Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა პუშკინიც "შუაშია" და - სტალინიც


პუშკინის ძეგლი
პუშკინის ძეგლი

კრემლი და მისი პროპაგანდისტული მედია ძალიან ღიზიანდებიან იმის გამო, რომ უკრაინაში, ლენინის ძეგლებისა და საბჭოთა სიმბოლოების შემდეგ, მასობრივად იღებენ პუშკინის, ეკატერინე II-ის, სუვოროვისა და რუსული იმპერიული მემკვიდრეობის სხვა წარმომადგენელთა ძეგლებს.

რუსეთის ხელისუფლება უყურადღებოდ არც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს ტოვებს, სადაც თავისი ინტერესების შესაბამისად დგამს და იღებს ძეგლებსა და მემორიალებს, საკუთრივ რუსეთში კი ყველაფერს აკეთებს სტალინისა და „სტალინური პერიოდის“ განდიდებისათვის: პუტინის მმართველობის დროს რუსეთში სტალინის 110 ძეგლი დაიდგა.

რატომ ანიჭებს რუსული პროპაგანდა ძეგლებს ამხელა მნიშვნელობას? როგორც კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა, დმიტრი კისილიოვმა იკითხა „გულუბრყვილოდ“: "რა შუაშია პუშკინი?"

რუსეთის პროპაგანდას ცოტა რამ აღიზიანებს ისე ძალიან, როგორც უკრაინაში ძეგლების აღება-დემონტაჟი. თავის დროზე კრემლისტურ მედიას საშინლად აღიზიანებდა ე.წ. ლენინცვენა, რომელიც 2014 წელს დაიწყო უკრაინაში დეკომუნიზაციის პროცესის პარალელურად და, რომლის ფარგლებშიც მთელი უკრაინის მასშტაბით აიღეს (დაამხეს) „მსოფლიო პროლეტარიატის ბელადისა“ და 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების სულის ჩამდგმელის ძეგლები. ახლა რუსული მედია აღშფოთებულია იმით, რომ უკრაინელები მასობრივად იღებენ ალექსანდრე პუშკინის, ეკატერინე II-ის, ალექსანდრე სუვოროვისა და რუსეთის იმპერიის მემკვიდრეობის განმასახიერებელ სხვა მოღვაწეთა ძეგლებს.

„უკრაინაში ერჩიან არა ეკატერინე მეორის ძეგლს, არამედ ერჩიან რუსეთს, რომელმაც საკუთრივ აითვისა ეს ტერიტორია და სადაც შეიტანა ცივილიზაცია“, - წერდა რუსული „კომსომოლსკაია პრავდა“ ოდესაში რუსეთის იმპერატორის ძეგლის დემონტაჟის შესახებ.

ეკატერინე II, სუვოროვი

ოდესაში ეკატერინე მეორის ძეგლი, რომელიც 1900 წლიდან იდგა ქალაქის ცენტრში, 2022 წლის დეკემბერში აიღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამავე პერიოდში აიღეს რუსი მხედართმთავრის, ალექსანდრე სუვოროვის ძეგლიც. უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში რუსეთის იმპერიის შემოქმედთა ძეგლებს ადარებენ საზღვრის ბოძებს, რომლებითაც მოსკოვი ახდენს მისი ინტერესის სფეროში მოქცეული მიწების (ტერიტორიების) მარკირებას, მონიშვნას.

„ეს ძეგლები, ასე თუ ისე, აღიქმებიან რუსეთის ყოფნის მარკერებად. თითოეული ეს ძეგლი არის ერთგვარი სიმბოლო და რუსეთის თავდასხმამაც აჩვენა, რომ ტერიტორიებს, სადაც დგანან ეს ძეგლები, რუსეთის ფედერაცია აღიქვამს თავის საკუთარ მიწებად“, - ამბობს ინსტიტუტის მკვლევარი ბოგდან კოროლენკო, რომელიც ასევე იშველიებს რუსი პროპაგანდისტისა და ტერორისტის (უკრაინაში იძებნება შესაბამისი მუხლით), მწერალ ზახარ პრილეპინის ნათქვამს: „სადაც ალექსანდრ სეერგეევიჩ პუშკინის ძეგლები დგას, იქ რუსი ადამიანები ცხოვრობენ. შესაბამისად, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რუსებმა აიღონ პუშკინის, სუვოროვის და მით უმეტეს ეკატერინე მეორის ძეგლები“.

ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟი ოდესაში. 2022 წლის 29 დეკემბერი
ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟი ოდესაში. 2022 წლის 29 დეკემბერი

რუსული პროპაგანდისთვის მეზობელ ქვეყნებში მიმოფანტული რუსი სახელმწიფო მოხელეებისა და კულტურის მოღვაწეების ძეგლები „ტერიტორიების რუსულობის“ წყალგაუვალი ნიშანი და არგუმენტია.

  • როდიონ მიროშნიკი, რუსი პოლიტოლოგი: „ოდესაში ეკატერინე მეორის ძეგლი 122 წლის განმავლობაში იდგა, აღიარებული იყო კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლად, ითვლებოდა ოდესის მარგალიტად. ახლა ძეგლის ნაცვლად ფრიალებს თანამედროვე უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა, რომელიც ტალახში ტკეპნის არა რუსეთის, არამედ საკუთარ ისტორიას“.
  • არმენ გასპარიანი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, რუსეთის ისტორიის X კლასის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი: „ამ ქალაქმა [ოდესამ] გაუძლო ბევრ რამეს, გაუძლო ნაცისტურ-რუმინულ ოკუპაციას, ბევრი რამ ნახა, მაგრამ ის ახლა მოკვდა, მისი სხეული მიაბარეს მიწას“.

არადა, ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟს ოდესელების უმეტესობამ დაუჭირა მხარი. ქალაქის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობის პოზიცია ასეთი იყო: „არ გვსურს, ქალაქში იდგეს იმ ქვეყნის მოღვაწეთა ძეგლები, რომელიც გვბომბავს“.

ა.ს. პუშკინი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ალექსანდრე პუშკინის ათეულობით ძეგლი იდგა. მარტო კიევში თავს იწონებდა პოეტის ექვსი გამოსახულება. საუბარია ძეგლებზე, ბიუსტებზე, ჰორელიეფებზე... მათ, როგორც, წესი, დგამდნენ სასწავლო დაწესებულებებთან პოეტის მორიგი მრგვალი თარიღის აღნიშვნის ნიშნად.

ბოგდან კოროლენკოს თქმით, 2022 წლისთვის უკრაინაში მხოლოდ პუშკინის 60-ზე მეტი ძეგლი იდგა. მაშინ, როცა დანარჩენ მსოფლიოში, რუსეთისა და მისი სატელიტების გამოკლებით, 40-მდე ძეგლი თუ მოიძებნებოდა.

„საკითხავია, ასეთი რა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა პუშკინმა უკრაინელი ხალხისათვის?“ - კითხულობს უკრაინელი მკვლევარი, რომლის თქმითაც, უკრაინაში პუშკინის მონუმენტების აღება დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. პუშკინის პირველი ძეგლი აიღეს სოფელ მუკაჩევოში 2022 წლის 7 აპრილს, შემდეგ უჟგოროდსა და ტერნოპოლში, თუმცა რუსულმა პროპაგანდამ ხმამაღლა გაპროტესტება დაიწყო 2023 წელს, როცა კიევშიც აიღეს რუსი პოეტის ძეგლი.

ბოგდან კოროლენკო
ბოგდან კოროლენკო

რუსულმა პროპაგანდამ ცინიკური სიუჟეტები მიუძღვნა ამ ამბავს, აი, თურმე ვინ ყოფილა სინამდვილეში დამნაშავე უკრაინელი ხალხის უბედურებაშიო. სწორედ მაშინ იკითხა დმიტრი კისილიოვმა, რა შუაშია აქ პუშკინიო?!

რუსული პროპაგანდის პასუხად უკრაინელი მკვლევრები ამბობენ, რომ სწორედაც რომ შუაშია, რადგან კრემლი და მისი პროპაგანდა რუსი პოეტის ხატებას იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. სხვათა შორის, პოეტის სიტყვებით უკეთებდნენ რეკლამას რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებითაც განულდა პუტინის წინა საპრეზიდენტო ვადები და მას კიდევ ორი ვადით (ჯამში 12 წლით) მიეცა პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება.

„პუშკინი ხმას მისცემდა ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რათა მხარი დაეჭირა დიდებული რუსული ენისათვის“, - განაცხადა მაშინ (30.06.2020) სერგეი სტეპაშინმა, პუტინის პოლიტიკური გუნდის წევრმა და რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ.

ხერსონის ოკუპაციის დროს კი რუსი სამხედროების მიერ აღმართულ ბილბორდზე, რომელიც აუწყებდა მნახველს, რომ ხერსონი რუსული ქალაქია, სწორედ ალექსანდრე პუშკინი იყო გამოსახული.

პუშკინის ძეგლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში
პუშკინის ძეგლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში

„ხერსონი - ქალაქი რუსული ისტორიით. ხერსონი პუშკინმა მოინახულა გავლით, როცა სიმფეროპოლიდან კიშინიოვში მიემგზავრებოდა 1820 წლის 18 სექტემბერს. მეორედ ალექსანდრ სერგეევიჩი ამ ქალაქში იმყოფებოდა 1824 წლის მაისში. ხერსონთანაა დაკავშირებული დიდი პოეტის წინაპრების ისტორია - ამ ქალაქს აშენებდა მისი ცნობილი ნათესავი - ივან აბრამის ძე ჰანიბალი“, - ამ ტექსტის გარდა ბილბორდზე გამოტანილი იყო ჩანაწერი პუშკინის დღიურიდან: „ივან აბრამის ძე... 1779 წელს მან ააშენა ხერსონი. მისი დადგენილებები დღემდე პატივისცემით სარგებლობენ რუსეთის სამხრეთში, სადაც 1821 წელს შევხვდი მოხუცებს, რომლებიც ცოცხლად ინახავდნენ მის ნათელ ხსოვნას“.

  • როგორი ურთიერთობა ჰქონდა თვითონ პუშკინს რუსეთის იმპერიის მმართველებთან?
  • იყო კი პოეტი დეკაბრისტთა აჯანყების მხარდამჭერი და ცარიზმის ჭეშმარიტი მოწინააღმდეგე, როგორც ამას საბჭოთა სკოლებში ასწავლიდნენ?

რუსი ფილოლოგისა და რუსული კულტურის მკვლევრის, კირილ ოსპოვატის თქმით, პუშკინს მართლაც ჰქონდა ლიბერალური ფსევდორადიკალიზმის პერიოდი, როცა მისი ეს ქცევა ჯდებოდა ალექსანდრე პირველის ეპოქის რიტორიკის დაშვებულ საზღვრებში, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა:

„ნიკოლოზის ეპოქაში ის უკვე ავტორია, რომელიც ეძებდა შესაძლებლობას ქცეულიყო განათლებული რუსული კონსერვატიზმის ხმად. აქედან მოყოლებული პუშკინი უმღერის იმპერიის ტრიუმფებს. „კავკასიელი ტყვე“, „ბაღჩისარაის შადრევანი“, „ბოშები“ , არაფერს ვამბობ „პოლტავასა“ და „ბრინჯაოს მხედარზე“ - ეს ყველაფერი იმპერიის დაპყრობების, გარკვეულ ტერიტორიებზე იმპერიის ექსპანსიის რეფლექსიაა. იმპერიული იდეოლოგია ხდება პუშკინის პოეტური შთაგონების უმნიშვნელოვანესი წყარო“.

კირილ ოსპოვატის თქმით, პუშკინი ყოველთვის ითვლებოდა რუს ეროვნულ პოეტად, მაგრამ რატომღაც ბოლშევიკებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს მას გაგანია სტალინური რეპრესიების დროს. 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ არნახული მასშტაბით აღნიშნა პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავი. პუშკინი ჩაეწერა საბჭოთა კულტურის კანონში, რომლის დანიშნულება მთელი საბჭოთა იმპერიის შეკვრა იყო. საბჭოთა მთავრობა აღიარებდა პოეტის შემოქმედების ღირებულებას და აღნიშნავდა: ”პუშკინი ჩვენიანია, საბჭოელია, რადგან საბჭოთა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო ყველაფერი, რაც საუკეთესოა ხალხში”. პოეტის იმიჯი მარჯვედ გარდაქმნა პროპაგანდამ სოციალისტური რეჟიმის ლეგიტიმაციის მიზნით, პუშკინს რევოლუციონერობა „დაჰბრალდა“.

კირილ ოსპოვატის თქმით, იმპერიულობითაა გაჟღენთილი პუშკინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი „ძეგლი“:

„ძეგლი“. ა.ს. პუშკინი. ფრაგმენტი:
„<...> ჩემი სახელით აივსება დიდი რუსეთი,
ყოველი ერი შემინახავს დამახსოვრებით,
სლავთა მემკვიდრე და ფინელი და ტუნგუსელი,
კალმიკი, ტრამალ ველთა მცხოვრები,
მოყვარულ ხალხში არ მოკვდება ჩემი სუფევა,
რადგან სიკეთეს უგალობდა ჩემი ჩანგური,
რადგან ვადიდე ჩვენს სასტიკ დროს თავისუფლება
და შევივრდომე ყველა ჩაგრული.<…>”

„ამ ლექსში რუსეთი დიდია და გაგებულია როგორც ჩამონათვალი არარუსული, დაპყრობილი ტერიტორიებისა. „სლავთა მემკვიდრე“ ესეც ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, რომ პოლონელებიც და უკრაინელებიც წაიკითხავენ პუშკინს, ე.ი. დაივიწყებენ თავიანთ ენებს. წინასწარმეტყველება იმისა, რომ ამ ადგილობრივი ენების ადგილზე მოვა რუსული იმპერიული ენა და პუშკინი, როგორც მათი პოეტი“.

ოკუპირებული ტერიტორიები

უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს რუსი სამხედროები ხშირად იყენებენ საბჭოთა წითელ ალმებს, ამასთან, კრემლის მედია ავრცელებს ნარატივს, რომ ეს განმათავისუფლებელი ომია. პოლიტიკის ანალიტიკოსების აზრით, იმპერიის გარდასული დიდების აღორძინება ახალი მიწების დაპყრობის ხარჯზე, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლების აკვიატებულ იდეად იქცა. 2022 წლის ივლისში პუტინმა თავისი თავი პეტრე პირველს შეადარა და ილაპარაკა რუსეთის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

„ოკუპანტებს ესმით სიმბოლოების მნიშვნელობა, შესაბამისად, ნიშნავენ ტერიტორიებს თავიანთი სიმბოლოებით, - ამბობს ბოგდან კოროლენკო, - ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსებმა აიღეს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. სამაგიეროდ კვარცხლბეკზე დააბრუნეს 2016 წელს დემონტირებული ლენინის ძეგლი“.

რუსმა ოკუპანტებმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა მონუმენტები აიღეს როგორც ხერსონში (24.11.2023), ასევე ოკუპირებულ მარიუპოლში (20.10.2022). ახალ კახოვკაში ოკუპანტებმა აღადგინეს ლენინის ძეგლი (30.04.2022), იგივე გააკეთეს მელიტოპოლში (05.11.2022).

საბჭოთა ეპოქის ძეგლების აღდგენა, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, დიდი ხანია იქცა პუტინის რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიის ღერძად. დღევანდელ რეპრესიებს (ფაქტობრივად ყველა სახის განსხვავებული აზრის დევნას), სახელმწიფო პროპაგანდა ამართლებს ომიანობით, რომ „ასეთ დროს ხელისუფლება უნდა იყოს ხისტი, როგორც სტალინის დროს იყო“. საბჭოთა დიქტატორს, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კვლავ პატივს მიაგებენ, მეტიც, პუტინის რუსეთში მას ძეგლებს უდგამენ. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით რუსეთში სტალინის 110 ძეგლი იდგა და, როგორც სოციოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, მათი რაოდენობა სავარაუდოდ კვლავ გაიზრდება.

2022 წელს, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის გამოკითხვის თანახმად, იოსებ სტალინი, პუშკინთან და პეტრე I-თან ერთად, შევიდა ყველაზე გამოჩენილი რუსების სამეულში. 2019 წელს „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგებმა ჩაატარეს გამოკითხვა იოსებ სტალინის ფიგურის მიმართ რუსების დამოკიდებულების შესახებ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2019 წელს საბჭოთა ლიდერის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჯამურმა მაჩვენებელმა მიაღწია მაქსიმუმს: კვლევის ყოველი მეორე მონაწილე (51%) ამბობდა, რომ მოსწონს სტალინი.

„სტალინის დაბრუნების“ პარალელურად მასობრივად და ჩუმად იღებენ სტალინური დიდი ტერორის მსხვერპლთა ძეგლებს. განადგურებულია დახვრეტილი ლიტველებისა და პოლონელების მემორიალები. ლიკვიდირებულია ისტორიულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მემორიალი“, შენობებიდან მოიხსნა ფონდ „უკანასკნელი მისამართის“ მიერ გაკეთებული მემორიალური დაფები.

რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ბევრი უკრაინელი აიძულა გადაესინჯა თავისი დამოკიდებულება რუსებთან არ მხოლოდ აწმყოში, არამედ წარსულშიც. უკრაინელი ანალიტიკოსების თქმით, შეუძლებელია რამე სახის ძმობაზე საუბარი, როცა რუსეთის არმია განაგრძობს მშვიდობიანი უკრაინელების ხოცვას. დეკომუნიზაციის შემდეგ უკრაინა საბჭოთა და რუსული იმპერიული მემკვიდრეობისგანაც თავისუფლდება, პარალელურად კი აღადგენს საკუთარ კულტურულ სიმბოლოებს, რომლებიც ახლობელი და გასაგებია დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG