საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიო მუჯირის სახელზე გამოგზავნილ წერილში რომის პაპი წერს:
„გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით“.
წერილის ქართულ თარგმანს აქვეყნებს საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედიასაშუალება, catholic.ge.
„უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმინდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს“, - წერს პაპი ლეონ XIV.
ილია მეორის დაკრძალვას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის ვატიკანიდან.
ვატიკანიდან საქართველოში ჩამოვა ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი. მას საქართველოში წარსულშიც გაუმართავს ვიზიტები.
კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან:
▪︎ მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;
▪︎ მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;
▪︎ მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქართველოში;
▪︎ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;
▪︎ მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.
2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.
სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან.
სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეთა უწყვეტი რიგებია. ტაძარი დღე-ღამის განმავლობაში ღიაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული ვადით მუშაობს.
ფორუმი