Accessibility links

site logo site logo

რუსეთის ეკლესიის ბრძოლა ახალი ათონისათვის


აფხაზეთში, გუდაუთაში, ზღვის დონიდან 75 მეტრზე საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის ბერების მიერ 1875 წელს დაარსებული მონასტერი დღეს ორ ე.წ. ეკლესიას - „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა" და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას“- შორის განხეთქილების გაღრმავების საბაბია.

1 ივნისს დაპირისპირებულებს შორის ახალი ათონის მონასტრის ტერიტორიაზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა პოლიციის რაზმების გამოძახება. კონფლიქტის გამო გაურკვეველი დროით დაიხურა მონასტერი, რაც, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების გარდა, ასევე ადგილობრივ ეკონომიკას აზარალებს, რადგანაც წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ათონის მონასტერი ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

კონფლიქტის ფესვები

2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, ადგილობრივმა სასულიერო პირებმა დაიწყეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიისთვის ავტოკეფალიის მოსაპოვებელი გზების ძიება, რამაც აფხაზეთში ე.წ. საეკლესიო განხეთქილებას დაუდო სათავე. საქმე ისაა, რომ ძველი თაობის სამღვდელოება, რომელსაც ბესარიონ აპლია ხელმძღვანელობს, პრორუსული ორიენტაციისაა, ხოლო ახალგაზრდები, დოროთე დბარის სახით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაახლოების მომხრენი არიან.

„ეკლესიებს“ შორის დაპირისპირების ცხელი ფაზა იწყება 2012 წლის 15 მაისიდან, როცა, მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგობის მიუხედავად, არქიმანდრიტმა დოროთე დბარმა „საეროთა და სასულიეროთა ყრილობა" მოიწვია და ანაკოფიის მიტროპოლია დააარსა. შედეგად, აფხაზეთში გაჩნდა ორი დაპირისპირებული სასულიერო ჯგუფი, რომელთაგან ერთს ბესარიონ აპლია, ხოლო მეორეს დოროთე დბარი ხელმძღვანელობს. ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ეკლესიამ სქიზმატებს შორის დავაში ბესარიონ აპლიას დაუჭირა მხარი, დოროთე დბარს კი მღვდელმსახურება აუკრძალა.

ახალი ათონის მონასტრის გარშემო დაწყებული დაპირისპირებაც ამ დროიდან იღებს სათავეს. მონასტერი „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" დაქვემდებარებაშია 2013 წლიდან, რაც რუსეთის საპატრიარქოსა და „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" უკმაყოფილებას იწვევს. საქმე არაერთხელ მისულა ფიზიკური დაპირისპირების ზღვრამდე.

ე.წ. „აფხაზურ ეკლესიებს“ - აპლიას „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა" და დბარის „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას - შორის დაძაბულობის სიმწვავეს დიდწილად განაპირობებს მათ უკან მდგომი მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების რთული ურთიერთობა, რომელიც უკიდურესად გააუარესა კონსტანტინოპოლის პატრიარქის 5 იანვრის ტომოსმა - დოკუმენტმა, რომელმაც დაადასტურა უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სტატუსი.

რა მოხდა 1 ივნისს?

სიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მონასტრის გარშემო ვნებები ყოველი წლის მაისში მძაფრდება ხოლმე. 23 მაისი წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენების დღეა, შესაბამისად, ბესარიონ აპლია, რომელიც მიიჩნევს, რომ მონასტერი ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ კუთვნილებაა, ყოველი წლის 23 მაისს ცდილობს ღვთისმსახურების დამოუკიდებლად ჩატარებას. ასე იყო წინა წლებშიც, თუმცა წლევანდელი დაპირისპირება ბევრად მასშტაბური გამოდგა როგორც სიმწვავის, ასევე დროში განგრძობადობის თვალსაზრისით.

ყველაფერი კი დაიწყო 11 მაისს, როცა ახალ ათონში რამდენიმე მღვდელთან ერთად მისულმა ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" მეთაურმა ბესარიონ აპლიამ ულტიმატუმი წაუყენა ე.წ. „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" ხელმძღვანელ დოროთე დბარს. აპლიას მოთხოვნით, დბარს დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა მონასტერი და „მონანიების წერილით” მიემართა რუსეთის პატრიარქ კირილესათვის.

თუ როგორ განვითარდა მოვლენები ახალი ათონის მონასტერში 11 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში, ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას, „ეხო კავკაზას“, უამბო მოვლენების ცენტრში მდგომმა დოროთე დბარმა:

მესამე კვირაა, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის სასულიერო პირები იმყოფებიან ახალი ათონის მონასტრის ტერიტორიაზე. საცხოვრებლად დავუთმეთ სენაკები. თავიდან უბრალოდ ისხდნენ, შემდეგ დაიწყეს მსახურება ტაძრის კარიბჭესთან, 1 ივნისს კი შევიდნენ ტაძარში. ყოველივე ეს ხდება დაახლოებით 12.00 სთ-ზე. მივხვდით, რომ აპირებდენ ღვითსმსახურების ჩატარებას ტაძრის შიგნით. რა თქმა უნდა, ნებართვა არავისგან უთხოვიათ. საღამოს წირვაზე, რომელსაც მე ვუძღვებოდი, ისინი ისხდნენ სტასიდიებზე, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი შევნიშნე, რომ მამა ბესარიონი და რამდენიმე სასულიერო პირი გაემართნენ ტაძრის საკუთრხევლის ნაწილისკენ. მივხვდი, რომ ეს იყო ღვთისმსახურების თვითნებური, არასანქცირებული დასაწყისი. მივმართე თხოვნით, არ გაეკეთებინა ეს, არ მოეხდინა მხარეების პროვოცირება. ჩვენი საუბარი გადაიზარდა დისკუსიაში. როცა მონასტრიდან გავედი, დავინახე უამრავი ადამიანი, ჩვენი მრევლი და ახალი ათონის მცხოვრებნი, რომლებსაც თავი მოეყარათ მონასტერთან. მოვუწოდე ყველას, მოეთოკათ ემოციები და არ ეყვირათ ტაძრის ტერიტორიაზე. ოცი წუთის განმავლობაში შევძელი აღელვებული ხალხის გაყვანა ქუჩაში, მაგრამ ამასობაში შეიკრიბნენ მამა ბესარიონის მხარდამჭერები და დაიწყო ემოციური კამათი ტაძრის საკურთხევლის ნაწილში. მერე და მერე კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვიდა, ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. აფხაზეთის მართლდმადიდებელი ეკლესიის სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის მრევლისა და ბესარიონ აპლიას მიერ მოყვანილი ცალკეული ადამიანების აგრესიულმა ქცევამ კინაღამ გამოიწვია შეტაკება ახალი ათონის მონასტრის მრევლთან და აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს თანამშომლებთან. საჭირო გახდა სამართალდამცავი სტრუქტურების ქვედანაყოფების გამოძახება“.

1 ივნისსვე ე.წ. "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭომ" საგანგებო სხდომა გამართა და მონასტრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გაავრცელა საგანგებო მიმართვა, რომლითაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას მოუწოდა დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება მონასტრის ტერიტორიაზე, რადგან „ვითარების შემდგომმა გამწვავებამ ახალი ათონის მონასტერში შესაძლოა სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენლებს შორის შეტაკებები გამოიწვიოს".

რა იქნება ხვალ?

უკიდურესი დაძაბულობის მიუხედავად, მხარეებმა მაინც შეძლეს ვითარების განმუხტვა მას შემდეგ, რაც მონასტრის ეზოში შეკრებილ თავიანთ მხარდამჭერებს ზეპირი შეთანხმების შესახებ შეატყობინეს.

ე.წ. „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მხარეებმა მიაღწიეს ზეპირ შეთანხმებას:

  1. აფხაზეთის მართლდმადიდებელი ეკლესიის სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის სახელით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს გაეგზავნოს მიმართვა თხოვნით, შეჩერდეს არქიმანდრიტ დოროთესათვის (დბარი) დადებული ღვთისმსახურების აკრძალვის მოქმედება.
  2. გაიგზავნოს ქალაქ ახალი ათონის ხელმძღვანელობის, საზოგადოებისა და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია [აფხაზეთის დე ფაქტო] პრეზიდენტთან თხოვნით, მხარი დაუჭიროს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის მიმართვას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისადმი, მოეხსნას სასჯელი არქიმანდრიტ დოროთეს (დბარი).

3 ივნისს ახალი ათონის დელეგაცია მართლაც მიიღო დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმართავდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თხოვნით, მოუხსნას აფხაზ სასულიერო პირს ღვთისმსახურების აკრძალვის სასჯელი. გარდა ამისა მიღებული იქნა გადაწვეტილება, ხელი შეუწყონ 6 ივნისს ღვთისმსახურების ჩატარებას ახალი ათონის მონასტერში როგორც აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს, ასევე სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის მიერ, თუმცა ღვთისმსახურება გაიმართოს მონაცვლეობით, განსხვავებულ დროს და მონასტრის სხვადასხვა ნაწილში.

მოგვიანებით დოროთე დბარმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განმარტა, თუ როგორ ხედავს ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ბესარიონ აპლიასთან.

„რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვას ხელი უნდა მოაწერონ ბესარიონ აპლიამ და რაულ ხაჯიმბამ. მამა ბესარიონმა უნდა დატოვოს ახალი ათონის მონასტერი და დაელოდოს პასუხს მოსკოვიდან. თუ მივიღებთ დადებით პასუხს, ჩვენ ერთად დავიწყებთ ღვთისმსახურებას ახალი ათონის მონასტერში. თუ მივიღებთ უარყოფით პასუხს, მაშინ აშკარა გახდება, რომ ჩვენი დაპირისპირების მიზეზები და წყარო მდებარეობს აფხაზეთს მიღმა და არც მე და არც მამა ბესარიონი არაფერ შუაში ვართ“.

დოროთე დბარის თქმით, ხაჯიმბასთან შეხვედრისას გამოჩნდა, რომ ბესარიონ აპლია მზადაა ხელი მოაწეროს მიმართვას და პასუხის მიღებამდე, უკვე 6 ივნისსვე, ამაღლების დღესასწაულზე გაუძღვეს ღვთისმსახურებას ახალი ათონის მონასტერში.

„თუმცა ასეთ რამეზე ჩვენ არ შევთანხმებულვართ და ყოველივე ამას, ჩემი აზრით, პროვოკაციის ელფერი დაჰკრავს. ადგილი აქვს იმ მიზნის მიღწევის მცდელობას, რომელიც წლების წინ დაისახეს სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის სასულიერო პირებმა“, - ამბობს დოროთე დბარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG