Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველებს გავარვარებულ მიკროავტობუსებში გაგრილების მოთხოვნის უფლება არ აქვთ


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), მსოფლიო ბანკთან ერთად, განიხილავს საქართველოს 6 დიდ ქალაქთან საქალაქთაშორისო მიმოსვლის დაფინანსების საკითხს. საუბარია 50 ევროსტანდარტის ავტობუსზე.

იბიარდის ექსპერტები 25 ივნისს რუსთავის მერიის წარმომადგენელსა და ქვემო ქართლის გუბერნეტორ შოთა რეხვიაშვილს შეხვდნენ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომსროს მოადგილე, დავით რეხვიაშვილი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომსროს მოადგილე, დავით რეხვიაშვილი

გუბერნატორის თქმით, პროექტის განხორციელება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.

„ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ 2020-ის პირველ თვეებში ალტერნატიული, საკმაოდ მაღალი ხარისხის სერვისის გადაზიდვები გვქონდეს ქალაქში და არ იყოს ისეთი შეფერხებები, როგორიც ახლაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ჩვენ გვაქვს საუბარი როგორც რუსთავ-თბილისის მგზავრთნაკადზე და მათ მომსახურებაზე, ასევე, ქალაქში შიდა გადაზიდვებზე, სხვადასხვა კატეგორიის 40 ერთეულ ავტობუსზეა საუბარი“.

შოთა რეხვიაშვილმა დასძინა, რომ დაფინანსება რეგიონალური განვითარების ფონდის გავლით მოხდება.

მაგრამ სანამ რუსთავში ავტობუსებს შემოიყვანენ, რუსთაველებს კვლავაც არაკომფორტულ და ხვატ სიცხეში გავარვარებულ მიკროავტობუსებით მგზავრობა მოუწევთ.
ამის გამო 26 ივნისს რუსთავის საკრებულოს დარგობრივი კომისიის სხდომაზე დიდი ვნებათაღელვა და ხმაური იყო.
კომპანია „ინტერტრანსი“, რომელიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტს განკარგავს, კვლავ დაჟინებით მოითხოვს ექვს მათგანზე მგზავრობის ღირებულების 30 თეთრით გაზრდას ისე, რომ არ აპირებს დააკმაყოფილოს საკრებულოს წევრთა მოთხოვნა და, ფასის მომატების შემთხვევაში, პასუხიმგებლობა აიღოს მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებაზე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით რეხვიაშვილმა „ინტერტრანსთან“ ხელშეკრულების გადახედვის საკითხიც კი დასვა.

„ხელშეკრულებაში ცვლილება უნდა შევიდეს. რად უნდა დიდი ფილოსოფია იმას, რომ ზაფხულში კაცი არ უნდა დაიხრჩოს მიკროავტობუსში და სამარშრუტო ტაქსში. ადრე ვთქვით, რომ რახან ითხოვს [„ინტერტრანსი“ მგზავრობის საფასურის გაზრდას], დავსვათ ერთადერთი შეკითხვა, მზად არის თუ არა კომპანია ცვლილებები შევიდეს ხელშეკრულებაში [კონდიციონერების ჩართვის ვალდებულება] “.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აქვე შეახსენა გადამზიდავ კომპანიას, რომ, მართალია, მგზავრობის ახალი ფასის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მერიის კომპეტენციაა, მაგრამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მაინც საკრებულო მიიღებს.

სამოქალაქო აქტივისტები "ინტერტრანსის" წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:19 0:00



ამის საპასუხოდ, საკრებულოში მიწვეულმა „ინტერტრანსის“ გენერალურმა დირექტორმა სანდრო ჯაფარიძემ ადგილობრივ კანონმდებლებს შეახსსენა, რომ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიას კონდიციონერების ჩართვის ვალდებულება არ აქვს. რომც ჩართოს, მწყობრიდან გამოვა, მათ შესაკეთებლად კი „ინტერტრანსს“, რომელიც ისედაც წაგებაზე მუშაობს, თანხა არ გააჩნია.

ინტერტრანსის გენერალური დირექტორი, სანდრო ჯაფარიძე
ინტერტრანსის გენერალური დირექტორი, სანდრო ჯაფარიძე


„კომპანია მხარს არ უჭერს, რომ ახალ ხელშეკრულებაში კონდიციონერების ჩართვა დაგვევალოს. კომპანია უარს ამბობს იმ ხელშეკრულების შეცვლაზე, რომელიც გაფორმებული აქვს დღეს მერიასთან. მე თუ შემოსავლები არ მომემატა, კომპანიას თუ არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ეს კონდიციონერები გაარემონტოს, რომელ პასუხისმგებლობაზე და რომელი კონდიციონერის ჩართვაზეა საუბარი?“

სანდრო ჯაფარიძემ თვითმმართველობას კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ კომპანიის კუთვნილ ხაზებზე მოძრაობისთვის ე.წ. „ხიშჩნიკი“ მიკროავტობუსების მძღოლთა მიმართ ფინანსურ სანქციებს არ ატარებს.

კამათი დარგობრივი კომისიის სხდომაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00

კამათში საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ამირან ჯანჯღავა, ჩაერთო, რომელმაც „ინტერტრანსს“ მოსახლეობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დასდო ბრალი.

„თქვენ [„ინტერტრანსს“] არ გაქვთ სათანადო სერვისი შეთავაზებული თქვენი თანამოქალაქეებისთვის. არ ვიცი, მოქალაქეებს როგორც სტატისტიკას და ციფრებს უყურებთ თუ არა, მაგრამ უნდა გაგახსენოთ, რომ ესენი [მგზავრები] არიან, ჩვენი მეგობრის შვილები, ჩვენი მეზობლები, თანამოქალაქეები და იმით მანიპულირება, რომ ხელშეკრულებაში არ გიწერიათ მანქანის კონდიცირება და არ გაინტერესებთ, თქვენი მოქალაქე ოფლში, არაჰიგიენურად ივლის, იქნება კარგად, არ იქნება. მე ვფიქრობ, ადამიანს, თქვენს კომპანიას აქვს მორალური ვალდებულებებიც“.

დარგობრივი კომისიიის სხდომაზე კამათი ხმაურში მაშინ გადაიზარდა, როცა იქ მიწვეულმა სამოქალაქო აქტივისტებმა კომპანიას ათასი ადამიანის მიერ ხელმოწერილი პრეტენზიები წაუყენეს. გივი შანიძემ განაცხადა, რომ კომპანია ბოროტად იყენებს მონოპოლიურ მდგომარეობას ადგილობრივ ბაზარზე.

„კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის. შესაბამისად, ადამიანს უნდა ჰქონდეს ქალაქიდან ქალაქში მგზავრობის საშუალება, რომელიც კომპანიას პირობებში არ უწერია. შესაბამისად, გადასახედია ეს ხელშეკრულება ავტომატურად...ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის პირია რუსთავში“.

გივი შანიძეს იქვე მყოფი სხვა აქტივისტებიც აჰყვნენ, რის შემდეგაც „ინტერტრანსის“ წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG