Accessibility links

site logo site logo

რუსთაველთა ნაწილი ახალი ციხის მშენებლობას ეწინააღმდეგება


ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებთ მშენებლობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.

რუსთაველები აპირებენ პეტიციით მიმართონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და მოითხოვონ ჭყონდიდელის დასახლებაში ახალი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობის შეჩერება. მიმართვაში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისმა ავტორებმა მიაწოდეს და ჯერ საჯაროდ არ გავრცელებულა, ნათქვამია, რომ მთავრობას რუსთავში საპატიმროების მშენებლობის გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველობასთან არ შეუთანხმებია და არც ადგილობრივი მოსახლეობის აზრი შეუსწავლია.

გადმოწერა

მიმართვაში წერია, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი აღიარებს რუსთაველი მოქალაქეების „უფლებას და შესაძლებლობას, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები“. ასევე, აღიარებს, რომ „სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს“.

პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი, “რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის” დირექტორი დავით მეტრეველი, ამბობს, რომ ციხეების მშენებლობა ეწინააღმდეგება რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასაც, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა ქალაქის განვითარების არეალი და პერსპექტივები. დავით მეტრეველის თქმით, ტერიტორია, სადაც პენიტენციური დაწესებულებები შენდება, რუსთავისთვის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად პერსპექტიული ადგილია:

„არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ის [ჭყონდიდელის დასახლება] 2 გრადუსით უფრო გრილია, ვიდრე დანარჩენი რუსთავი, ანუ ამ სივრცეში [მშენებარე ციხეების ტერიტორიაზე] ძალიან კარგია პატარა ქალაქის მოდელირება გაკეთდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი დეველოპმენტის განვითარებას... ყველაფერი კარგი იქნება, ციხის გარდა“.

დავით მეტრეველმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სულ მალე პეტიციას ხელმოწერებისთვის ინტერნეტით გაავრცელებენ. განსხვავებული აზრი აქვთ იუსტიციის სამინისტროში. რამდენიმე ხნის წინ მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ ადგილი, სადაც ახალი საპატიმროები შენდება, საბჭოთა პერიოდის სამხედრო ნაწილს ეკავა, შემდეგ კი ნაგავსაყრელად იყო ქცეული. წულუკიანის თქმით, ტერიტორია გასუფთავდა, მოწესრიგდა და იქ რუსთაველების დასაქმების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ობიექტი შენდება.

„რუსთაველებისთვის, მე მინდა ვთქვა, რომ აქ [პენიტენციარულ დაწესებულებაში] შეიქმნება 600 სამუშაო ადგილი, რაც, ალბათ, არ არის ცოტა იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ -ეკონომიკურ სიდუხჭირეში. და ის, რაც მანამდე იშვიათად ხდებოდა, იქნება წესი: ღია კონკურსით შეირჩევიან ეს ადამიანები. ახლაც არის 150 [საშტატო პოზიციაზე] კონკურსი გამოცხადებული“.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისიც თქვა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობას სხვა ქალაქებიც ითხოვდნენ, თუმცა მთავრობა რუსთავზე შეჩერდა. “რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის“ დირექტორი დავით მეტრეველი ამბობს, რომ მინისტრს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს:

„ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ ციხე არავისთვის კარგის მომტანი არ არის. ერთადერთ არგუმენტად ქალბატონ მინისტრის [თეა წულუკიანის] მიერ ითქვა დასაქმება, რომ აქ დასაქმდებიან ადგილობრივები. საბედნიეროდ, დასაქმების ბევრი სხვა გზა არსებობს. ვისაც პენიტენციარულ სისტემასთან შეხება ჰქონია, იცის, რომ ეს არის დაკეტილი სისტემა, სადაც საჯარო მოხელეზე ბევრად მაღალი მოთხოვნებია. ასე ადვილად, ერთი ხელის დაკვრით დაასაქმო ადამიანები, არ ხდება“.

რუსთავის ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებთ, ვისაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. უმრავლესობა საპატიმროების მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამ მშენებლობას მიესალმება.

ჭყონდიდელის დასახლებაში სულ 700 პატიმარზე გათვლილი ორი პენიტენციური დაწესებულება უნდა აშენდეს - მამაკაცებისა და ქალებისთვის.
ჭყონდიდელის დასახლებაში სულ 700 პატიმარზე გათვლილი ორი პენიტენციური დაწესებულება უნდა აშენდეს - მამაკაცებისა და ქალებისთვის.

რაც შეეხება რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თვითმმართველობამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოსახლეობის აზრი უნდა გაითვალისწინონ:

„თვითმმართველობამ საზოგადოების აზრი უნდა გაითვალისწინოს და საზოგადოება და თვითმმართველობა ერთად უნდა დადგეს. ჩვენ თუ ქალაქის განვითარების ხედვა გვაქვს და ვფიქრობთ იმ [მშენებარე ციხეების] ტერიტორიის განვითარებას, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს აზრის კონსოლიდირება და ამის მიხედვით გადავდგათ ნაბიჯები. თუმცა იქ [ჭყონდიდელის დასახლებაში] გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია“.

რუსთავის მერმა დასძინა, რომ გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარდა და შესაძლებელია ამ ინფრასტრუქტურის სხვა მიზნით გამოყენება, მაგრამ რა მიზნით, არ დაუკონკრეტებია. რუსთავის ჭყონდიდელის დასახლებაში სულ 700 პატიმარზე გათვლილი ორი პენიტენციური დაწესებულება უნდა აშენდეს - მამაკაცებისა და ქალებისთვის. ამჟამად ტერიტორია მოსწორებულია, მიმდინარეობს შემოღობვა და შენობებისთვის საძირკველი ითხრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG