Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთით ნაკლები მოღალატე" - როგორ და ვინ ასამართლებს რუსეთის მხარდამჭერებს უკრაინაში


რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქი. 2022 წლის 5 მაისი.
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქი. 2022 წლის 5 მაისი.

უკრაინაში გაჩაღებულია ბრძოლა რუსეთის, როგორც დამპყრობლის, ადგილობრივ მოკავშირეებთან. ამოქმედებულია როგორც საკანონმდებლო მექანიზმები, ასევე კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ, სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა, ანონიმი „პარტიზანები და პატრიოტები“ მოქმედებენ.

22 მაისს ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ ენერგოდარში ოკუპანტებთან თანამშრომლობაში მხილებული ჩინოვნიკის აფეთქება სცადეს. როგორც იტყობინებიან, ის სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს დაჭერილი პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის თანაპარტიელები ეხმარებიან.

რუსი სამხედროები მათ მხარეს გადასულ კოლაბორაციონისტებს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ, მაგრამ თავდასხმისგან მაინც ვერ იცავენ.

აფეთქება სადარბაზოში

აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც, კურჩატოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ ენერგოდარის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი შევჩიკი შედიოდა.

როგორც რუსეთის მედია იტყობინება, დაცვის წევრებთან ერთად, აფეთქებისას დაშავდა თავად შევჩიკიც და ის დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქების უკან ადგილობრივი პარტიზანები დგანან.

სადარბაზოში, რომლის კარიც სავარაუდოდ თვითნაკეთი მექანიზმის საშუალებით ააფეთქეს, შევჩიკის დედა ცხოვრობს და შვილი ყოველდღე მიდიოდა მასთან.
ზოგიერთი წყარო არ ადასტურებს ქალაქის „კოლაბორაციონისტი“ ხელმძღვანელის დაშავების ფაქტს.

„შეგვიძლია გავიმეოროთ [აფეთქება - რთ]“, „უფრო ხარისხიანად უნდა განმეორდეს“, „საქმე ბოლომდეა მისაყვანი“, „იცოდეს - რა ემუქრება“, - წერენ ამ ცნობასთან დაკავშირებით სოციალური ქსელების მომხმარებლები, უკრაინული გვარებით.

ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, შევჩიკი მკაფიოდ პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა „За життя“-ს (ОПЗЖ, «Оппозиционная платформа - За жизнь», უკრაინულად - "Опозиційна платформа - За життя») დეპუტატი იყო ქალაქის საკრებულოში.

ОПЗЖ-ს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი იყო პრორუსი ოლიგარქი, ამჟამად საპატიმროში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი. ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან კოლაბორაციონალიზმში ამ პარტიის არაერთი წევრი იქნა მხილებული.

ქალაქი ენერგოდარი რუსეთის არმიამ მარტში დაიკავა. მათი მხარდაჭერით, 27 მარტს, შევჩიკმა გამოაცხადა, რომ ქალაქში მუშაობას იწყებდა „თვითორგანიზების საზოგადოებრივი საბჭო“, როგორც მმართველობითი ორგანო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებდა. მიზნად დასახელდა - „პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ქალაქელის კომუნიკაცია“.

ენერგოდარის არჩეული მერი, დმიტრო ორლოვი იტყობინება, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული შევჩიკის ნაცვლად, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, რუსმა სამხედროებმა ქალაქის მმართველობა მის მოადგილეს, რუსლან კირპიჩევს ჩააბარეს.

კირპიჩევი მარტში ჩავიდა ენერგოდარში რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკიდან და, ორლოვის განმარტებით, სწორედ მან ასწავლა კოლაბორაციონალისტ მმართველებს ადგილობრივი მეწარმეებისგან ფულის გამოძალვის მეთოდები.
ორლოვის ინფორმაციით, კირპიჩევი თავად იყო მხილებული გადასახადების დამალვაში და ახლა ააწყო სქემა, როცა მეწარმეთა ფული არა ბიუჯეტში, არამედ რამდენიმე ადამიანის ჯიბეში მიდის.

დაუზუსტებელია ცნობები შევჩიკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე - დაუბრუნდება თუ არა ის თავის თვითგამოცხადებულ სამსახურს.

ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ადგილობრივები არაერთხელ გამოვიდნენ საპროტესტო აქციებით და ამ ეტაპზე გაფიცულია სახანძრო-სამაშველო სამსახური - მათი ხელმძღვანელის დაკავების გამო. რუსეთის მედია კი, რუსეთის არმიის მხარდაჭერის გამოვლინებად აფასებს ქალაქის მკვიდრთა ნაწილის მიერ 9 მაისის აღნიშვნას.

500 ათას გრივნად

11 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა ერთგვარი ნადირობა გამოაცხადეს უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში, ასევე რუსეთის არმიის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელ კირილ სტრემოუსოვზე.

უკრაინის მედია ეყრდნობა პოლიტოლოგ სერგეი დანილოვის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ჩანს საინფორმაციო ფურცელი - სტრემოუსოვის ფოტოთი და წარწერით „სიკვდილი მტრებს“. მის მოკვლაში უცნობებს 500 ათასი გრივნა აქვთ დაწესებული.

რუსეთში, კრემლის მხარდამჭერ მედიაში გამოხატულია დიდი წუხილი იმის შესახებ, რომ „ნაციონალისტები“ უკრაინაში სიკვდილით ემუქრებიან, ანდა კლავენ იმ პირებს, რომლებსაც სურთ უკრაინაში „გათავისუფლების მიზნით“ შესულ რუს სამხედროებთან თანამშრომლობა. ყურადღება „ლინჩის წესის“ დამკვიდრებაზეა გამახვილებული.

"ერთით ნაკლები მოღალატე"

რუსეთის მედიას მაგალითად მოჰყავს, თუ როგორ იპოვეს მკვდარი, 3 მარტს, ლუგანსკის ოლქის კრემენეცის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმირ სტრუკი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სტრუკი ადგილობრივებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა.

კოლაბორაციონიზმში მხილებული სტრუკიც მედვედჩუკის თანაპარტიელია, ОПЗЖ-დან.

„უკრაინაში ერთი მოღალატით ნაკლები დარჩა“, - ამ სიტყვებს უკრაინის მედია შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწეს, ანტონ გერაშჩენკოს მიაწერს. ის ამბობს, რომ სტრუკი ბოლო პერიოდში აქტიურად მიემხრო რუსეთს და აგიტაციას ეწეოდა ადგილობრივ დეპუტატებს შორის - გადასულიყვნენ მტრის მხარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრემენეცის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სიცოცხლეს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმეს და მისი გვამის ფოტოები სოციალურ ქსელებში მოულოდნელად გამოიფინა, მისი მცირეხნიანი დაკარგვის შემდეგ.

„მას ჰქონდა ბევრი ფული, დიდი ალბათობით - რუსეთის მხარდაჭერით... და როცა რუსეთის ჯარი 15 კილომეტრში იყო, ის სახალხო ტრიბუნალის სამართლით გაასამართლეს. როგორც ჩანს, ის დახვრიტეს უცნობმა პატრიოტებმა, როგორც მოღალატე, ომის პერიოდის კანონების შესაბამისად“, - ივარაუდა გერაშჩენკომ. მის სიტყვებს ავრცელებენ როგორც უკრაინული, ასევე რუსული წყაროები.

ისევ მედვედჩუკის გუნდიდან

23 მაისს მარიუპოლის საქალაქო საბჭომ გამოაქვეყნა ე.წ. კოლაბორანტების 9-წევრიანი სია, ისევ ОПЗЖ-ს ადგილობრივი დეპუტატების შემადგენლობით.

„მათი ბრალია მარიუპოლის განადგურება და ათასობით დაღუპული... ეს მოღალატეები თავიანთი ნებით მიემხრნენ მტერს და ახლაც დასცინიან ჯერ ისევ ქალაქში დარჩენილ მარიუპოლელებს“, - წერია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

ტექსტში აღნიშნულია ასევე, რომ სწორედ ОПЗЖ-ს ამ დეპუტატებმა გაუკეთეს ორგანიზება 9 მაისის აღნიშვნას „ადამიანების ძვლებზე“ - თვეების განმავლობაში ალყაშემორტყმულ და თითქმის ბოლომდე დანგრეულ ქალაქში. ამ დროს, პარალელურად, უმოწყალოდ იბომბებოდა „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აფარებდნენ თავს.

„შეძახილებით "ვაშა", მათ მსვლელობა მოაწყვეს ქუჩებში, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ესვენნენ დაღუპული მარიუპოლელები“, - წერია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, ვინც კოლაბორაციაშია მტერთან, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.

ОПЗЖ-ს გარდა, კიდევ სხვა 10 პრორუსული პარტიის მუშაობა აკრძალულია უკრაინაში. უკრაინული წყაროების თანახმად, მარტში აკრძალვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების დონეზე გამოცხადდა, ხოლო მაისში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა და 14 მაისს რადის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა ხელი.
უკრაინის რადამ მარტში დაამტკიცა ასევე კანონები რუსეთთან სხვადასხვა სახის ანტისახელმწიფოებრივი თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
მტერთან კოლაბორაციონიზმისთვის, მათ შორის - რუსეთის მხარის მიერ შექმნილ ორგანოებში მუშაობისთვის, საპატიმრო სასჯელის ვადა 15 წელსაც აღწევს, ქონების სრული კონფისკაციის შესაძლებლობით.

5 აპრილს სახელმწიფო ორგანოებზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ აღძრული იყო სისხლის სამართლის 600-ზე მეტი საქმე სახელმწიფოს ღალატისა და კოლაბორაციონიზმის ბრალდებებით. სხვადასხვა წყაროს (დაუზუსტებელი) ცნობით, აღძრული საქმეების საერთო რაოდენობა ათასებს უტოლდება, ხოლო დაკავებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება.

ინტერნეტში იძებნება ძალიან ბევრი ინფორმაცია სახელმწიფოს ღალატისა თუ ე.წ. კოლაბორაციონისტი პირების შესახებ, რომლებიც უკვე დაკავებული არიან, დაუსწრებლად მიესაჯათ პატიმრობა თუ ჯერჯერობით მხოლოდ ბრალდებულის სტატუსი აქვთ.

მაგალითად:

  • 12 მაისს სახელმწიფოს ღალატის მუხლით, 10-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს - ა.მ. ავიძბას. ყირიმის ანექსიის დროს პარლამენტში მყოფი 99 დეპუტატიდან 70-ის საქმეს ამჟამად უკრაინის სასამართლოებში განიხილავენ.
  • 24 აპრილს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ დააკავა ხერსონის ოლქის ერთ-ერთი ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი. ამავე წყაროს ცნობით, მამაკაცი გადაიბირა ФСБ-მ, სადაზვერვო მიზნებით.
  • 17 აპრილს დააკავეს კიევის ოლქის დიმერის გაერთიანებული ტერიტორიული თემის ხელმძღვანელი - კაცმა, „დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ“, რუს სამხედროებს ჯერ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, ხოლო მარტის დასაწყისში, მათი მხარდაჭერით, ადგილობრივების წინაშე უკვე მათი „ხელმძღვანელის“ როლში წარდგა. შემდეგ კი, კიევის ოლქიდან რუსეთის არმია გავიდა.
  • 17 აპრილს გამოცხადდა, რომ კოლაბორაციონიზმშია ბრალდებული ხერსონის ოლქის ქალაქ ახალი კახოვკის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციის უფროსად რუსეთის მხარის მიერ დანიშნული მამაკაცი. გვარი არ სახელდება, მაგრამ მედიამ მასში ამოიცნო ვლადიმირ ლეონტიევი, რომელიც რუსეთის მედიას მანამდე ხშირად აძლევდა კომენტარებს.
  • 5 აპრილს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით, დაკავებულია ნიკოლაევის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელი.

ეჭვია "ხალხის მსახურის" დეპუტატზეც

გამოძიების შედეგებს ელოდება სახელისუფლებო პარტია „ხალხის მსახური“, რომლის დეპუტატიც, ალექსეი კოვალიოვი, როგორც „უკრინფო“ იტყობინება, პრაქტიკულად ომის დაწყების შემდეგ, იმყოფება დროებით ოკუპირებულ ხერსონში.

როგორც გამოცემას ეუბნება ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მოადგილე, ელენა შულიაკი, ფრაქციაში იყვნენ კოვალიოვისთვის წევრის უფლებამოსილების შეჩერების მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ თავად შულიაკი აპრილის ბოლოს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მართებულად თვლის.

„ჩვენ მივმართეთ სამართალდამცველ ორგანოებს და გამოვაცხადეთ ფრაქციაში მისი წევრობის შეჩერების შესახებ. ახლა ჩვენ გამოძიების შედეგებს ველოდებით და შემდეგ მოვახდენთ სწორ რეაგირებას. თუკი დამტკიცდება, რომ ის არ თანამშრომლობდა ოკუპანტებთან, ჩვენ მხოლოდ ბედნიერი ვიქნებით ამით“, - აცხადებს ის.

თავად ალექსეი კოვალიოვი უკრაინულ მედიასთან აცხადებს, რომ ვეღარ მოახერხა ხერსონიდან დაბრუნება, რადგან კიევმა „მწვანე დერეფანი“ ვერ უზრუნველყო. დეპუტატი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი და მომავალში შეიძლება საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელოს.
ხერსონში ჩასვლის მიზეზად კოვალიოვი ასახელებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ რეგიონიდან იყო არჩეული მაჟორიტარ დეპუტატად.

ელენა შულიაკის ინფორმაციით, დეპუტატი კოვალიოვი 25-26 თებერვლის შემდეგ იმყოფება ხერსონში და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ „მას არაფერი ემართება“, მაშინ როცა, მაგალითად, ახალგაზრდული ორგანიზაციის, „ЗеМолодежки“-ს წევრებს იტაცებენ.

შულიაკს უკვირს, როგორ ახერხებს დეპუტატი თავისუფლად გადაადგილებას „თითქოსდა ადამიანებისთვის რაღაც დახმარების გადაცემის მიზნით“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG