Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გეგმები შავი ზღვის რეგიონში და ჟენევის 59-ე რაუნდი


რუსეთის საზღვაო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში [2006 წელი] - რომლის განვითარებასაც გეგმავს.
რუსეთის საზღვაო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში [2006 წელი] - რომლის განვითარებასაც გეგმავს.

რას ნიშნავს რუსეთის განცხადება - ნატოს საპირწონედ ცხინვალისა და სოხუმის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ? - ეს შეკითხვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ გაჩნდა. კრემლის მსგავსად, მეტი უსაფრთხოების საჭიროებას ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც უსვამენ ხაზს.

მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, ეკლესიასთან საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლა, რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების თემის სათავისოდ გამოყენებასა და საქართველოსთვის პრინციპულად მიუღებელი საკითხების გააქტიურებას ცდილობენ.

უსაფრთხოების ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა ერთობლივ კომუნიკეში თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი პრიორიტეტულ საკითხად არის გამოყოფილი.

„საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების დროს“ მოკლულ საქართველოს მოქალაქეზე ამახვილებს ყურადღებას აშშ-ის დელეგაცია ეუთოში, 59-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ ტექსტში.

რას ამბობს და რას აპირებს რუსეთი?

„სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახებია ნატოს მზარდი აქტიურობით შავი ზღვის რეგიონში, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმის რეალიზებით, ამ ქვეყნის თანამედროვე იარაღის სახეობებით მომარაგებით“, - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ჟენევის 59-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ აპირებს კრემლი მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გაძლიერებას.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ნატოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მზარდ გაღრმავებას და ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის [ნატო] წარმომადგენლობის ზრდას მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც ფასდება რეგიონული სტაბილურობის სერიოზულ გამოწვევად და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საფრთხედ“, - წერია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო РЕС-ის ცნობაში, რომელიც ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდს მოჰყვა.

ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, სად შეამჩნიეს ნატოს წარმომადგენლობის ზრდა საქართველოში.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის განცხადების უკან, პირველ რიგში, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პორტის განვითარების ჩანაფიქრი იგულისხმება; რასაც აფხაზური წყაროები ადასტურებენ.

„რუსეთი თავისი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს მას შემდეგ, რაც მისი ფლოტი უუნაროდ, [უკრაინელების მხრიდან] საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და გაიქცა ყირიმიდან. მნიშვნელოვანი საყრდენი დაკარგეს შავ ზღვაში. ოჩამჩირის ბაზის მშენებლობის გეგმის დეკლარირებაა ეს განცხადება - დასაბუთებას ცდილობენ, თითქის - თავდაცვისთვის გვჭირდებაო“, - ეუბნება ალექსანდრე კუხიანიძე რადიო თავისუფებას.

  • არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) ოქტომბერში იუწყებოდა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სამუშაოები უკვე დაწყებულია ანაკლიიდან 4 კილომეტრში და, რომ რუსეთის ჩანაფიქრით - „ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია“ და ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად „მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი“.

კუხიანიძე ვარაუდობს, რომ უსაფრთხოების საკითხის წინა პლანზე წამოწევა ასევე არის რუსეთის დემარშის ნაწილი, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაწევას უკავშირდება. პოლიტოლოგი ამავე კონტექსტში აღიქვამს და შემთხვევითად არ თვლის რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მიერ აგვისტოში გაკეთებულ განცხადებებს - რომ რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს შეიერთებს.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისევ პოპულარულია რუსეთთან შეერთების იდეა და სავსებით შესაძლებელია რეალიზება, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები წარმოიქმნება“, - წერს მედვედევი „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შეეხება. ის აცხადებს, რომ „დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო“.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, გავრცელდა არაერთი ძნელად გადასამოწმებელი ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი [№4 და №7] სამხედრო ბაზებიდან მოსკოვს სამხედრო ტექნიკისა თუ ცოცხალი ძალის უკრაინაში გადასროლა მოუწია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიშობდნენ უსაფრთხოების შესუსტების გამო.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ამ დრომდე ვერ ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ბერკეტების გაძლიერებას ცდილობს და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, გააჩნია მასშტაბებს და ა.შ. თუმცა, რაც მე ვიცი და მესმის, რუსეთს ახლა არ სცალია ჯერჯერობით ამისთვის. [უკრაინაში ომის ფონზე] არ მგონია, რომ მას რესურსი, საშუალება და დრო ჰქონდეს ამისთვის... ინფორმაცია არც, ვთქვათ, წვრთნების გააქტიურებასთან ან რაღაც რეალურ მშენებლობებთან დაკავშირებით არსებობს“, - ეუბნება ვახტანგ კაპანაძე რადიო თავისუფლებას. ოჩამჩირის სამხედრო პორტის თემა მისთვისაც მეტად საყურადღებოა, თვლის, რომ ამით „შავი ზღვის რეგიონში საფრთხეები გაიზრდება“, თუმცა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ პორტის გეგმების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ აფხაზური მხარე ლაპარაკობს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზე რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მიხაილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.

მანამდე, რაუნდისთვის მზადების პროცესში, როცა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ხვდებოდა, გალუზინმა ილაპარაკა თბილისთან „უფრო ენერგიული“ მუშაობის აუცილებლობაზე, რათა „არ იქნეს დაშვებული ახალი გამწვავება საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე“.

მოსკოვში ეს შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე - თამაზ გინტური მოკლა.

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლზე

თამაზ გინტურის მკვლელობის ფონზე, რუსეთმა ხელახლა, ახალი ძალით წამოსწია მუდმივად სადავო და საქართველოსთვის პრინციპულად მიუღებელი ორი საკითხი, რაც ასევე ჟენევაში, 59-ე რაუნდზეც დააყენა:

  • საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია ოკუპირებულ რეგიონებთან;
  • ძალის არგამოყენების იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.

ექსპერტები თუ პოლიტიკოსები, უკვე წლებია, აცხადებენ, რომ ამ ორი საკითხის შესრულება თბილისის მიერ ოკუპაციის დაკანონების ტოლფასი იქნება და რუსეთი მიაღწევს მიზანს - აღარ ითვლებოდეს კონფლიქტის მხარედ.

ძალის არგამოყენების პირობა, 2010 წელს, საქართველომ ცალმხრივად უკვე დადო - რომ კონფლიქტის მოგვარება და დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანად მოხდება.

რუსეთი კვლავ კონფლიქტის მხარედ არის მოხსენიებული ეუთოში აშშ-ის დელეგაციის მიერ ჟენევის მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში და მას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.

აშშ-ის მისია აცხადებს, რომ სწორედ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას მოჰყვა ნოემბერში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის [თამაზ გინტურის] მკვლელობა „საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების გამო“. „ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის მოქმედებებს, რომლებმაც მისი სიკვდილი გამოიწვია“, - წერია განცხადებაში.

თამაზ გინტურის მკვლელობა პრიორიტეტულ საკითხად არის გამოყოფილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც ეუთოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

„რაუნდი ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე. ამ კონტექსტში, 2023 წლის 6 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტი ფართო დისკუსიის თემა იყო და მონაწილეებმა ფართოდ გაცვალეს მოსაზრებები მსგავსი ინციდენტების პრევენციის გზებთან დაკავშირებით“, - წერია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 6 დეკემბრის რიცხვითაა გამოქვეყნებული. იქ არაფერი წერია „ნატოს მზარდ აქტიურობასა“ და „სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე“, რაზედაც რუსული მხარე საუბრობს ჟენევაში შეხვედრის შემდეგ.

„ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG