინტელექტის მოდელები. უკრაინა კი იღებს ფრონტისთვის ავტონომიური სისტემებისა და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების უფრო სწრაფ განვითარებას“, განმარტა მინისტრმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება.
მან ასევე განაცხადა, რომ თანამედროვე ომში უკრაინა „რუსეთს ყველა ტექნოლოგიურ ციკლში უნდა ამარცხებდეს და ხელოვნური ინტელექტი ამ კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი სფეროა“.
NYT მინისტრს უწოდებს „ტექნოლოგიების სფეროს მახარებელს“, რომელიც ახლა „ომის მომავალს წერს“.
„მსოფლიოს უსაფრთხოება სჭირდება და მხოლოდ ავტონომიურ იარაღს შეუძლია ამის უზრუნველყოფა... ეს არის ახალი ბირთვული იარაღი. ქვეყნები, რომლებიც მას ფლობენ, დაცულები იქნებიან“, დარწმუნებულია ის.
სტრატეგია „ჰაერი, ხმელეთი, ეკონომიკა“
რუსეთის შეჭრა ოთხ წელზე მეტია მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში მეომარი მხარეების მიდგომები არაერთხელ შეიცვალა - და უკრაინისთვის ციფრული ტექნოლოგიები თანდათანობით გახდა ძირითადი საშუალება. ეს აშკარაა როგორც „დელტას“ მასიურ გამოყენებაში ჯარების მართვის ყველა დონეზე და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დრონებში სულ უფრო ღრმა ინტეგრაციაში, ასევე ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაში, რომელსაც არასდროს უმსახურია ჯარში.
მიხაილო ფედოროვის სტრატეგიით - „ჰაერი, ხმელეთი, ეკონომიკა“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონები უნდა გამოიყენონ რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაცავად, რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმების განსახორციელებლად და, რაც მთავარია, „მტრის შესაჩერებლად ხმელეთზე, ზღვაზე და კიბერსივრცეში“.
„ფრონტი დგას უკრაინელი მეომრების უდავო გმირობის წყალობით. მტერი უკრაინის მიწის ყოველი კილომეტრისთვის იხდის საფასურს. დონეცკის ოლქში ეს კვადრატულ კილომეტრზე 156 ჯარისკაცია. ჩვენი საორიენტაციო მაჩვენებელი ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 200-ზე მეტი მოკლული ოკუპანტია. ეს არის დანაკარგების დონე, რომლის დროსაც წინსვლა შეუძლებელი ხდება. ჩვენი მიზანია მტრის შეჩერება ყველა სფეროში - ხმელეთზე, ზღვაზე და კიბერსივრცეში. ჩვენ ვიცით, როგორ მივაღწიოთ ამას. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილებებისა და პროექტების კონკრეტული სია: მონაცემებზე დაყრდნობით შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებიდან და კორპუსის რეფორმის დასრულებიდან წვრთნებისა და მართვის სისტემის ტრანსფორმაციამდე“, განმარტავს ის.
ფინური ანალიტიკური პროექტის, Black Bird Group-ის, წარმომადგენელი ემილ კასტეჰელმი აღნიშნავს, რომ უპილოტო სისტემებზე ფსონის დადება უკრაინას დაეხმარა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანად აწარმოოს გამოფიტვის ომი.
„უკრაინას არა აქვს იგივე სამობილიზაციო რესურსები ან ტრადიციული თავდაცვის მრეწველობა, როგორც რუსეთს, მაგრამ დრონების დახმარებით მან შეძლო მნიშვნელოვანი დანაკარგების მიყენება და რუსეთის წინსვლის მნიშვნელოვნად შენელება“, განმარტავს ის.
ამ ტაქტიკამ ნაყოფი გამოიღო გაზაფხულზე, როდესაც უკრაინამ, რომელიც რუსეთს ფიტავს ფრონტის ხაზზე, საბრძოლო მოქმედებები წარმატებით გადაიტანა ზურგში რუსეთის ლოგისტიკასა და სხვა მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმების წყალობით, მათ შორის რუსეთის სიღრმეში, ამბობს კასტეჰელმი.
ექსპერტის თქმით, უკრაინა დიდ ყურადღებას ანიჭებს უპილოტო სისტემებზე, ნაწილობრივ იმიტომ, რომ გაუმკლავდეს პირადი შემადგენლობის დეფიციტს და ბრძოლის დინამიკის ცვლილებას.
„არსებობს შედარებით მარტივი დავალებები, რომლებიც ახლა ძალიან საშიში გახდა ადამიანებისთვის“, აგრძელებს ექსპერტი, „მაგალითად, მძიმე ტვირთის ფრონტის ხაზზე მიწოდება ან დაჭრილების ევაკუაცია. აქ უპილოტო სისტემებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ: ისინი საშუალებას იძლევა, შესრულდეს ასეთი დავალებები და ამავე დროს შემცირდეს დანაკარგები. უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ჯარისკაცების სიცოცხლე, რადგან შემცვლელების პოვნა სულ უფრო და უფრო რთულდება“.
თუმცა, კასტეჰელმი მიიჩნევს, რომ უპილოტო და, განსაკუთრებით, ავტონომიური სისტემების პიკი ჯერ კიდევ წინ არის. მიუხედავად იმისა, რომ დრონებმა უკრაინაში უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მანევრული ომი, მექანიზებული გარღვევები და ტრადიციული ჯარების მომარაგება, ექსპერტის თქმით, ისინი შეიძლება კიდევ უფრო სასიკვდილო გახდეს.
ავტონომიური სისტემების განვითარებასთან ერთად, ასევე მუშავდება მათი კონტრზომები. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რომელი გადაწყვეტილებები აღმოჩნდება ნამდვილად ეფექტიანი და გამოყენებულ იქნება მომავალში, აღნიშნავს კასტეჰელმი.
უკრაინის არმიის პრობლემები
ბრძოლის ველის გაციფრულებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში აშკარა წარმატებების მიუხედავად, უკრაინა კვლავაც დგას სერიოზული სამხედრო-ტექნოლოგიური გამოწვევების წინაშე, რაც ცოტა ხნის წინ აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა და უპილოტო საჰაერო ტექნოლოგიების სპეციალისტმა სერჰი ბესკრესტნოვმა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც „ფლეში“.
ბესკრესტნოვის სიტყვებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ ეფექტიანი კონტრზომები მართვადი საჰაერო ბომბების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, რუსეთის ჯარები სულ უფრო ხშირად იყენებენ mesh-მოდემებს დრონებით დაზვერვისა და თავდასხმებისთვის, ხოლო უკრაინა, მისი აზრით, ძალიან ნელა მიიწევს წინ ამ ტექნოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად რადიოელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობების შემუშავებაში.
„ფლეშმა“ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ დრონების ვიდეოარხების წინააღმდეგ ფართო რადიოელექტრონული ომის შესაძლებლობები, რომელთა შემუშავებასა და გამოყენებაში, მისი შეფასებით, რუსეთი უკრაინას უსწრებს.
უკრაინის არმიას ასევე სჭირდება ტაქტიკური რადიოლოკაციის სადგურების რაოდენობის გაზრდა, რადგან, თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, უფრო მჭიდრო სარადარო ველის გარეშე დრონების ჩამჭრელები ვერ მოქმედებს ეფექტიანად.
გარდა ამისა, უკრაინის არმიას სჭირდება საკუთარი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც, ბესკრესტნოვის თქმით, შეძლებდა ომის მიმდინარეობის რადიკალურად შეცვლას.
როგორია რუსეთის პასუხი?
ომის მხარდამჭერი რუსი ბლოგერები აღიარებენ, რომ უკრაინამ წარმატებით „გააციფრულა“ ბრძოლის ველი და ისწავლა ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვა. ისინი ჩივიან, რომ მოუქნელი სამხედრო ბიუროკრატია ხელს უშლის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ შექმნან „დელტას“ საკუთარი ეკვივალენტი.
ყოფილი პროსამთავრობო პოლიტოლოგი ალექსეი ჩადაევი, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს დრონი „უშკუინიკის“ განვითარებითა და წარმოებით დაკავებულ კომპანიას, როცა ლაპარაკობს უკრაინის არმიის მიერ გამოყენებულ ყველაზე წარმატებულ სისტემებზე - „დელტაზე“, Merops-ისა და Hornet-ის დრონებზე, კომპანია Palantir-ის პროგრამულ უზრუნველყოფასა და Starlink-ის თანამგზავრულ კავშირზე - ასკვნის, რომ რუსეთთან ომში ჩაერთნენ „სილიკონის ველის წამყვანი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები“. თუმცა შემდეგ ის დასძენს, რომ ამ კომპანიებისთვის ეს სინამდვილეში ომი კი არ არის, არამედ „ნადირობაა, სადაც რუსეთი საკვებია“. „ისე, როგორც ნებისმიერ ნადირობაზე: ტახი დარბის, ღრუტუნებს და მუქარით იქნევს ეშვებს, მაგრამ მონადირეებისთვის ეს უბრალოდ შამფურზე წამოსაცმელი ხორცია“, განაგრძობს ჩადაევი.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „შამფურზე მოხვედრის თავიდან აცილების“ ერთადერთი საშუალებაა „ნამდვილად არაპროგნოზირებადი და საშიში გავხდეთ, პირველ რიგში, ამ საზოგადოებისთვის“, და დავიწყოთ „მონადირეზე ნადირობა“. თუმცა, როგორ გავაკეთოთ ეს, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, აღიარებს ის.
„უნდა ვიფიქროთ, დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა არც ისე ბევრი“, აჯამებს ჩადაევი.
ემილ კასტეჰელმი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის მსგავსად, რომელიც ძირითადად დრონებსა და ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული ადამიანური რესურსების დეფიციტის გამო, რუსეთის არმია, თავის მხრივ, ემყარება საკუთარ უპირატესობებს - მრავალრიცხოვნებას და რეკრუტირების შედარებით მაღალ ტემპებს. თუმცა, ექსპერტის თქმით, ამ მიდგომამ მნიშვნელოვანი შედეგები არ გამოიღო რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის.
„ცოტა გაოცებული ვარ იმით, თუ რამდენ ხანს აგრძელებს რუსეთი თავისი ქვეითების ფლანგვას“, აღიარებს კასტეჰელმი, „ჯავშანტექნიკის არაეკონომიურად გამოყენება ხომ გაცილებით უფრო ადრე შეწყდა. ეს ნაწილობრივ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ნაკლებად აფასებს რუსეთი საკუთარ ჯარისკაცებს: ფოლადი მისთვის უფრო ღირებულია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე“.
ამავე დროს, ექსპერტის თქმით, რუსეთი დრონებით ომში ჩამორჩება უკრაინას და იძულებულია, სხვათა სვლებზე მოახდინოს რეაგირება, ნაცვლად იმისა, რომ თავად აკეთოს სვლები - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმებს.
თუმცა, ის შეგვახსენებს, რომ რუსეთის არმიას ჯერ კიდევ შეუძლია ცვლილებებთან ადაპტაცია, დანაკარგების ატანა და საკუთარი უპილოტო სისტემების განვითარება.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამჟამად სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ის კოლაფსის ზღვარზე არ იმყოფება, ომის შედეგი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. მაგიდაზე ჯერაც ბევრი სცენარი დევს“, გვაფრთხილებს ექსპერტი.