Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან აშშ-ში გაგზავნილი ვენტილატორების უცნაური ამბავი


აპრილში რუსეთიდან აშშ-ში გაგზავნილი ტვირთი სამედიცინო დანიშნულების ნივთებით.
აპრილში რუსეთიდან აშშ-ში გაგზავნილი ტვირთი სამედიცინო დანიშნულების ნივთებით.

აპრილის დამდეგს რუსეთმა აშშ-ში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნები გაგზავნა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამერიკაში ის არ გამოუყენებიათ. ზოგი მათგანი კი იმავე ტიპის იყო, რომელთაც ხანძარი და პაციენტების სიკვდილი გამოიწვიეს რუსეთის კლინიკებში.

ეს გამოაცხადეს კეთილი ნების აქტად, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალებად, როცა ორივე ქვეყანა ცდილობს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას.

მაგრამ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებისა და სხვა მასალების ტრანსპორტირებას თავიდანვე ახლდა გაუგებრობები და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია.

რა იყო ეს, ჰუმანიტარული დახმარება? იყო ეს შესყიდვა ტექნიკისა, რომლის წარმოებაც აშშ-ს თავადვე შეეძლო? ვინ გაწია ხარჯები? ვინმეს ესმოდა თუ არა, რომ ამ საქმეში მონაწილე რუსულ კომპანიებს შეიძლება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციები ეხებოდა? კრემლი პროპაგანდისტული გამარჯვების მოპოვებას ცდილობდა? აშშ-ს დასცინოდა?

დღეს უკვე ვიცით, რომ 45 ვენტილატორი არასოდეს გამოუყენებიათ აშშ-ში. და ზოგი მათგანი იმავე ტიპის იყო, რომლებმაც ხანძარი და COVID-19-ით დაავადებულთა სიკვდილი გამოიწვია რუსეთის კლინიკებში. ამის გამო რუსეთის რეგულატორმა განკარგულება გასცა, შეჩერებულიყო მათი გამოშვება მაშინ, როცა ასეთ აპარატებზე ძალზე დიდია მოთხოვნილება კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

კრემლმა ამერიკაში ვენტილატორების გაგზავნა დიდსულოვნების ჟესტად დახატა. ასე ჰყვებოდნენ სახელმწიფო მედიასაშუალებები, აჩვენებდნენ სატვირთო თვითმფრინავ „ანტონოვს“, რომელშიც ტვირთავდნენ ყუთებს წარწერით: „რუსეთისგან - სიყვარულით“. ვენტილატორებთან ერთად იყო ნიღბები, ხელთათმნები და სამედიცინო დანიშნულების სხვა ნივთები.

აშშ-ში რუსეთის ელჩმა ამას „ჰუმანიტარული მისია“ უწოდა.

„დარწმუნებული ვართ, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკაც გაგვიწევს დახმარებას და ჩვენ სიხარულით მივიღებთ მას. ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე,“ დაწერა მან ფეისბუკში.

ნიუ-იორკში ტვირთის ჩატანიდან ერთ დღეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო თავისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი. ტრამპს ჰკითხეს, ხომ არ შიშობს, რომ ეს პროპაგანდისტული ხრიკი შეიძლება იყოს.

„ოდნავაც არ მაფიქრებს რუსეთი და პროპაგანდა,“ უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს 2 აპრილს. „მე მივიღე ძალიან ბევრი ძალიან მაღალი ხარისხის სამედიცინო მასალა. ამან შეიძლება ბევრი სიცოცხლე გადაარჩინოს და მე ამას ყოველდღე მივიღებ.“

რუსეთის სამედიცინო ტექნიკას თვითმფრინავიდან ტვირთავენ ნიუ-იორკის ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წ. 1 აპრილი.
რუსეთის სამედიცინო ტექნიკას თვითმფრინავიდან ტვირთავენ ნიუ-იორკის ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წ. 1 აპრილი.

მაგრამ გაჩნდა დამატებითი შეკითხვები, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ხელისუფლების საპირისპირო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს ტვირთი შეწირულობა კი არა, არამედ იმპორტი იყო. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ კიდევ ერთი დეტალი დაამატა ამ ბუნდოვან ვითარებას და დაადასტურა, რომ ეს მართლაც იყო შესყიდვა, ოღონდ ვაშინგტონმა და მოსკოვმა ხარჯები გაინაწილესო.

სანქციების დამრღვევები?

გარდა ამისა, ზახაროვამ განმარტა, რომ რუსეთის მხრიდან ხარჯები დაიფარა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდიდან, 10 მილიარდი დოლარის მოცულობის სახელმწიფო ფონდიდან (RDIF), რომლის მიზანია რუსეთში ინვესტიციების მიზიდვა.

45 ვენტილატორიდან, რომლებიც შედიოდა ტრანსპორტში, ბევრი მათგანი წარმოებული იყო ურალის ხელსაწყოების ქარხანაში, რომელსაც ფლობს „რადიო-ელექტრონული ტექნოლოგიების კონცერნი“ (KRET).

თავის მხრივ, KRET-ის მფლობელია Rostec-ი, გიგანტური სახელმწიფო კონგლომერატი, რომელშიც თავმოყრილია რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური მრეწველობის რიგი ყველაზე ცნობილი საწარმოებისა.

RDIF-საც და Rostec-საც შეეხო აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციები. RDIF-ის - მის ყოფილ დედობილ კომპანიას, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ Vnesheconombank-თან ერთად - 2015 წელს შეეხო დასავლეთის სანქციები, რომელთა მიზანი იყო მოსკოვის დასჯა მანამდე ერთი წლით ადრე უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდებისთვის. მსგავსი მიზეზით დაუწესდა სანქციები Rostec-საც.

როგორც RDIF-ის წარმომადგენელმა განუცხადა გასულ თვეში რადიო თავისუფლებას, ასეთ შემთხვევაში ფონდზე არ ვრცელდება აშშ-ის სანქციები.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმაც ანალოგიური კომენტარი გააკეთა, მაგრამ ამავე დროს დასძინა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას გამონაკლისის გაკეთება შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

თუმცა, ABC News-ის 1 მაისის რეპორტაჟიდან ვიგებთ, რომ რუსეთმა აშშ-ისგან 660 ათასი დოლარი მოითხოვა ტვირთის მიწოდებისთვის. აშშ-ის საგანგებო ვითარებების მართვის ფედერალურმა უწყებამ (FEMA), რომელიც კოორდინაციას უწევს ამერიკაში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, წარმოადგინა რუსეთიდან მიღებული ტვირთის სია. მასში ჩამოთვლილია M-95 ტიპის 4000 ნიღაბი - სამხედრო დანიშნულების ნიღბები, რომლებიც ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისგან თავის დასაცავად გამოიყენება. უწყების თანახმად, ტვირთი შეიცავდა ასევე 15 ათას რესპირატორს, 30 ათას ქირურგიულ ხელთათმანს, 400 ათას კომპლექტ სამედიცინო დანიშნულების ტანსაცმელს და სხვა წვრილმან ნივთებს.

ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი Aventa-M, რომელსაც ურალის ხელსაწყოთა ქარხანა აწარმოებს.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი Aventa-M, რომელსაც ურალის ხელსაწყოთა ქარხანა აწარმოებს.

მინიმუმ 15 ვენტილატორი იყო Aventa-M მოდელისა, 25 კი რუსეთის სხვა საწარმოს მიერ იყო დამზადებული. ხუთი მათგანის წარმომავლობა გაურკვეველია.

რადიო თავისუფლებამ შეამოწმა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია და, როგორც აღმოჩნდა, ვენტილატორების საერთო ფასი, სავარაუდოდ, მინიმუმ 1 მილიონ დოლარამდეა.

„ზედმეტი სიფრთხილე“

ტვირთის ამერიკაში ჩასვლისას არც აშშ-ის ფედერალურმა მოხელეებმა და არც აშშ-ის ორი ყველაზე მეტად დაზარალებული შტატის, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა არ გაასაჯაროვეს, სად და როგორ იქნებოდა გამოყენებული რუსეთიდან მიღებული ტექნიკა.

20 აპრილს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელიც იცნობს ამ ტვირთების ლოგისტიკასთან დაკავშირებულ გარემოებებს, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მიღებული ნივთები არ განაწილებულა და უხმარად ინახება საწყობში ნიუ-იორკის არეალში.

FEMA-ს პრესმდივანმა ჯანეტ მონტესიმ 12 მაისს განაცხადა, რომ ვენტილატორები არ გაგზავნილა აშშ-ის საავადმყოფოებში, ვინაიდან შეინიშნება COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვის სტაბილიზება.

ამავე დროს მან თქვა, რომ „შტატები ზედმეტი სიფრთხილის გამო ვენტილატორებს უკან უბრუნებენ FEMA-ს.“

მონტესის არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება „ზედმეტ სიფრთხილეში“.

თუმცა ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის უსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ, როგორც ჩანს, Aventa-M-ის ტიპის ვენტილატორების ბრალი იყო ხანძარი ორ სხვადასხვა კლინიკაში სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, რის შედეგადაც რამდენიმე პაციენტი დაიღუპა.

13 მაისს რუსეთის ჯანდაცვის მრეწველობის რეგულატორმა გამოსცა განკარგულება, რომ შეჩერდეს 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ დამზადებული Aventa-M-ის ტიპის ყველა ვენტილატორის გამოყენება. მიზეზად დასახელებული იყო ზემოხსენებული ხანძრები.

ბუნდოვანია, რატომ განაცხადა უწყებამ, რომ უნდა შეჩერდეს მხოლოდ 1 აპრილის შემდეგ დამზადებული აპარატების ხმარება. ეს სწორედ ის თარიღია, როცა აშშ-ში ჩავიდა ვენტილატორების პარტია რუსეთიდან.

ურალის ქარხანა რუსეთში ვენტილატორების და მსგავსი სამედიცინო ტექნიკის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. რუსეთის მთავრობამ ახლახან გამოაცხადა ათასი ახალი ვენტილატორის მსხვილი შეკვეთის შესახებ, ვინაიდან ქვეყანაში იზრდება დაავადებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი.

ჯანდაცვის მრეწველობის რეგულატორის, „როსზდრავნადზორის“ პრესსამსახურში არავინ გამოეხმაურა რადიო თავისუფლების მცდელობას, დამატებით ინფორმაცია მოეპოვებინა ამ საკითხზე.

ამჟამად რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

15 აპრილს თეთრ სახლში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უპასუხებს რუსეთის ჟესტს.

„მე ვფიქრობ, რუსეთს დასჭირდება ვენტილატორები. მოსკოვში ახლა უჭირთ. ჩვენ მათ დახმარებას ვაპირებთ,“ თქვა ტრამპმა ბრიფინგზე.

ერთი თვის შემდეგ ჯერჯერობით არაა ცხადი, ძალაშია თუ არა ეს გეგმა.

7 მაისის სატელეფონო ზარის შემდეგ კრემლმა განაცხადა, რომ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, სამედიცინო ტექნიკით დაეხმაროს რუსეთს. ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ამერიკული მხარის ვერსია ოდნავ განსხვავებულია. თეთრი სახლის თქმით, ტრამპმა პუტინს უთხრა, რომ აშშ „მზად არის დახმარება აღმოუჩინოს გასაჭირში მყოფ ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის რუსეთს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG