რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს, როგორც ჩანს, ჩამოართვეს საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რადგან კრემლი ცდილობს გაუმკლავდეს უკრაინული დრონების სულ უფრო ფართომასშტაბიან შეტევებს, რომელთა სამიზნეც ქვეყნის სხვა ობიექტებია.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ კრემლმა დანაყოფები გადაიყვანა რამდენიმე სტრატეგიული ობიექტიდან, რომლებიც ოდესღაც S-300 და S-400 სარაკეტო სისტემებით საიმედოდ იყო დაცული, და ადგილზე პრაქტიკულად აღარ დარჩა ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები.
რუსეთის არქტიკული რეგიონის „ნოვაია ზემლიას“ არქიპელაგში, როგაჩევოს საჰაერო ბაზის გარშემო, სარაკეტო ბაზაზე, რომელიც, სულ მცირე, 2015 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებდა, საჰაერო თავდაცვის საშუალებების უმეტესი ნაწილი წაღებულია, როგორც ეს 6 ივლისის ფოტოზე ჩანს.
ნორვეგიის თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის პროფესორმა, კატარჟინა ზისკმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთის შორეული ჩრდილოეთიდან საჰაერო თავდაცვის მრავალი საშუალების აშკარა გაქრობა წარმოადგენს „მზარდ შეუსაბამობას რუსეთის მიერ დასაცავ სამიზნეებსა და მის ხელმისაწვდომ გამშვებ, გადამტაც რაკეტებსა და გაწვრთნილ პერსონალს შორის“.
ზისკმა აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არსებული სარაკეტო ბაზების აშკარა დაცლა არ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის სტრატეგიული ობიექტები ამჟამად მთლიანად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩა. თუმცა, მისი თქმით, „ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი არ ელის [შორეული ჩრდილოეთის] რეგიონში გარდაუვალ ფართომასშტაბიან თავდასხმას და მიიჩნევს, რომ შეუძლია შეამციროს იქ დაცვა, მიუღებელი რისკის გარეშე“.
კიევის დრონების კამპანიის სამიზნე ძირითადად რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან პირდაპირ კავშირში მყოფი ობიექტებია, როგორიცაა აეროდრომები, რომლებიც დაბომბვისთვის გამოიყენება და აგრესორი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
ღია წყაროების მიერ ჩატარებული გამოძიებების თანახმად, რუსეთის S-300 და უფრო თანამედროვე S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების დაახლოებით 60 პროცენტი გადატანილია იმ ადგილებიდან, სადაც ისინი 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე იყო განლაგებული. საჰაერო თავდაცვის დანაყოფები ძირითადად ადგილზე რჩება რუსეთის ბირთვული სარაკეტო ბუნკერებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების აეროდრომების გარშემო.
სევეროდვინსკში — თეთრი ზღვის პირას მდებარე ქალაქში, სადაც რუსეთის ბირთვულ წყალქვეშა ნავებს აგებენ და არემონტებენ — რამდენიმე ობიექტი, სადაც ათწლეულების განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილის დასაცავად იდგა, ახლა ცარიელია.
ბოლო დროს გადაღებული კადრები მოწმობს, რომ ქალაქის გარშემო სპეციალურად მოწყობილი პოზიციებიდან S-300 და S-400 ტიპის ორ ათეულამდე სისტემა გაქრა.
გამოცემა The Barents Observer-ის ინფორმაციით, სევეროდვინსკიდან გატანილი ერთ-ერთი სარაკეტო სისტემის ადგილსამყოფლის დადგენა S-400 სისტემის მეთაურის ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმირ სპირიდონოვი 2024 წლის აპრილში ყირიმში მოკლეს, მისი ნეშტი კი დასაკრძალავად შორეულ ჩრდილოეთში მდებარე ამ ქალაქში დააბრუნეს.
იმ ფონზე, როდესაც შორეული ჩრდილოეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემები ქრება, სხვა სისტემები იმ ობიექტებთან ჩნდება, რომლებიც უკრაინის დრონების თავდასხმის უფრო სავარაუდო სამიზნეს წარმოადგენს. ქვემოთ მოცემული ფოტოები, სადაც თავდაპირველად ცარიელი მინდორი ჩანს, მოგვიანებით კი — აღმართული გამშვები მილებით აღჭურვილი მრავალი სარაკეტო მანქანა, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან არის გადაღებული. ამ ობიექტს დრონებმა 2025 წლის დასაწყისიდან რამდენჯერმე დაარტყეს. ბოლო კვირებში S-400-ის ბატარეებისთვის სხვა ადგილებიც გამოიყენეს, მათ შორის მოსკოვის საქალაქო პარკები.
ნორვეგიელი ანალიტიკოსი ზისკი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონფლიქტმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადია სტაციონარული პოზიციები დრონებისა და მასირებული იერიშების მიმართ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, უკრაინის ომის საბოლოო დასრულების შემდეგ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ბატარეები დაუბრუნდება იმავე პოზიციებს, სადაც ისინი ერთად იყო თავმოყრილი და საიდანაც ისინი გადააადგილეს, “თუ კრემლი უფრო გაშლილ, მრავალშრიან თავდაცვის მოდელზე გადასვლას ამჯობინებს”.