Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან ომი და კორუფცია - უკრაინის ბრძოლა ორ ფრონტზე


საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო აქცია პრეზიდენტის ოფისთან. კიევი. 2020 წელი

ბრძოლის ველზე რუსეთის დამპყრობლურ ომში ტერიტორიებისა და ხალხის დაცვასთან ერთად, კიევს კორუფციასთან ომიც უწევს. ორივე მტრის დამარცხება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ბედს, განვითარების პერსპექტივებსა და ადგილს მსოფლიო რუკაზე. უკრაინაში ამჟამად სავარაუდო კორუფციის ორ ხმაურიან შემთხვევაზე მსჯელობენ.

გახმაურებული ორი ფაქტიდან ერთის გამო მინისტრის მოადგილეც დააკავეს; ხოლო მეორეს, უფრო სკანდალურ შემთხვევას - რაც ჯარისკაცების საკვებისთვის გამოყოფილი თანხების სავარაუდო ხელოვნურ გაზრდას უკავშირდება - თავდაცვის სამინისტრო წინასწარ გამიზნულ ტყუილს უწოდებს.

უკრაინისთვის კორუფცია სერიოზული გამოწვევა იყო ომამდეც და ეს, ხშირად, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელ მნიშვნელოვან ფაქტორადაც სახელდებოდა. მმართველი პარტია დამნაშავეების ადეკვატურად და მასობრივად დასჯას აანონსებს.

სურსათის სკანდალი თავდაცვის სამინისტროში

უკრაინაში ცნობილმა და ბევრისთვის სანდო წყარომ - გამოცემა „კვირის სარკემ“ („Зеркало недели“) 21 იანვარს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება და კორუფციულ სქემაში „თავდაცვის სამინისტროს ზურგის ვირთხები“ დაადანაშაულა.

გამოძიების ავტორი, ჟურნალისტი იური ნიკოლოვი წერს, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი ოლექსი რეზნიკოვის უწყებას, „რომელსაც დიდი ომის დროს, როგორც ჩანს, გაეზარდა ძარცვის მადა“.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორის განმარტებით, წყარომ თავდაცვის სამინისტროდან მას მიაწოდა ტენდერში გამარჯვებულ ფირმასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ფასების ხელოვნურად გაბერვაზე მეტყველებს. საკონტრაქტო ფასები ჟურნალისტმა მაღაზიების ქსელის («Сільпо») კიევის გარეუბანში მდებარე ფილიალის ფასებს შეადარა.
ამ ხელშეკრულებით სურსათის შესყიდვა უნდა მომხდარიყო 2023 წელს, ფრონტის ხაზიდან მოშორებით განლაგებული სამხედრო ნაწილებისთვის - პოლტავის, სუმის, კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვისა და ჩერკასკის ოლქებში. ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ შედარებულ მაღაზიის ფასებში ასახულია ტრანსპორტირების ხარჯი, ყველა სხვა გადასახადი და მოგების მარჟაც.

13.16 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 360 მილიონი დოლარი) მოცულობის ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერშია გაფორმებული.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად:

  • ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე, ხელშეკრულებაში ასახული ფასები საშუალოდ 2-3-ჯერ აღემატება მაღაზიის ფასებს.
  • მაგალითად, თუკი ერთი კვერცხი, კონტრაქტით - 17 გრივნა ღირს, მაღაზიაში მისი შეძენა 7 გრივნად შეიძლება; 1 კგ კარტოფილი, კონტრაქტით - 22 გრივნაა, მაღაზიაში - 8-9 გრივნა; ქათმის ბარკლები, კონტრაქტით - 120 გრივნაა, მაღაზიაში - 80 გრივნა და ა.შ.
  • კონტრაქტორ კომპანიას, 2021 წელს, საგადასახადო სამსახურმა გაუუქმა დღგ-ის გადამხდელის მოწმობა, შეკვეთების არარსებობისა და დეკლარაციის წარუდგენლობის გამო. 2019 წელს იგივე ფირმა ფიგურირებდა სისხლის სამართლის საქმეში - პენიტენციური დაწესებულებებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორებისთვის საქონლის ხორცის მიწოდების ტენდერში კომპანიამ, სავარაუდოდ, ყალბი დოკუმენტი წარადგინა.

გამომძიებელი ჟურნალისტი კონტრაქტში ასახულ ფასებს ადარებს მონაცემებს 2021 წლის ანალოგიური კონტრაქტიდან და ახალი კონტრაქტის ფასები მნიშვნელოვნად აღემატება ომამდელს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული მასალების ღია წყაროებით მოპოვება ამჟამად შეუძლებელია და დღეს უკვე, ომის მიმდინარეობის არგუმენტით, თავდაცვის სამინისტრომ წვდომა წინა წლების დოკუმენტებზეც შეზღუდა.

ხმაური, დაჭერის მუქარა, ვალდებულებები

„Зеркало недели“-ს გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, იმავე დღეს, 21 იანვარს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა უკრაინის რადაში, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტში დაიბარეს. დაიგეგმა დახურული სხდომის მოწვევა „უახლოეს მომავალში“, - ამის შესახებ, 21 იანვარს, სააგენტო „უნიანი“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მარიანა ბეზუგლაიას ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა.

ბრალდებებს 22 იანვარს, კვირას გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო და საგამოძიებო სტატიაში ასახულ ფაქტებს წინასწარ გამიზნული ტყუილი უწოდა. ამასთან, უკრაინული მედიის თანახმად, რეზნიკოვის უწყება ლაპარაკობდა შესაბამისი მასალების მომზადებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაგზავნის გეგმაზე - „ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების“ ფაქტის შესასწავლად. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა „წინასწარ განზრახული მანიპულაციის ნიშნებით“, რაც „დაბნეულობას იწვევს“. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ დაიწყო შიდა მოკვლევა.

23 იანვარს, ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე უკრაინის რადაში, დავით არახამია დაემუქრა კორუმპირებულ მოხელეებს, რომ, რადგან სახელმწიფოს ოფიციალური თუ არაოფიციალური გაფრთხილებები ვერ შეისმინეს, გაზაფხულზე მათი აქტიური დაკავების პროცესი დაიწყება.

„ზოგიერთმა ადამიანმა გონება დაკარგა და შიშისა და სინანულის გარეშე ძარცვავს“, - წერს არახამია და დასძენს, რომ ეს შეეხება როგორც „გენერატორების ბოლოდროინდელ შესყიდვას“, ასევე „ახალ სკანდალს თავდაცვის სამინისტროში“, საკითხზე საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ და თავად გამოვა ინიციატივით, რომ „დაბრუნდეს საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე“.

დავით არახამიას ცნობით, უახლოეს ხანში დასრულდება კონკურსი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე და დაასრულებენ დამოუკიდებელი „ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას“.

დამოუკიდებელი, გამართული ანტიკორუფციული სისტემის ამოქმედება, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის ივნისში წამოყენებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა იმისთვის, რომ წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ წარმატებით გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა.
„კორუფციასთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებით - მაღალ დონეზე, აქტიური და ეფექტიანი საგამოძიებო პროცესის, სამართალწარმოებისა და განაჩენების სანდო ანგარიშგების საშუალებით. დასრულდეს სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში კონკურსის წესით გამარჯვებული ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესი; დაიწყოს და დასრულდეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორის შერჩევისა და დანიშვნის პროცესი“, - წერია 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის განსაზღვრული 7-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-3 პუნქტში.
2022 წლის ივლისში სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის, დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის ოფიციალური ხელმძღვანელი გახდა ოლექსანდრ კლიმენკო, რომელმაც კონკურსში 6 თვით ადრე გაიმარჯვა.

კორუფცია უკრაინისთვის მტკივნეული გამოწვევა იყო ომის დაწყებამდეც და ქვეყნის მაჩვენებლები არასახარბიელო იყო საერთაშორისო რეიტინგებშიც. რესურსებით მდიდარი ქვეყნის განვითარების შეფერხებასაც ექსპერტები ხშირად სწორედ კორუფციის მაღალ დონეს უკავშირებდნენ.

მეთვალყურეთათვის თვალშისაცემია, რომ ომის მძიმე გამოწვევების მიუხედავად, უკრაინამ 2022 წელს გააძლიერა კორუფციასთან ბრძოლა და მნიშვნელოვანი, მასშტაბური საქმეების გამოძიება დაიწყო. დეკემბერში „როიტერსი“, რესპონდენტებზე დაყრდნობით, წერდა, რომ უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლას გადაუდებელ ამოცანად მიიჩნევენ, მათ შორის - დასავლელი პარტნიორების დასამშვიდებლად, რომლებიც მზად არიან, მომავალ წლებში ქვეყანას, აღსადგენად, ათობით მილიარდი დოლარი გაუგზავნონ.

„მათი სიტყვებით, ეს [კორუფციასთან ბრძოლა] ასევე გადამწყვეტი იქნება შემდგომი აგრესიისგან დაცვისთვის ქვეყნის მიერ გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტირებისთვის აუცილებელი სტატუსის მოსაპოვებლად“, - წერს „როიტერსი“.

საერთაშორისო პარტნიორები ხშირად აღნიშნავენ, რომ კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა უკიდურესად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ამა თუ იმ ქვეყნის როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გასაწევრიანებლად.

"გენერატორების სკანდალი"

თუკი თავდაცვის სამინისტროს გარშემო აგორებული სკანდალი ჯერჯერობით კვლევის ეტაპზეა, გამოძიება არ დაწყებულა და არც დამნაშავეები გამოვლენილან, სხვა საქმეზე უკვე დააკავეს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი.

ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ვასილი ლოზინსკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა 21 იანვარს დააკავეს 400 ათასი დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით. ლაპარაკია 2022 წლის ზაფხულში მომხდარ ფაქტზე, რომელიც გენერატორების შესყიდვას უკავშირდება.

ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იტყობინება, რომ მინისტრის მოადგილემ და გარკვეულმა პირებმა მიითვისეს დენითა და გათბობით უკრაინელების ზამთარში უზრუნველსაყოფად გამიზნული მასშტაბური პროექტის ხარჯების ნაწილი. არ გამორიცხავენ დამნაშავეთა წრის გაფართოებას.

დაკავებულ ვასილი ლოზინსკის 5-დან 10 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.

22 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს ფაქტი არის სიგნალი ყველასთვის, ვინც თავისი ქმედებებით არღვევს სამართლიანობის პრინციპს.

ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა 22 იანვარს ვასილი გოლოვანოვის იუტუბგადაცემაში თქვა, რომ რუს დამპყრობლებზე მეტად სძულს კორუმპირებული უკრაინელი ჩინოვნიკები, რომლებიც ხალხის სისხლზე ითბობენ ხელებს. თუმცა, მისი თქმით, ასეთი ფაქტები ჩრდილს ვერ მიაყენებს უკრაინელ ხალხს, თუკი დამნაშავეები დროულად და სამაგალითოდ დაისჯებიან.

„ყველა ხალხში არიან ადამიანები, რომელთათვისაც წმინდა არაფერი არსებობს. ამიტომ თამამად უნდა ვაჩვენოთ ეს ფაქტები, თამამად გამოვამზეუროთ და ჩავსვათ ისინი [საპატიმროში]... ბოლომდე უნდა გამოვიძიოთ ეს საქმეები - მარტო ამას ვერავინ გააკეთებს, რაღაც სქემები იქნება, ალბათ ვიღაცებთან მიჰქონდათ [ფული]... ასეთ ისტორიებზე უარესი არაფერია“, - ამბობს გორდონი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG