Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა კორონავირუსზე: როგორ შეძლებს ევროპა კონტროლის შენარჩუნებას?


ევროპის ბევრი ქვეყანა ამჟამად ეძებს ახლებურ სტრატეგიებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ისე, რომ საამისოდ მკაცრი ზომების აღდგენა არ გახდეს საჭირო. ინფიცირების შემთხვევების საერთო მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში სტაბილური გახდა, თუმცა არის ლოკალური აფეთქების შემთხვევები. ჟურნალისტები მსჯელობენ ამის მიზეზებზე და ცდილობენ დაადგინონ, როგორ შეძლებენ სახელმწიფოები ვირუსის პოტენციური მეორე ტალღის თავიდან არიდებას.

ამ დრომდე მოპოვებული გამოცდილებით, შემდეგ ჯერზე პარალიზებული აღარ ვიქნებითო, წერს ავსტრიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის Der Standard-ი 6 ივლისის ნომერში: კითხვა, რომელიც ახლა ყველას უტრიალებს თავში, შემდეგია: იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა და, თუ იქნება, როდის? ... მაგრამ იქნებ ახლა დადგა დრო, როცა საკუთრივ სიტყვატალღასუნდა გამოვემშვიდობოთ. ტალღა ჩვენს პარალიზებას იწვევს, მაგრამ ამას არ გააკეთებს ინფექციების ისეთი მატება, დღეს როგორიც გვაქვს. ახლა უკეთ ვართ მომზადებულები, ვიდრე პირველ ჯერზე, ვიცით ჰიგიენის ზომები, ვისწავლეთ ჩვენს შეცდომებზე, სამედიცინო ინფრასტრუქტურაც უკეთესად არის აღჭურვილი. და ვიცით, რა არის მთავარი პრიორიტეტი: რისკჯგუფების დაცვა. საბოლოო ანგარიშით, მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რამდენი ადამიანი იქნება ინფიცირებული. ისიც ყურადსაღებია, თუ ვინ, რომელი ჯგუფების წარმომადგენლები იქნებიან ეს ადამიანები“.

პანდემია კვლავაც გრძელდება, თუმცა ვითარებას შევეჩვიეთო, წერს პოლონეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Polityka 6 ივლისის ნომერში: კორონავირუსს უკან მნიშვნელოვნად პრაქტიკულად არსად დაუხევია მსოფლიოში. ავსტრალიის და სამხრეთ კორეის მთავრობებს კვლავ მოუწიათ ადგილ-ადგილ მოსახლეობისთვის სახლში დარჩენის თხოვნა, ირანში და ფილიპინებზე კი ამჟამად ინფიცირების მასშტაბი პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალია. გლობალური ვითარება მოწმობს, რომ, ნიღბებსა და დეზინფექციის საშუალებებთან ერთად, კარანტინთან შეგუებაც ჩვენი ახალინორმალურიყოფის ნაწილი გახდება და ეს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება ასე“.

კორონავირუსის ახალი კერების გაჩენას ადამიანთა ექსპლუატაცია იწვევსო, წერს ესპანეთში - კატალონიაში - გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული El Periódico de Catalunya 5 ივლისს: იეიდაში შემოღებულმა ლოკდაუნმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახვა სეზონური მუშების სოციალური სინელეები, რომლებიც კორონავირუსის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. არაჯანსაღი პირობები, რომელშიც ბევრი მათგანი იძულებით ცხოვრობს, ბევრჯერ იქნა დაგმობილი ენჯიოებისა და პროფკავშირების მიერ. ახლა მათი სიტუაცია მოულოდნელად ყურადღების ცენტრში მოექცა, ვირუსის კერასთან კავშირის გამო. ... ევროპის ქვეყნებში სასაკლაოები, საკვების ინდუსტრიული ქარხნები და პლანტაციები დაუკავშირდა ვირუსს“.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხორცის გადამამუშავებელ უდიდეს კომპანიაში 1,500-ზე მეტი მუშა გახდა ავად კორონავირუსით - მათგან ბევრი აღმოსავლეთ ევროპიდან იყო ჩასული სამუშაოდ. ამასთან დაკავშირებით, ასევე ექსპლუატაციასა და ცხოველების სასაკლაოებზე მუშაობის სიძნელეების შესახებ წერს ბულგარეთში მოქმედი მემარცხენე-ცენტრისტული ინტერნეტგამოცემა Webcafé: ცხოველების სასაკლაოების შესახებ გავრცელებული აზრია, რომ დაკვლის სამუშაო გერმანელებისთვის ძალიან რთული და არამიმზიდველია, რაც ყასბებს აიძულებს რუმინეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში დაიქირაონ მუშები, რომლებმაც, უკვე წლებია, დაამტკიცეს, რომ მომთმენი, მუყაითი და უპრობლემო მუშახელი არიან. ... ახლა კორონავირუსის ინფექციამ ეს საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია. ბერლინის კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, გერმანიას კვლავაც აქვს რასიზმისა და ექსპლუატაციის პრობლემა. ნეტავ, ამჯერად თუ მოიმოქმედებენ რაიმეს ამასთან მიმართებით - თუ იაფი ხორცი და ბოსტნეული, რომელიც საკუთარ თავსთავად კრეფს“, იმდენად კარგი რამაა, რომ მას ამჟამინდელი კრიზისის შემდეგაც ვერ შეეშვებიან?“

სლოვაკეთმა ზომები უნდა მიიღოს, რათა ბალკანეთში კორონავირუსის ზრდა მასაც არ შეეხოსო, წერს სლოვაკეთში მოქმედი ლიბერალური ორიენტაციის ინტერნეტგამოცემა Aktuality.sk: პირველი ტალღის შესაზღუდად ჩვენი შესაძლებლობები ამოვწურეთ. თუ მეორე, უფრო მასშტაბური ტალღა მოვა, ამან შესაძლოა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს. გახსნილი საზღვრები მოსახლეობის ორიდან ხუთ პროცენტამდე რაოდენობისთვის თუ არის მნიშვნელოვანი. სახელმწიფომ შემოსავლის დაკარგვა უნდა აუნაზღაუროს მათ, ვინც სამსახურის გამო საზღვარს ხშირად კვეთს ან უცხოეთში მუშაობს, ან მათ სლოვაკეთში უნდა შესთავაზოს დასაქმება. ჩვენთან ჩამოსვლა ტურისტებმა მხოლოდჯანმრთელიქვეყნებიდან უნდა შეძლონ. თუ გონივრულ ნაბიჯებს გადავდგამთ დაავადების უცხოეთიდან შემოტანის წინააღმდეგ, სლოვაკეთში Covid-19-ის ინფექციის შემთხვევები პრაქტიკულად არ გვექნება“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG