Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის და რატომ გადააყენეს ვიქტორ შოკინი, უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი


ვიქტორ შოკინი
ვიქტორ შოკინი

2016 წლის მარტში, როდესაც უკრაინის მაშინდელი გენერალური პროკურორი, ვიქტორ შოკინი, თანამდებობიდან გადააყენეს, მაშინ ეს აღქმული იქნა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა კორუფციის გამო ზეწოლის ქვეშ მყოფი ქვეყნისათვის, რომელსაც სერიოზული რეფორმები ესაჭიროებოდა.

დღეს შოკინის გადადგომა და უკრაინაც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვაშინგტონში აგორებული იმ პოლიტიკური სკანდალის ფონზე, რომელიც სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს მომავალი, 2020 წლის, საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, რამდენადაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მთავარ კონკურენტად დემოკრატების ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი განიხილება.

ვის უწოდა ბაიდენმა „ძაღლის შვილი“?

დონალდ ტრამპი და მისი პირადი ადვოკატი, რუდოლფ ჯულიანი, ჯო ბაიდენს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან აიძულა უკრაინის ხელისუფლება თანამდებობიდან გადაეყენებინა გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი, რათა შემწყდარიყო მის მიერ დაწყებული გამოძიება უკრაინული ენერგეტიკული კომპანია „ბურისმის“ წინააღმდეგ, რომელიც სოლიდურ გასამრჯელოს უხდიდა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილს, ჰანტერ ბაიდენს, იმხანად კომპანიის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს.

ჯულიანიმ ამ ბრალდების გასამყარებლად დაიმოწმა თავად ჯო ბაიდენი, რომელმაც 2018 წელს, ნიუ-იორკში გამართულ ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, გაიხსენა, რომ კიევში ვიზიტის დროს, 2015 წლის დეკემბერში, იგი უკრაინის ხელისუფლებას დაემუქრა, რომ ქვეყანა არ მიიღებდა დაპირებულ ფინანსურ დახმარებას, თუ გენერალური პროკურორი შოკინი თანამდებობას არ დატოვებდა.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

„ჰოდა ეს ძაღლის შვილი გათავისუფლებული იქნა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შოკინი მართლაც გადააყენეს, მაგრამ მოგვიანებით, 2016 წლის აპრილში.

მეტიც, საქმეში ჩახედული ექსპერტები და ანტიკორუფციონერი აქტივისტები ამბობენ, რომ „ბურისმისა“ და მისი მფლობელის, ნიკოლა ზლოჩევსკის, წინააღმდეგ საქმის გამოძიების პროცესის ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორს სწორედ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი წარმოადგენდა.

იყო თუ არა ზეწოლა ბაიდენის მხრიდან

„აშშ-დან არავისგან არ ყოფილა ზეწოლა, რათა დახურულიყო საქმე ზლოჩევსკის წინააღმდეგ. ის უკრაინელმა პროკურორებმა თაროზე შემოდეს 2014-2015 წლებში“, - განაცხადა „ბლუბმერგ ნიუსთან“ ინტერვიუში ვიტალი კასკომ, უკრაინის გენერალური პროკურორის ახლანდელმა პირველმა მოადგილემ, რომელიც თავის დროზე შოკინის მოადგილედ მუშაობდა.

ჰანტერ ბაიდენი
ჰანტერ ბაიდენი

უკრაინელი ანტიკორუფციონერი აქტივისტები აცხადებენ, რომ გამოძიების საბოტაჟს თავად შოკინი ახდენდა. ისინი, კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ორი თვით ადრე, ვიდრე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი, კომპანია „ბურისმის“ დირექტორთა საბჭოში დაინიშნებოდა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინის გენერალური პროკურორისგან მოითხოვა ინფორმაცია ზლოჩევსკის მიერ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. შოკინმა ეს თხოვნა უგულებელყო.

დარია კალენიუკმა, კიევში მდებარე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (AntAC) აღმასრულებელმა დირექტორმა, დეტალური ქრონოლოგია წარმოადგინა, თუ როგორ ცდილობდა ჯერ შოკინის წინამორბედი გენერალური პროკურორი, მერე თავად შოკინი და შემდეგ მისი მემკვიდრე, დაესამარებინათ კომპანია „ბურუსმის“ საქმე.

„ბედის ირონიაა, რომ ჯო ბაიდენმა შოკინის გათავისუფლება მოითხოვა, იმიტომ რომ გენერალურმა პროკურატურამ ვერ შეძლო გაეგრძელებინა „ბურისმის“ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება და არაიმიტომ, რომ შოკინი მტკიცე და აქტიური იყო ამ საქმეში“, - ამბობს კალენიუკი.

უკრაინელმა პროკურორებმა ვერ წარმოადგინეს ვერანაირი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ ჯო ბაიდენი შოკინის გათავისუფლებით ცდილობდა დახმარებოდა თავის შვილს.

სამაგიეროდ, საკმაოდ გრძელია ჩამონათვალი დასავლეთის იმ ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების მთავრობებისა და უცხოელი დიპლომატების, რომლებიც, ისევე როგორც უკრაინული ანტოკორუფციული ჯგუფები, თავის დროზე შოკინის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი, აშშ-ის მთავრობა, უცხოელი ინვესტორები და უკრაინის რეფორმების მხარდამჭერი აქტივისტები.

ვაშინგტონში მდებარე ატლანტიკური საბჭოს მეცნიერ-თანამშრომელმა ანდერს ასლუნდმა უკრაინის გენერალური პროკურორის გათავისუფლებას 2016 წლის მარტში სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომელშიც ვიქტორ შოკინის გადაყენებას კანონზომიერ ნაბიჯად მიიჩნევდა.

„გასაკვირი ის კი არაა, რომ [შოკინი] მოხსნეს, არამედ ის, რომ ამას ამდენი დრო დასჭირდა. პეტრო პოროშენკომ 2015 წლის თებერვალში დანიშნა გენერალურ პროკურორად შოკინი, რომელმაც თავი იმთავითვე იმით გამოიჩინა, რომ კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებდა უკრაინის დაბალხარისხიან მართლმსაჯულების სისტემას“, - წერდა ანდერს ასლუნდი .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG