Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კვლავ მთელი ძალებით ცდილობს ბახმუტის აღებას


უკრაინელი ჯარისკაცების საარტილერიო თავდასხმა რუსეთის პოზიციებზე, ბახმუტთან ახლოს. 2022 წლის 20 ნოემბერი
უკრაინელი ჯარისკაცების საარტილერიო თავდასხმა რუსეთის პოზიციებზე, ბახმუტთან ახლოს. 2022 წლის 20 ნოემბერი

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დონეცკის ფრონტის ხაზის ყველაზე უფრო ცხელი წერტილია. სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქისათვის ბრძოლები ზაფხულის შუა რიცხვებიდან გრძელდება.

რუსეთის ტელეგრამის არხების ცნობით, რუსეთის არმიამ შეძლო ბახმუტის ალყაში მოქცევა და ხელთ იგდო ახლომდებარე 4 სოფელი. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს უკრაინის არმიის გენშტაბი, მაგრამ როგორც შტაბის წარმომადგენლები, ისე ქალაქის თავდაცვაში მონაწილე მებრძოლები ლაპარაკობენ რუსეთის არმიის ძლიერ შეტევაზე ბახმუტის, ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებით.

ბრძოლების ინტენსივობას თავად ბახმუტის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა განაპირობებს. ამ ქალაქის აღება რუსეთის არმიას გზას გაუხსნის დონეცკის ოლქის ქალაქებზე - სლავიანსკზე, კრამატორსკზე, კონსტანტინოვკასა და სევერსკიზე სწრაფი შეტევისთვის. ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ქალაქი ბახმუტი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტებისგან 2014 წლის ივლისში გათავისუფლდა, მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.

„ბახმუტისათვის ბრძოლა - ეს უკრაინული ვერდენია“

აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული უკრაინის არმია განაგრძობს რუსეთის შეტევების მოგერიებას დონბასის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ბახმუტში, რომელში შეღწევასაც რუსეთის სარდლობა დონბასის რეგიონზე კონტროლის გაფართოების მიზნით დიდი ძალებით ცდილობს.

ბახმუტი რუსეთის არმიის ფოკუსში მოექცა მას მერე, რაც საოკუპაციო ძალებმა მაის-ივნისში ქალაქები სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაიკავეს. ქალაქი, რომელშიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრამდე 70 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა, მასობრივი საარტილერიო და სარაკეტო იერიშების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია.

ბახმუტი. 2022 წლის 27 ოქტომბერი
ბახმუტი. 2022 წლის 27 ოქტომბერი

ქალაქში გათიშულია წყალი, შუქი და გათბობა. უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსეთის არმია ქალაქის შემოგარენს უტევს ყველა შესაძლო იარაღიდან - არტილერიით დაწყებული და ავიაციით დამთავრებული.

„ძალიან ინტენსიური ბრძოლები მიდის. შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე მსოფლიო ომსაც კი არა, პირველ მსოფლიო ომს ჰგავს. ეს არის სანგრების სასტიკი ომი, ეს არის ომი, რომელშიც მრავალრიცხოვან იერიშებში უდიდესი რაოდენობის არტილერია მონაწილეობს. ახლა, არსებითად, ყველაზე დიდ სიძნელეს განიცდის ქვეითი ჯარი, რომელიც სანგრებში იმყოფება, იგერიებს იერიშებს და უძლებს არტილერიის ცეცხლს“, - ასე აღწერს ბახმუტის გარშემო მიმდინარე ბრძოლებს ამ ბრძოლების ერთ-ერთი მონაწილე, უკრაინის ვერხოვნა რადის ყოფილი დეპუტატი, ანდრეი ილიენკო, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 ბრიგადის ბატალიონ „თავისუფლების“ შემადგენლობაში იბრძვის.

ამერიკული გაზეთი New York Times-ი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელსა და უკრაინელ ჯარისკაცებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ რუსეთის სარდლობა აგრძელებს ბახმუტში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების და ასევე იმ ძალების გადასროლას, რომლებმაც ხერსონის ფრონტიდან უკან დაიხიეს.

გაზეთის თანახმად, ბახმუტის დაცვის გასაძლიერებლად, უკრაინამაც გადაისროლა სპეცდანიშნულების ნაწილები და ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებისგან შემდგარი დამატებითი ძალა.

„ბახმუტი ეს არის უზარმაზარი ციხესიმაგრე, რომელმაც ძლიერი დარტყმა მიიღო, რადგან მტერმა აქ თავი მოუყარა უამრავ ძალას, რომელიც მას ჯერ კიდევ შერჩა. იმის გამო, რომ ბახმუტი მუდმივად იგერიებდა მტრის იერიშებს, ჩვენმა ძალებმა მოახერხეს აქტიური მოქმედება სხვა მიმართულებით: ჯერ ხარკოვის, შემდეგ ხერსონის რეგიონში. ახლა კი აქაც ძალიან სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. კერძოდ, ჩვენი ბატალიონი „სვობოდა“, ჩვენი ეროვნული გვარდიის მეოთხე ოპერატიული ბრიგადა, ახლა ბახმუტის მიმართულებით მოქმედებენ“, - ამბობს ანდრეი ილიენკო.

უკრაინა ყინვების დადგომას ელოდება

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ორი კვირის წინ წერდნენ, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან მრავალრიცხოვანი დაჯგუფების გაყვანის შემდეგ რუსეთი ამ ძალებს გააძლიერებდა მობილიზებული ქვედანაყოფებით და გააძლიერებდა შეტევით ოპერაციას დონეცკის ოლქში.

„უკრაინის სამხედრო ძალები ამ რაიონში აღმოჩნდებიან მძიმე ვითარებაში და კიევს, სავარაუდოდ, მოუწევს ჯარების გადმოსროლა რუსეთის ამ ახალი შეტევითი მოქმედებისგან თავის დასაცავად. მიუხედავად ძალისხმევის გაძლიერებისა, ნაკლებად შესაძლებელია, რუსეთმა მიაღწიოს მნიშვნელოვან ოპერატიულ წინსვლას. მაგრამ სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში მათ დიდი დანაკარგის ფასად დაიკავონ ქალაქი ბახმუტი“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში.

მაგრამ დრო გადის, 2022 წელი თითქმის მიიწურა და რუსეთი ვერ ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას.

„როდესაც რუკას დავცქერით, ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, თუ როგორ სწრაფად გათავისუფლდა ხარკოვის ოლქი. აქ კი, ბახმუტის გარშემო, სამი თვის განმავლობაში თითქოს არაფერი შეცვლილა. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დინამიკა არ არის. სხვა ბრძოლების ფონზე, ბოლო თვეების განმავლობაში, ბახმუტი თითქოს უკანა პლანზე რჩებოდა. მაგრამ სინამდვილეში, ისტორიის გადმოსახედიდან, ბახმუტისათვის ბრძოლა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძირითადი ბრძოლაა. ეს არის სანგრების უმძიმესი ბრძოლა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა უკრაინის არმიას ემოქმედა სხვა მიმართულებით და უშუალოდ აქ, დონბასში, გამოეფიტა რუსეთის არმია. ვერ ვიტყვით, რომ [რუსეთის არმია] მთლიანად გამოფიტა, მაგრამ აგრძელებს მის გამოფიტვას და მტერს დიდ ზარალს აყენებს. მე მიმაჩნია, რომ ბახმუტისათვის ბრძოლა ეს არის უკრაინის ერთგვარი ვერდენი“, - დასძენს ანდრეი ილიენკო.

მაგრამ, ნაადრევია იმის თქმა, რომ თუ რუსული ჯარები დატოვებენ დაპყრობილი ქალაქების ნაწილს, უკრაინის ჯარები შეძლებენ იქ დაუყოვნებლივ შესვლას. ამის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ხელისშემშლელი მიზეზი ამინდია, - ამბობს უკრაინელი ექსპერტი მიხაილო სამუსი, რომელიც უკრაინელი სამხედროების წინსვლას ყირიმის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით მხოლოდ ხანგრძლივი ყინვების შემდეგ ელოდება.

„ჯარების მობილურობა ეცემა. ეს ობიექტურია, რადგან ბორბლიანი ტექნიკა უბრალოდ ეფლობა ამ ტლაპოში, რომელიც ზოგიერთ რაიონში ერთი მეტრსაც აღწევს. იქმნება მსუბუქი ჭაობი, რომელიც რეალურად არ აძლევს გადაადგილების საშუალებას არა მხოლოდ პირად შემადგენლობას, არამედ ბორბლიან ტექნიკასაც. მუხლუხიან ტექნიკას შეუძლია მოძრაობა, მაგრამ ისევ და ისევ არა ისეთი ტემპით, როგორიც საჭიროა. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ჭაობი გაიყინება, ბორბლიანი და მუხლუხიანი ტექნიკა შეძლებს მოძრაობას, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიქმნება სულ სხვა პირობა ჯარების სწრაფი გადაადგილებისთვის. და ამ პირობებში ის ოპერაციები, რომლებიც ჩვენ ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში ვიხილეთ, შესაძლებელია, მაგალითად, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც ჩატარდეს. ამინდის პროგნოზის თანახმად, ასეთი ამინდი შესაძლოა დადგეს სადღაც ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც გრუნტი მართლა დაიწყებს გამაგრებას და ტექნიკას გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. ამას დავინახავთ. მაგრამ ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ამინდი მხოლოდ ერთ-ერთ კომპონენტია. არსებობს კიდევ ბევრი კომპონენტი, რომლებსაც ოპერაციის დაგეგმვისა და მომზადების დროს ითვალისწინებენ“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

ეს ლაპარაკია შეტევით ოპერაციაზე, თუმცა, ინტენსიური პოზიციური ბრძოლები მთელი ფრონტის ხაზზე გრძელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის თანახმად, ფრონტის ყველა მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები იყენებენ ტანკებს და არტილერიას. და ისევ არსებობს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კვირის დასაწყისში გააფრთხილა მოსახლეობა.

უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ მათ რაკეტები აქვთ, არ დამშვიდდებიან“.

მაგრამ სრული დეოკუპაციისკენ აღებული გეზის შეცვლას არც უკრაინა აპირებს.

ახალი რუსული სტრატეგია, რომელიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებით ცდილობს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ქვეყნის მოსახლეობის დატოვებას, - ვერ შეარყევს უკრაინის ნებას და ვერ აიძულებს მას, უარი თქვას თავისი ტერიტორიების გათავისუფლებაზე, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG