Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის და რამდენი სამხედრო გემი დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში?


რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმი.რეალიის" კორესპონდენტი, 13 სექტემბრის ღამეს სევასტოპოლიდან მინიმუმ 7 აფეთქების შესახებ იტყობინებოდა
რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმი.რეალიის" კორესპონდენტი, 13 სექტემბრის ღამეს სევასტოპოლიდან მინიმუმ 7 აფეთქების შესახებ იტყობინებოდა

13 სექტემბერს, გამთენიისას, რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.

სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ორჯონიკიძის სახელობის სევასტოპოლის საზღვაო-სარემონტო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რემონტზე მყოფი ორი გემის დაზიანების შესახებ განაცხადა.

რუსეთის ტელეგრამის არხებმა თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით დააზუსტეს, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა დიდი სადესანტო გემი „მინსკი“ და ე.წ. დიზელ-ელექტრონული წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“.

თუ თვალს გადავავლებთ ღია წყაროებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცნობებს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.

  • 2022 წლის 22 მარტს უკრაინის სპეცდანიშნულების ცალკეული დანაყოფის „აზოვის“ მებრძოლებმა მარიუპოლის მახლობლად უმართავი რაკეტის (ПТУР) საშუალებით გაანადგურეს საპატრულო კატარღა, რომელიც რუსმა მეზღვაურებმა ბუქსირით გაიყვანეს სამშვიდობოს.
  • გასული წლის 24 მარტს, ბერდიანსკის ყურეში მდგარ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ, „ალიგატორის“ კლასის სადესანტო გემ „სარატოვზე“ ხანძარი გაჩნდა. უკრაინელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ მათი იერიშის შედეგად გემმა სერიოზული დაზიანება მიიღო და განადგურდა. უკრაინული მხარე თავდაპირველად შეცდომით აცხადებდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ხომალდი სახელწოდებით „ორსკი“.
უკრაინის სამხედროების სარაკეტო იერიში ბერდიანსკის ყურეში. 24 მარტი, 2022 წელი
უკრაინის სამხედროების სარაკეტო იერიში ბერდიანსკის ყურეში. 24 მარტი, 2022 წელი
  • მოგვიანებით უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სადესანტო გემი „სარატოვი“ იერიშის შედეგად განადგურდა. რუსეთის ფლოტის ორმა სადესანტომ გემმა „ცეზარ კუნიკოვმა“ და „ნოვოჩერკასკმა“ მოახერხეს ნავსადგურის დატოვება, ამასთან, ერთ-ერთს ცეცხლი ეკიდა და კვამლი ასდიოდა. მოგვიანებით რუსეთის მხარემ დაადასტურა ინციდენტი და დააზუსტა, რომ დიდი სადესანტო გემი „სარატოვი“ თავად ეკიპაჟმა ჩაძირა, რათა თავიდან აეცილებინა უკრაინული რაკეტის მოხვედრის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო ხომალდზე არსებული საბრძოლო მასალების დეტონაცია. მოგვიანებით „სარატოვი“ წყლიდან ამოიღეს, ქერჩში წაიღეს და იქ ჯართად დაჭრეს.

რაკეტა "ნეპტუნის" სტარტი ოდესის ოლქში. საილუსტრაციო ფოტო
რაკეტა "ნეპტუნის" სტარტი ოდესის ოლქში. საილუსტრაციო ფოტო
  • 2022 წლის 13 აპრილს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა რაკეტა „ნეპტუნით" სერიოზულად დააზიანეს რუსეთის სარაკეტო კრეისერი, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი, „მოსკვა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი სრულად იყო ევაკუირებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ იყო. 14 აპრილს ღამით კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრეისერის ჩაძირვა დაადასტურა. 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური შეტყობინება, რომ „მოსკვაზე“ დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი და 27 დაკარგულად ითვლება. "მოსკვას" დაზიანება დიდ სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებდა - ეს იყო კრეისერი, რომელი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველსავე დღეს, უკრაინულ კუნძულ ზმეინის მიადგა და კუნძულის მცველებს დანებება მოსთხოვა. რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ...“ - უპასუხა ერთ-ერთმა მესაზღვრემ.

შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" ჩაძირვამდე, სევასტოპოლის უბეში. 2022 წელი, 10 აპრილი
შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" ჩაძირვამდე, სევასტოპოლის უბეში. 2022 წელი, 10 აპრილი

  • 2022 წლის მაისის პირველ კვირას, უკრაინელი სამხედროები უპილოტო თვითმფრინავ Bayraktar TB2-ის გამოყენებით თავს დაესხნენ „რაპტორის“ კლასის ოთხ ნავს, იმხანად რუსების მიერ ოკუპირებული კუნძულ „ზმეინის“ მახლობლად. დაზიანების მასშტაბი თავდაპირველად არ იყო ცნობილი. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდასხმის შედეგად სამი ნავი განადგურდა, ხოლო ერთ-ერთმა გაუძლო დაზიანებას და ის გასარემონტებლად სევასტოპოლში წაიღეს.

თურქული წარმოების დრონი Bayraktar-ი კიევში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, 2021 წელი.
თურქული წარმოების დრონი Bayraktar-ი კიევში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, 2021 წელი.

  • 2022 წლის მაისის პირველ კვირაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც უკრაინის კუთვნილი დრონი Bayraktar TB2-ი, კუნძულ „ზმეინის“ მახლობლად, აფეთქებს და ძირავს რუსეთის სწრაფმავალ სადესანტო კატარღას BK-16. მოგვიანებით ჩაძირული კატარღა ზედაპირზე ამოიღეს და აღადგინეს.

  • 2022 წლის 7 მაისს გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს უკრაინულ დრონ Bayraktar TB2-ის იერიში „სერნას“ კლასის (საჰაერო ბალიშებით მცურავი) რუსეთის სწრაფმავალ სადესანტო კატარღაზე, რომელიც დაზიანდა და ჩაიძირა.

  • 2022 წლის 17 ივნისს უკრაინამ განაცხადა, რომ რაკეტა „ჰარპუნით“ ჩაძირა სამაშველო ბუქსირ-ხომალდი „ვასილი ბეხი“. 21 ივნისს, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ დაადასტურა „ვასილი ბეხის“ ჩაძირვა.

რაკეტა "ჰარპუნის" გაშვება გემიდან. საილუსტრაციო ფოტო
რაკეტა "ჰარპუნის" გაშვება გემიდან. საილუსტრაციო ფოტო

  • 2022 წლის 29 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავისა და წყალქვეშა კატარღის გამოყენებით სევასტოპოლში მსუბუქად დააზიანეს მტრალავი გემი „ივან გოლუბეცი“.
  • მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა 450 კილოგრამი ტროტილით დატვირთული წყალზედა დრონით დააზიანეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი „ოლენოგორსკი გორნიაკი“, რომელზეც ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა. დაზიანების გამო გემი ვეღარ შეძლებს საბრძოლო ამოცანების შესრულებას.

სკქრინშოტი ვიდეოდან: უკრაინის საზღვაო დრონი უახლოვდება სადესანტო გემ "ოლენოგორსკი გორნიაკს"
კადრი ვიდეოდან: უკრაინის საზღვაო დრონი უახლოვდება სადესანტო გემ "ოლენოგორსკი გორნიაკს"

ღია წყაროების ცნობებით, დაახლოებით ამდენივე სამხედრო გემი და კატარღა გაუნადგურა ან დაუზიანა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს ფართომასშტაბიანი ომის მსვლელობისას რუსეთის არმიამ.

ომის ორივე მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას თითქმის არ იძლევა. მოსკოვმა დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურად ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ გაამჟღავნა, კიევი კი დანაკარგებზე საერთოდ არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მონაცემები ომის შემდეგ გამჟღავნდება.

ამავე დროს, ორივე მხარე აცხადებს, რომ მტერი დიდ დანაკარგებს განიცდის - უკრაინა ირწმუნება, რომ 270 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რუსეთის ოფიციალური პირები ყოველგვარი დადასტურების გარეშე აცხადებენ, რომ უკრაინის დანაკარგები მხოლოდ მიმდინარე ზაფხულის შეტევის დროს 8-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთისა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 12 სექტემბერს გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ივნისიდან დაწყებული კონტრშეტევის განმავლობაში უკრაინამ 71 000 ჯარისკაცი დაკარგა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG