Accessibility links

რუსეთი შესრულებულად მიიჩნევს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას


გრიგორი კარასინი

რუსეთი შესრულებულად მიიჩნევს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ აპირებს მიუბრუნდეს ამ პრობლემას, დასავლეთის ქვეყნების ლიდერების მოწოდებების მიუხედავად.

21 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს მოუწოდა „გაიყვანოს თავისი ძალები“ საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და „ამ ორივე რეგიონში თავისუფლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება“.

პრაღაში, სადაც 24 მაისს გაიმართა საქართველოსა და რუსეთის საგანგებო წარმომადგენლების, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის მორიგი რაუნდი, კარასინმა განაცხადა:

„მაიკ პომპეო ახალი სახელმწიფო მდივანია, ხოლო ვინაიდან ჩვენ გვახსოვს 2008 წლის მოვლენები, მსურს გავიმეორო ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ სრულად შევასრულეთ ყველა დებულება შეთანხმებისა, რომელიც მიღწეულ იქნა მედვედევსა და სარკოზის შორის. ჩვენი სამხედროები მაშინ გაყვანილ იქნენ შესაბამის პოზიციებზე და ახლა ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან იმ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებსაც ხელი მოეწერა ამ ორი ახალგაზრდა კავკასიური რესპუბლიკის მთავრობებთან.“

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

საქართველოს-პრემიერ მინისტრის საგანგებო წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დროს რუს კოლეგას გააცნო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ დრამატულ ფაქტებზე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებზე.

„ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით გავჩერდებით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრაღაში გამართული აბაშიძე-კარასინის მორიგი რაუნდის შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის ამოქმედების თაობაზე. რუსეთის ფედერაციასა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საბჭოს შორის 18 მაისს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთ-საქართველოს 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების რეალიზაციის შესახებ. გრიგორი კარასინის თანახმად, შვეიცარიის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით 7 ივნისს მოსკოვში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ სამმხრივი კომისიის შექმნის საკითხზე, განიხილავენ რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ნაკადების კონტროლისა და საბაჟო ადმინისტრირების კონკრეტულ დეტალებს, რასაც, კარასინის თქმით, რამდენიმე თვე დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG