Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკრძალული იდენტობა. ზელენსკიმ რუსეთის ყუბანი და დონი „ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულად“ ცნო - რატომ?


ზაპოროჟიელი კაზაკის ძეგლი ტამანში, კრასნოდარის მხარეში
ზაპოროჟიელი კაზაკის ძეგლი ტამანში, კრასნოდარის მხარეში

მე-19 საუკუნეში სამხრეთ რუსეთში, ყუბანის რეგიონში უკრაინელები რუსებს სჭარბობდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 22 იანვარს გამოცემული განკარგულებით, კრასნოდარის ტერიტორია და როსტოვის რეგიონი „ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ რუსეთის ტერიტორიებს შორის“ შეიყვანა.

განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში სისტემატურად მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს უკრაინელების ჩაგვრის, ეროვნული იდენტობის განადგურების და მათი უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის მიზნით, მათ შორის, ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ რუსეთის ტერიტორიებზე.

უკრაინის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას და უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების, სამოქალაქო, სოციალური, კულტურული და რელიგიური უფლებები.

ზელენსკის ბრძანებას რუსეთი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინული დიასპორის მიერ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, რუსეთში უკრაინელების დევნაზე, მათ შორის, უკრაინელთა იძულებით რუსიფიკაციაზე, უკრაინული ენისა და კულტურის აკრძალვაზე მონიტორინგის დაწესებას.

როცა უკრაინის პრეზიდენტის მოტივაციაზე საუბრობენ, ექსპერტები აღიარებენ, რომ წარსულის გარკვეულ პერიოდებში უკრაინელები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დონისა და ყუბანის მიწებზე, მაგრამ 2014 წლიდან აქ დაიხურა მათი ყველა კულტურული და ეროვნული გაერთიანება. რუსულენოვანი „კავკაზ.რეალიი“ დაინტერესდა იმით, თუ რაზე ამახვილებს ყურადღებას ზელენსკის ახალი განკარგულება და რისთვისაა იგი საჭირო.

"აკრძალული იდენტობის" შესანარჩუნებლად

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მინისტრთა კაბინეტმა საერთაშორისო ექსპერტების, უკრაინელების მსოფლიო კონგრესის, მეცნიერების და საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით უნდა შეიმუშაოს და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინოს სამოქმედო გეგმა რუსეთის ფედერაციაში უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ მიწებზე

. ასეთ ტერიტორიებად დასახელებულია დღევანდელი კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქები.

პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის მთავრობას ევალება შეაგროვოს და შეისწავლოს რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მცხოვრები უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, იძულებითი რუსიფიკაციის პოლიტიკისა და რეპრესიების სხვა ფორმების დამამატკიცებელი ფაქტები.
ამ მიზნით შეიძლება შეიქმნას საინფორმაციო ცენტრი. დოკუმენტში ასევე დიასპორისა და „რუსეთის მიერ დამონებული ხალხების“ წარმომადგენლებთან კიევის ურთიერთქმედების აუცილებლობაზეა გამახვილებული ყურადღება.

რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის „ვერხოვნა რადამ“ ჩეჩნეთი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა და ახლა ინგუშებისათვის სახელმწიფოებრიობის შექმნის უფლებრივ საკითხებს სწავლობს.

მობილიზაციის წინააღმდეგ დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში აგორებული საპროტესტო ტალღის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კავკასიის ხალხებს მიმართა, წინააღმდეგობა გაუწიონ კრემლის პოლიტიკას.

დღეს, უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის რამდენიმე ჩეჩნური ქვედანაყოფი, იმამ შამილის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩასული მოხალისეები.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება შეიცავს დეკლარაციული ხასიათის დავალებებს. ისინი, ერთი მხრივ, წარმოადგენენ რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური ომის ელემენტებს, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ დღევანდელ პირობებში მათი რეალიზება სრულიად შესაძლებელია, - უთხრა „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას უკრაინის საექსპერტო ჯგუფ „სოვას“ ხელმძღვანელმა მიხაილ სავამ, რომელიც წარმოშობით ყუბანიდანაა.

„უპირველეს ყოვლისა, შეიძლება შესრულდეს დავალება იმ ცენტრის შექმნის შესახებ, რომელმაც უნდა აღრიცხოს უკრაინული უმცირესობის უფლებების უპირობო დარღვევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და უკრაინული კულტურის შევიწროების მხრივ. მთლიანობაში დოკუმენტი, სავარაუდოდ, უკრაინულ საზოგადოებაში განაახლებს დისკუსიას რუსეთში მცხოვრები ეთნიკური უკრაინელების იდენტობის საკითხზე“, - აღნიშნავს ექსპერტი.

იგი რუსეთთან ომის პირობებში ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს 2014 წლის შემდეგ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში დახურული უკრაინელების ნაციონალურ-კულტურული გაერთიანებების აღდგენას. მათი ლიკვიდაცია თავის დროზე კრემლის რეჟიმის რეპრესიული ეროვნული პოლიტიკის ნაწილად იქცა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მიხაილ სავას აზრით, მსოფლიოს არაფერი ეცოდინებოდა, სიტუაციის მონიტორინგით უფლებადამცველები რომ არ იყვნენ დაკავებული. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თუ იქიდან იძულებით გაყვანილი ეთნიკური უკრაინელების უფლებების დარღვევის ფაქტების დაფიქსირება არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს სავა.

კრასნოდარის ოლქთან მიმართებით, დღევანდელი რუსეთის ამ ტერიტორიის ისტორიის გათვალისწინებით, „გამოსადეგი“ და „პერსპექტიული“ უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებას, მოძრაობა „დამოუკიდებელი ყუბანის“ წარმომადგენელმა, დმიტრი დოროვსკიხმა.

„ეს ისტორია მოიცავს მე-18-მე-19 საუკუნეებში უკრაინელი კაზაკებისა და გლეხების ყუბანში ჩასახლებას, ყუბანის რესპუბლიკის გამოცდილებას და სისხლიანი 30-იანი წლების (გასული საუკუნის - რედ.) პერიოდს, რომელიც ჰოლოდომორითა და ეთნოციდით აღინიშნა. ყურადღება უნდა გამახვილდეს ყუბანელთა თანამედროვე თვითიდენტიფიკაციის თავისებურებებზე, წარსულში ავტონომიისა თუ სახელმწიფოებრიობის მოთხოვნებზე, თანამედროვე ინიციატივებსა და ჯგუფებზე, რომლებიც ყუბანის, როგორც სუბიექტის კულტურულ და პოლიტიკურ აღორძინებას მოითხოვენ“, - ამბობს დმიტრი დოროვსკიხი.

140 წლის წინ უკრაინელები ყუბანში რუსებსაც აღემატებოდნენ

რუსეთის მიერ ყუბანის ათვისება თავის დროზე რუსეთის სამთავრობო ჯარების მიერ განადგურებული ზაპოროჟიეს სიჩიდან შავიზღვისპირელი კაზაკების განსახლებით დაიწყო.


თავდაპირველად, ისინი დასახლდნენ თანამედროვე კრასნოდარის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში. უკრაინის პროვინციებიდან აქტიური მიგრაციის შედეგად უკრაინელები, რუსებთან შედარებითაც კი, ყუბანის რეგიონში ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი იყო, - აღნიშნავს ვადიმ რაკაჩოვი, ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

როგორც იმ დროის სტატისტიკურ კრებულ, ე.წ. კავკასიური კალენდრიდან არის ცნობილი, 1882 წელს უკრაინელები ყუბანის მოსახლეობის 46%-ს შეადგენდნენ, ხოლო ეთნიკური რუსები 41%-ს. 1897 წლის პირველი სრულიად რუსული მოსახლეობის აღწერის თანახმად, მოსახლეობის 47% თავს უკრაინელად აღიარებდა (რუსად - 42%), ხოლო უკრაინის მოსახლეობის ნახევარი კომპაქტურად იყო განთავსებული ტემრიუკისა და იეისკის რაიონებში. აქ გამოიცემოდა წიგნები უკრაინულ ენაზე და იდგმებოდა თეატრალური სპექტაკლები. რაკაჩოვი 1897 წლის აღწერას უწოდებს „ყუბანის მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ გამოთვლას“.

მაგრამ უკვე 1930-იან წლებში ყუბანში მცხოვრები უკრაინელების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს, სხვა მიზეზებთან ერთად „კოლექტივიზაციით, რეპრესიებითა და შიმშილით“ გამოწვეული ზოგადი შემცირების შედეგად მოხდა. 1939 წლის აღწერის თანახმად, კრასნოდარის მხარეში უკრაინელების 5%-ზე ნაკლები ცხოვრობდა, ხოლო 88% თავს რუსს უწოდებდა. კოლექტივიზაციის დროს ბევრი კაზაკი იძულებით გადაასახლეს ურალში, დასავლეთ ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. გადასახლებას დაექვემდებარა კაზაკთა 13 სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა. ხოლო პოლტავიდან, მედვედოვსკაიადან და ურუპსკაიადან თითქმის ყველა მცხოვრები გაასახლეს.

უკრაინელები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ასევე დონის არმიის გავლენის ქვეშ მყოფ რეგიონში. 1897 წლის ხსენებული აღწერის თანახმად, რეგიონის მოსახლეობის 28% თავს უკრაინელს უწოდებდა, ხოლო 1926 წელს ეს რიცხვი უკვე 37%-ს შეადგენდა. როგორც ყუბანის ტერიტორიაზე, დონის ოლქშიც მდებარე ბევრ სკოლაში სწავლა უკრაინულ ენაზე წარმოებდა და რამდენიმე გაზეთიც უკრაინულ ენაზე გამოდიოდა.

ამჟამად თანამედროვე როსტოვის რეგიონში, ისევე როგორც კრასნოდარის მხარეში, უკრაინელები რიცხოვნობით უკვე მესამე ადგილზე იმყოფებიან. „როსსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ამ სამხრეთ რეგიონებში უკრაინელები მოსახლეობის 1.8%-ს შეადგენენ, პირველ ადგილზე არიან რუსები 88%-ით, მეორეზე კი სომხები - 2.5%-ით.

უნიფიცირებული მოსახლეობა

ყუბანის სოფლებში (რუსულად „სტანიცები“) კვლავ შეხვდებით მოხუცებს, რომლებიც უკრაინული ენის დიალექტზე, „ბალაჩკაზე“, მეტყველებენ.

მაგრამ ახალგაზრდებსა და ურბანულ მოსახლეობაში ეს დიალექტი უკვე დაიკარგა, - ეუბნება „კავკაზ.რეალიის“ ეისკის რაიონის, რაიონული საბჭოს ყოფილი დეპუტატი ალექსანდრ კოროვაინი.

„მოსკოვისთვის ხელსაყრელია ყველას უნიფიცირება, მით უმეტეს, რომ რუსეთში უკრაინელებს, მიუხედავად მათი დიდი რაოდენობისა, არ ჰქონდათ არანაირი ტერიტორიული და პოლიტიკური ავტონომია. როდესაც ლამის უთოდანაც კი ჟღერს ნარატივი, რომ ჩვენ ყველანი "რუსები" ვართ, ხალხი ავტომატურად აიგივებს საკუთარ თავს რუსეთთან. თუნდაც ყუბანში, სადაც ამ ორი ეროვნების სინთეზი, ალბათ, ყველაზე მაღალია ქვეყანაში. პირად მაგალითს მოვიყვან - ყოველთვის ვწერდი, რომ რუსი ვიყავი, თუმცა დედის მხრიდან ჩემს წინაპრებს უკრაინული გვარები ჰქონდათ“, - განმარტავს მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატი.

კოროვაინი ხაზს უსვამს იმას, რომ ხალხური კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში ცუდი არაფერია. ეს არის ის, რაც სხვადასხვა ერს აახლოებს ერთმანეთთან და მათ ორმხრივად ამდიდრებს. მაგრამ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მცხოვრები უკრაინელების შთამომავლები დღეს ვერ სწავლობენ თავიანთი წინაპრების ენას, კულტურასა და ტრადიციებს, ამიტომ მათი იდენტობა რუსულით იცვლება. მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ქვეყნის სხვა მცირე ერებიც ეროვნულ ენებზე სწავლების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილი დისკრიმინაციული ცვლილებების შემდეგ.

ღია წყაროების მიხედვით, რუსეთისა სამხრეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო რვა წლის განმავლობაში, თითქმის ორი ათეული უკრაინული ეროვნული კულტურული საზოგადოება დაიხურა. ამ ხნის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთში მხოლოდ ერთი ასეთი ცენტრი „სლავუტიჩი“ შეიქმნა, მაგრამ მასში არ მიიღება ის, ვინც „თანაუგრძნობს უკრაინას“. ხოლო ის საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც კვლავ განაგრძობენ არსებობას, ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის არასაკმარისად მხარდაჭერის გამო.

2023 წლის შემოდგომაზე რუსმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას ძირძველი და მცირერიცხოვანი ხალხების დაცვის ჩარჩოკონვენციიდან გასვლისა და, ასევე, ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ.

XS
SM
MD
LG