Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლისთვის დაპირებული 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში 2023 წელსაც ვერ ივლის


თბილისის მერი კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში
თბილისის მერი კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში

თბილისს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები სულ მცირე ერთი წელი კიდევ არ ეყოლება. ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მოკვლევით, ამ ზომის ავტობუსების წარმოება-მიწოდებისთვის საჭიროა სულ მცირე 12 თვე.

სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.

10 სატრანზიტო დერეფანი
10 სატრანზიტო დერეფანი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 4 წლის წინ დადო მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.

"2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან ვფიქრობდი, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება დედაქალაქში შეუძლებელი და რთული იქნებოდა, თუმცა იმ კვლევის შედეგებმა, რომელსაც „სისტრა“ ატარებს, აჩვენა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18-მეტრიანი", - თქვა თბილისის მერმა 2018 წლის 22 ოქტომბერს.

2019 წლის თებერვალში კალაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა და მიუნხენში, კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.

კახა კალაძე კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში
კახა კალაძე კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში

"კახა კალაძემ საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსი დაათვალიერა, რომლის შემოყვანაც სამომავლოდ თბილისში იგეგმება", - წერდა პრესსამსახური მისი ამ ვიზიტის შესახებ.

2019 წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად ტენდერი არ გამოცხადებულა, 2020 წელს კი კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა.

2020 წელს, როცა თავდაპირველი დაპირებით, თბილისში ახალ 18-მეტრიან ავტობუსებს უნდა ევლოთ, თბილისის მერი ტრანსპორტის საკითხებზე თითქმის ყველა საჯარო განცხადებაში ახსენებდა ავტობუსების საკითხს. მერიის ოფიციალურ საიტზე, იმ წელს, მინიმუმ, 6 ასეთი განცხადება იძებნება.

ფოტოსურათი 2020 წლის აგვისტოში გამართული პრეზენტაციიდან
ფოტოსურათი 2020 წლის აგვისტოში გამართული პრეზენტაციიდან

"სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები", - თქვა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელის პრეზენტაციაზე 2020 წლის ოქტომბერში. საუბარი იყო 2021 წლიდან სატრანსპორტო დერეფნებში 200 18-მეტრიანი ავტობუსის დამატებაზე, თუმცა ტენდერი არც 2021 წელს გამოცხადდა.

თბილისის მერი, კახა კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე

2021 წლის 21 სექტემბერს თბილისის მერი ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარდგენის დროს ამბობს, რომ "მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი".

ამ განცხადებიდან ერთი თვის თავზეც, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გაიმეორა, რომ "მომავალ წელს ვაპირებთ, 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას. დედაქალაქს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი სჭირდება, რომლებიც კონკრეტულ ხაზებზე იმოძრავებენ".

ახალი ავტობუსების შემოყვანის მნიშვნელობაზე საუბრობდა კახა კალაძე 2022 წლის განმავლობაში თბილისის მთავრობის სხდომებზეც. ერთ-ერთ ასეთ სხდომაზე მან აღნიშნა, რომ ტრანსპორტის შესყიდვა წინა წელს უნდა დაწყებულიყო.

"მომავალ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გადავწიეთ, იმისთვის, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვასწროთ, რათა ავტობუსებმა პრობლემების გარეშე შეძლონ გადაადგილება", - თქვა მან.

2023 წლის იანვრის ბოლოს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ არ დასრულებულა ბაზრის კვლევა და არ იციან ზუსტი თარიღი, როდის გამოცხადდება ტენდერი 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. სატრანსპორტო კომპანიის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ ავტობუსების შესყიდვის პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს რამდენიმე მიზეზის გამო:

  • სატრანსპორტო კომპანიას დღემდე არ აქვს 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის საჭირო ავტობაზა;
  • ავტობაზის აშენებას სჭირდება 15-დან 18 თვემდე;
  • შეკვეთიდან ავტობუსების მიწოდებამდე საჭიროა 12-დან 15 თვემდე;
  • პირველ ეტაპზე იგეგმება 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ყიდვა.

2022 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ კვლავ ახსენა "2023-24 წლებში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა", თუმცა როდის დაიწყება და დასრულდება ეს პროცესი, მას კონკრეტული თარიღი არ უთქვამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG