Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლა უხილავ ფრონტზე


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) თანამშრომლები.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) თანამშრომლები.

რუსეთის მიერ ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებით იერიშების გააქტიურებასთან ერთად, შესამჩნევად გააქტიურდნენ რუსეთის აგენტებიც, რომლებიც სადაზვერვო ცნობებს აწვდიან რუსეთის არმიას და ასევე ძირგამომთხრელ მუშაობას ეწევიან უკრაინის ზურგში.

იანვრის ბოლოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) დააკავა დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში მდებარე ქალაქ სევერსკის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან აგროვებდა სადაზვერვო ცნობებს ბახმუტის რაიონის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დანაყოფების განლაგების შესახებ.

იანვრის ბოლოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბორკილები დაადო ხარკოვის ტერიტორიაზე აღმოჩენილ პირს, რომელიც მოწინააღმდეგეს კოორდინატებს გადასცემდა ხარკოვზე სარაკეტო იერიშების კორექტირებისათვის.

საომარ ვითარებაში ჩადენილი სახელმწიფო ღალატი, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ქონების კონფისკაციით 12-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აგენტი ხარკოვიდან და ცნობები ტელეგრამის საშუალებით

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 30 იანვარს განაცხადა, რომ დააკავა პირი, რომელიც ქალაქ ხარკოვზე მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის კორექტირებაშია ეჭვმიტანილი.

აღსანიშნავია, რომ ეს დაკავება დაემთხვა რუსეთის მხრიდან ხარკოვზე 29 იანვარს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, რომლის შედეგად, ქალაქის ცენტრში ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა S-300 ტიპის რაკეტა გამოიყენა.

უკრაინის უშიშროების სამსახურს არ დაუზუსტებია, არის თუ არა ეს სარაკეტო იერიში ეჭვმიტანილის მიერ მოწინააღმდეგის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობის შედეგი. SBU-ს ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ დაკავებული მამაკაცი აგროვებდა ცნობებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ხარკოვში გადაადგილების მარშრუტებისა და ადგილმდებარეობის შესახებ და ამ ცნობებს რუს სამხედროებს ტელეგრამის საშუალებით აწვდიდა.

გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილი გადაადგილდებოდა ხარკოვის ტერიტორიაზე, „ფარულად აკვირდებოდა უკრაინის თავდაცვის დანაყოფებს და აფიქსირებდა მათ დისლოკაციას“.

საგამოძიებო მოქმედებების დროს მას აღმოაჩნდა სმარტფონი, რომელშიც რუსეთის წარმომადგენლების პირად მონაცემებს ინახავდა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცს აცნობეს, რომ ის ეჭვმიტანილია „უკრაინის შეიარაღებული ძალების განლაგების შესახებ არასანქცირებული ინფორმაციის გავრცელების“ მუხლით. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ეჭვმიტანილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გასული წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის არმია არაერთხელ შეეცადა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის ხელში ჩაგდებას, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის შემდეგ რუსეთის არმიამ 11 სექტემბერს დატოვა ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი და მას შემდეგ რეგულარულად უშენს ცეცხლს ქალაქში არსებულ კრიტიკული მნიშვნელობის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, იერიშები მეტწილად რუსეთის ბელგოროდის ტერიტორიიდან ხორციელდება. თუმცა, მოსკოვი სამოქალაქო ობიექტებზე სამხედრო იერიშებს უარყოფს.

„მიძინებული აგენტები“ და მათი მისია

ექსპერტების თქმით, იერიშების გაფართოების კვალობაზე, მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გაააქტიურებს უკრაინის ზურგში შექმნილ ე.წ. მიძინებულ აგენტურულ ჯგუფებს, რაც მოდუნების საშუალებას არ აძლევს უკრაინის „უხილავი ფრონტის“ მებრძოლებს.

„იმის გამო, რომ რუსეთს სხვა სახის, კოსმოსური და სათანამგზავრო დაზვერვა, პრაქტიკულად არ გააჩნია, თვით სარაკეტო იერიშების ეფექტიანობის დასადგენადაც რუსეთის სარდლობას სწორედ აგენტურული დაზვერვის ამოქმედება უწევს. ამიტომ, სწორედ აგენტურულ დაზვერვაში აბანდებს რუსეთი ყველაზე მეტ ფინანსებს და ახდენდა და ახდენს ე.წ. მიძინებული აგენტების გადაბირებას. შესაბამისად, შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ შემდგომშიც გააძლიერებს თავის ძალისხმევას აგენტურული დაზვერვის მიმართულებით, ვინაიდან რუსეთს დაზვერვის სხვა სახეობების მხრივ ძალიან რთულად აქვს საქმე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა მიხაილო სამუსმა.

როგორც უკრაინაში მებრძოლი ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე განმარტავს, მიძინებული ეწოდება ჯაშუშს, რომელიც პასიურ მდგომარეობაში იმყოფება გარკვეული დროის, შეიძლება წლების განმავლობაში და ცენტრიდან შესაბამისი მითითების შემდეგ იწყებს მოქმედებას.

„მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩატარდა ოპერაცია ქალაქ სუმში, სადაც მათი [რუსების] ერთ-ერთი აგენტი სამხედრო ადმინისტრაციაში შეღწევას აპირებდა. უფრო ზუსტად, ფაქტობრივად მუშაობის დაწყებას აპირებდა. ასეთი აგენტურული ქსელი განსაკუთრებით ძლიერი აღმოსავლეთ რაიონშია. თქვენ იცით, რომ უკრაინის აღმოსავლეთი რუსიფიკაციის ზღვარზე იყო და ლამის გასული იყო საკონსტიტუციო სივრციდან. შესაბამისად, რუსეთს ძალიან ბევრი აგენტურულ ჯგუფი ჰყავს ე.წ. პრორუსულ ქალაქებში, როგორებიცაა კრამატორსკი, სლავიანსკი, ხარკოვი და ზაპოროჟიე. მაგრამ უკრაინის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საკმაოდ კარგად და ეფექტიანად მუშაობს, რათა სწორედ ეს მიძინებული ჯგუფები აღმოაჩინოს“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.

სულ ახლახან მან საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა ქალაქ ტერნოპოლში ერთ-ერთი ასეთი მიძინებული აგენტურული ჯგუფის წარმომადგენლის დაკავების შესახებ.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, კრემენეცკის რაიონის ბინადარია, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადაიბირა.

„აგრესორის თანამზრახველი აგროვებდა ინფორმაციას უკრაინის დასავლეთ რაიონებში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებისა და მათი მუშაობის განსაკუთრებული თავისებურებების შესახებ. პირველ ყოვლისა, მას აინტერესებდა ადგილობრივი ელექტროსადგურების ლოკაცია და ტექნიკური დახასიათება. მიღებული ცნობები მას უნდა გადაეცა მტრისათვის, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ზუსტი სარაკეტო დარტყმების სერიის მომზადებას და განხორციელებას აპირებდა“, - ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) ანგარიშში.

ამჯერადაც ეჭვმიტანილი სმარტფონის საშუალებით ცდილობდა ინფორმაციის მიწოდებას თავისი რუსი კურატორებისთვის.

უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა მას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი სახელმწიფო ღალატი) წარუდგინეს.

ქალაქ სევერსკში ჯაშუშობისთვის დაკავებული ოპოზიციური პარტიის წევრი

31 იანვარს გავრცელდა ცნობა, უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ (SBU) რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული კიდევ ერთი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ.

SBU-ს ანგარიში მას უწოდებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (უფრო ცნობილი, როგორც GRU) აგენტს, რომელიც დონბასში ფრონტის წინა ხაზზე მოქმედებდა.

„გასული წლის ოქტომბრიდან ის აგროვებდა სადაზვერვო ცნობებს ბახმუტის რაიონის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დანაყოფების განლაგების შესახებ. იგი (აგრესორს) ასევე აწვდიდა კოორდინატებს ადგილობრივი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და ენერგოგენერაციის საწარმოების შესახებ“, - ნათქვამია SBU-ს ანგარიშში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ეჭვმიტანილისგან მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშებისთვის გამოიყენეს.

დაკავებულს ბრალდება გააცნეს. სასამართლომ ეჭვმიტანილი პატიმრობაში დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ქალაქ სევერსკის საკრებულოს დეპუტატი და უკრაინაში აკრძალული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“, წევრი აღმოჩნდა.

ამ პარტიის საქმიანობა აკრძალულია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მისი ლიდერი, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამას უწოდებენ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით შარშან დააკავა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოსკოვთან მედვედჩუკის კონტაქტებმა 2014-2015 წლებში ძირი გამოუთხარა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. 2022 წლის სექტემბერში მედვედჩუკი რუსეთის მიერ მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს.

2023 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა პრორუსულად მიჩნეული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“ წევრ პოლიტიკოსებს: ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, რენატ კუზმინსა და ანდრეი დერკაჩს.

ეს უკანასკნელი უკრაინაში რუსული ჯაშუშური ქსელის დამაარსებლად ითვლება და სახელმწიფო ღალატსა და უკანონო გზით გამდიდრებაშია ეჭვმიტანილი. დერკაჩი მიმალვაში იმყოფება და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG