Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ორი სრულიად განსხვავებული მენტალიტეტის" ბრძოლა თურქეთში - რუსეთი ერდოანის შესაძლო მარცხზე ღელავს


თურქეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ბილბორდები - რეჯეპ ტაიპ ერდოანისა და ქემალ ქილიჩდაროღლუს გამოსახულებით. 28 აპრილი, 2023 წელი.
თურქეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ბილბორდები - რეჯეპ ტაიპ ერდოანისა და ქემალ ქილიჩდაროღლუს გამოსახულებით. 28 აპრილი, 2023 წელი.

თურქეთში მოახლოებული არჩევნების შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და არა მხოლოდ თურქეთში. რუსეთში შიშობენ, რომ, თუკი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ადგილს პროდასავლურად განწყობილი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაიკავებს, თურქეთი რადიკალურად შეიცვლება და მოსკოვს მისგან სარგებელიც აღარაფერი ექნება.

კონკურენტების რეიტინგებს შორის სხვაობა ამჟამად ძალიან მცირეა და Metropoll-ის აპრილის კვლევით, ქილიჩდაროღლუ მცირე უპირატესობით უსწრებს ერდოანს.

გამოკითხვებით, ერდოანისთვის მთავარ გამოწვევას ეკონომიკური პრობლემები წარმოადგენს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით. 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის გარდა, რომელმაც 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერდოანის ხელისუფლებას პრობლემებს მიგრანტებიც უქმნიან, უპირატესად - რუსი მიგრანტები.

14 მაისს თურქეთში ერთდროულად იმართება როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტის ვინაობა, სულ გვიან, 28 მაისს გახდება ცნობილი.

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება

თურქეთის პრეზიდენტი, "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ლიდერი, 69 წლის რეჯებ ტაიპ ერდოანი თურქეთში მოგზაურობს და მხარდამჭერებს ხვდება, ძირითადად ღია ცის ქვეშ - გადავსებულ მოედნებზე. საარჩევნო კამპანიას ის მეოთხე დღეს დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც 25 აპრილს, ცუდად გახდა, პირდაპირ ეთერში, ინტერვიუს მიცემის დროს.

ოფიციალურად არ დადასტურდა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტს მიოკარდიუმის ინფარქტი დაემართა. საჯაროდ ითქვა, რომ ერდოანს პრობლემა ვირუსულმა გასტროენტერიტმა შეუქმნა.

თურქეთის მედიის თანახმად, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ერდოანი მუდმივად იმეორებს, რომ სწორედ ეს არჩევნები გადაწყვეტს თურქეთის ბედს „არა მხოლოდ მომავალი 5 წლის, არამედ ნახევარი საუკუნის განმავლობაში“ და, რომ ხალხმა არჩევანი „ორ სრულიად განსხვავებულ მენტალიტეტს, განსხვავებულ მიდგომებს შორის“ უნდა გააკეთოს, რომელთაგან ერთი, პრეზიდენტის თქმით - „დასავლეთის ინსტრუქციებით“ მოქმედებს.

ერდოანის მთავარ კონკურენტს, „ნაციონალური ალიანსის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, 74 წლის ქემალ კილიჩდაროღლუს რუსეთშიც „დასავლეთის პროექტად“ მოიხსენიებენ. ასევე ხშირად ისმის კრემლის რიტორიკა, რომ ერდოანის ოპოზიცია „თურქულ ოჯახებში ქალის ქალთან და კაცის კაცთან ქორწინების“ პროპაგანდას ეწევა.

„სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ქემალ კილიჩდაროღლუ პროფესიით ეკონომისტია. 1990-იან წლებში მუშაობდა თურქეთის ფინანსთა სამინისტროში და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი დაიმკვიდრა სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისას. 2002 წელს ის უკვე პარლამენტის წევრი გახდა.
„სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ კილიჩდაროღლუ სათავეში ჩაუდგა 2010 წელს და ძირეული რეფორმები წამოიწყო. მისი პარტია თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სეკულარული ფასეულობების მიმდევარია.
კილიჩდაროღლუს არაერთი პოლიტიკური ბრძოლის გადატანა მოუხდა და რამდენიმეჯერ გახდა ფიზიკური თავდასხმის სამიზნეც, მათ შორის - „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან. მხარდამჭერები და კოლეგები ქემალ კილიჩდაროღლუს „ძალიან მშვიდ“ ადამიანად და მიზანდასახულ, „სუფთა პოლიტიკოსად“ ახასიათებენ.

  • ქემალ ქილიჩდაროღლუს მხარდამჭერ „ნაციონალურ ალიანსში“ 6 პარტია ერთიანდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქილიჩდაროღლუ და მისი კოალიცია დასავლეთთან კიდევ უფრო მჭიდროდ დაახლოებისა და ნატოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრენი არიან. ისინი აპირებენ გამოაცოცხლონ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და იმოქმედონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად.
  • რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქეთის პრეზიდენტი 2014 წელს გახდა, როცა არჩევნების პირველ ტურში, 52%-ით გაიმარჯვა. ეს იყო პირდაპირი კენჭისყრით ჩატარებული პირველი არჩევნები თურქეთში. მანამდე, ერდოანი, 2003 წლიდან, თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. მის სახელს უკავშირდება დასავლეთთან ურთიერთობების გაცივება, მწვავე რეპრესიები ოპონენტების წინააღმდეგ და უნივერსიტეტებში ქალებისთვის თავშლის ტარების აკრძალვის გაუქმება.
ექსპერტები იხსენებენ, რომ თავისი ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, რეჯეპ ტაიპ ერდოანს არჩევნებში არასოდეს წაუგია და არც წაგებისთვის განწირულ პროცესში მიუღია მონაწილეობა.

CNN-ის თანახმად, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ დამარცხებას ერდოანი ვერ შეეგუება, არ აღიარებს და თავის პოსტს უბრძოლველად არ დათმობს.

როგორია შანსები?

გამოკითხვის თანახმად, ბრძოლა ძალიან მწვავე იქნება. Metropoll-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებული ბოლო შედეგებით, ვერცერთი კანდიდატი ვერ ლახავს 50%-იან ზღვარს, მაგრამ ქილიჩდაროღლუ თავისი 42.6%-ით უსწრებს ერდოანს, რომელსაც გამოკითხულთა 41.1%-ის მხარდაჭერა აქვს.

გამოკითხვების თანახმად, შესაძლოა დასრულდეს ერდოანის ისლამური ორიენტაციის პარტიის ბატონობა პარლამენტში, სადაც მას კოალიცია აქვს ულტრანაციონალისტებთან.

არსებობს სხვა კვლევებიც. თურქეთის პრეზიდენტის მიმართ ლოიალური მედიასაშუალებების გამოკითხვებში, როგორც იუწყებიან, მოქმედი პრეზიდენტი და მისი პარტია ლიდერობენ.

მთავარი მეტოქეების, ერდოანისა და ქილიჩდაროღლუს გარდა, არჩევნებში კიდევ 2 საპრეზიდენტო კანდიდატი იყრის კენჭს. მათი შანსები გაცილებით დაბალია. თუმცა, როგორც თურქმა პოლიტოლოგმა მურათ სომერმა უთხრა CNN-ს, ერთ-ერთ მათგანს - ქილიჩდაროღლუს საზიანოდ, არჩევნების ბალანსის შეცვლა მაინც შეუძლია იმგვარად, რომ საქმე მეორე ტურამდე მივიდეს. მეორე ტურში კი, ვარაუდობენ, რომ გამარჯვების მეტი შანსი ერდოანს რჩება.

გამოკითხვები ქმნიან მოლოდინს, რომ წლევანდელ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა უპრეცედენტოდ მაღალი იქნება.

14 მაისს, თურქეთში ერთდროულად გაიმართება როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები. საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის გამოსავლენად, მეორე ტური 28 მაისს ჩატარდება.

არჩევნები თურქეთში ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებმაც წინა არჩევნებში გადალახეს 5%-იანი ბარიერი. ამის ალტერნატივაა 100 000 მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვება. გასამარჯვებლად საჭიროა, რომ კანდიდატმა შეაგროვოს ხმების 50%-ზე მეტი. თუკი ეს ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, ინიშნება მეორე ტური.
საპარლამენტო არჩევნები თურქეთში სრულად პროპორციული სისტემით ტარდება. პარლამენტს 600 დეპუტატი აკომპლექტებს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 7%-იანი ბარიერია დაწესებული.

რა გამოწვევა აქვს ერდოანს?

ერდოანის მთავარი პრობლემა ეკონომიკა და მაღალი ინფლაციაა, რომლის მაჩვენებელიც ჯერ კიდევ დამანგრეველ მიწისძვრამდე, გასული წლის ოქტომბერში 85%-ს აღწევდა. ამას მოჰყვა 6 თებერვლის მიწისძვრა, რომელმაც 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და თითქმის 6 მილიონი უბინაოდ დატოვა. ინფლაცია, რომელიც ბოლო მონაცემებით, შედარებით შემცირებულია, მაინც მძიმედ აისახება ცხოვრების დონეზე.

Metropoll-ის გამოკითხვებით, გამოწვევებს შორის - ეკონომიკური პრობლემები პირველ ადგილს იკავებს ამომრჩეველთა 56.1%-სთვის.

ერდოანს საკმაოდ დიდი თავსატეხი შეუქმნეს რუსმა მიგრანტებმა, რომლებიც ომსა და პუტინის მობილიზაციას გაექცნენ. მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასების ფონზე მოელიან, რომ მათ მიმართ დამოკიდებულებას თავად ერდოანიც გადახედავს - გამარჯვების შემთხვევაში.

„არ არსებობს ყველაზე მიყრუებული თურქული სოფელიც კი, სადაც რუსეთიდან გაქცეულებს ვერ ნახავთ. ყველგან, ყველა სოროში ისინი არიან“, - ამბობს „როსია 1“-ის ეთერში თურქეთის საკითხების სპეციალისტი, ივან სტაროდუბცევი, რომელიც თურქეთში თურმე გაქცეული თანამემამულეების ყოფას აკვირდებოდა და გაბრაზებულია, რომ იქ ისინი ანტიპუტინისტურ კამპანიასაც ეწევიან. სტაროდუბცევი ამბობს, რომ თურქები რუს მიგრანტებს ვეღარ იტანენ.

„...რაღაც ბევრნი ჩამოეხეტნენო. უცნაურად ხმაურობენო - დღეს პუტინის ჩამოგდება რომ უნდათ, ხვალ სხვა ვიღაცაც არ ჩამოაგდონ, ერდოანის რეჟიმის ჩათვლითო... ისინი აშკარად ფინანსდებიან დასავლეთის მიერ და ეს არ მოსწონს თურქეთის ხელისუფლებას... გარდა ამისა, ფასები ავარდა მათ გამო. ბინებს ადგილობრივები თურქების ნაცვლად, რუსებზე აქირავებენ - ათჯერ უფრო ძვირად. საკვებზეც ასეა, პროდუქტებზეც - რუსების გამო გაძვირდა“, - ამბობს სტაროდუბცევი.

რუსი მიგრანტები, როგორც მოელიან, მნიშვნელოვნად შეიზღუდებიან, თუ ქვეყნის სათავეში ქემალ ქილიჩდაროღლუ მოვა. მის მიერ გახმაურებულ გეგმებში უცხოელებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვა შედის და კერძოდ, ეს უძრავი ქონების შესყიდვას შეეხება.

ექსპერტების შეფასებით, ერდოანის პრობლემებს, ამომრჩევლების თვალით, ასევე წარმოადგენს:

  • სასამართლო სისტემა, რომელიც ხშირად მიკერძოებულია;
  • კორუფცია - ტენდერებს იგებენ მხოლოდ ერდოანის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები;
  • კომპეტენცია - სახელმწიფო სამსახურებში ხშირად მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილებს ასაქმებენ.

კიდევ ერთი, რისთვისაც ერდოანს აკრიტიკებენ, ეს მთელი ძალაუფლების პრეზიდენტის ხელში კონცენტრირებაა. როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ, ამით ის ხშირად აგონებთ ვლადიმირ პუტინს; მაგრამ, იქვე აღნიშნავენ ასევე, რომ ერდოანს თურქეთში 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არა აქვს, პუტინის ოფიციალურად გახმაურებული რეიტინგი კი ბევრად მაღალია (აპრილში - 83%).

რა შეიცვლება რუსეთისთვის?

რუსეთში აღელვებთ, რომ ბოლო ავადმყოფობის შემდეგ, ერდოანი ძველებურად მხნედ აღარ გამოიყურება, მაგრამ იმედიც აქვთ, რომ თურქეთის ლიდერი ძველებურ ფორმაში ჩადგება.

„რა ელოდება რუსეთს იმ შემთხვევაში, თუკი, რაიმე მიზეზით, ვინმე სხვა გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში?“ - ხშირად სვამენ ასეთ შეკითხვას რუსი პროპაგანდისტები.

თურქეთის მიერ 2015 წელს რუსული მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდებისა და არაერთი სხვა სკანდალის მიუხედავად, თურქეთი ნატოს წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც რუსეთს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის ფონზეც კი - განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს და რომლის ლიდერის რჩევებსაც მოსკოვი ითვალისწინებს. ეს ერდოანის პირობებში გახდა შესაძლებელი.

„ის [ერდოანი] მავნებელი ადამიანია, მაგრამ მომენტებში - სასარგებლოც [არის] და ყველაფერს, რაც მომენტებში სასარგებლოა რუსეთისთვის, ჩვენც უნდა დავუჭიროთ მხარი... 14 მაისის შემდეგ, თურქეთში შეიძლება ყველაფერი სრულად ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს, შეიცვალოს - რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები, თურქეთის ურთიერთობები დასავლეთთან“, - ამბობს კრემლის მხარდამჭერი რუსი პოლიტოლოგი დმიტრი ევსტაფიევი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის - „როსია 1“-ის ეთერში და მაყურებელს უზიარებს საფიქრალსაც, რომ თურქეთში პროდასავლური ძალების გამარჯვებით შესაძლოა საფრთხე შეექმნას რუსეთ-თურქეთ-ირანის კავშირსაც.

რუსი ექსპერტები ხშირად ამადლიან თურქეთს, რომ რუსეთს მისი ბუნებრივი აირის ჰაბად ქცევა სურს და, რომ ახალი ატომური ელექტროსადგური თურქეთს რუსეთის ძალისხმევით ექნება.
თურქეთი არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუმცა დასავლეთის მიერ მკაცრად კონტროლდება ანკარის მხრიდან ამ სანქციების გვერდის ავლის რისკი.

სეკულარული ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვება მოსკოვს არ აძლევს ხელს, რადგან, ექსპერტების აზრით, ის პროდასავლურ პოლიტიკას გაატარებს.

მასშტაბური ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობების მკვეთრ გაფუჭებას ექსპერტები არც ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში მოელიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ ბევრი რამ გაადვილდება და მათ შორის - იქნება თანხმობა შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე, რასაც ამ დრომდე ბლოკავს ერდოანის ხელისუფლება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვარაუდი

თურქეთში ოპოზიციური კოალიციის შესაძლო გამარჯვების მოლოდინში საექსპერტო წრეში გაიხსენეს 1936 წელს ხელმოწერილი "მონტრეს კონვენციის" გადახედვის პერსპექტივა, რომელზე მსჯელობაც ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო.

შვეიცარიის ქალაქ​ მონტრეში ხელმოწერილი დოკუმენტი შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით სამხედრო ხომალდების შესვლას არეგულირებს და მისი გასაღები თურქეთის ხელშია.

ორი წლის წინ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თურქეთი ამ კონვენციას გამოეთიშოს, რაც აშშ-სა და მთლიანად ნატოს სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში შეუზღუდავად ყოფნის შესაძლებლობას უჩენს. თეორიულად, ეს თურქეთთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გახდება შესაძლებელი.

"მონტრეს კონვენციით", არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო გემები შეზღუდული არიან როგორც ტონაჟის, ისე კლასის გათვალისწინებით და მათ შავ ზღვაში 21 დღეზე ხანგრძლივად დაყოვნება ეკრძალებათ.
ნებისმიერი ქვეყნის სავაჭრო გემებს აქვთ უფლება, ისარგებლონ ამ სრუტეებით, როგორც საომარ, ისე მშვიდობიან ვითარებაში.

2021 წელს ექსპერტები აქტიურად მსჯელობდნენ იმის შესახებ, რომ თურქეთის მიერ "მონტრეს კონვენციის" სავარაუდო დარღვევა ხელს უნდა აძლევდეთ შავ ზღვაში ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს - საქართველოსა და უკრაინას. რუსეთისთვის მოვლენათა ამგვარი განვითარება, თავისთავად, ხელსაყრელი არ არის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG