Accessibility links

"რუსთაველის" შენობა შეინარჩუნებს კინოთეატრის ფუნქციას


კინოთეატრ "რუსთაველის" ხელმძღვანელობა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შენობა შეინარჩუნებს კინოთეატრის ფუნქციას და ძირითადი კონცეფცია შეიქმნება კინოთემატიკის ირგვლივ. განცხადება მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ასახულია კინოთეატრის ჩამოშლილი ფასადი.

„სინამდვილეში, დაახლოებით 2 თვის წინ და არა გუშინ, ან დღეს, რესტავრატორების ჯგუფმა ჩამოხსნა რამდენიმე ფილა ფასადზე, რადგან მიმდინარეობს შენობის ისტორიული კვლევა. განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით დაშვებული სამუშაოები: ძეგლის ნატურში კვლევა, დაზვერვა, გაკეთდა არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები, ზონდაჟები(ფერისა და მასალის კვლევისათვის კონსტრუქციული ელემენტების შესასწავლად და მდგრაგობის გამოსავლენად, ტენიანობის დასადგენად, ასევე ავთენტური ელემენტების განსასაზღვრად),ამჟამად კვლავ მიმდინარეობს კვლევითი პროცესი. კვლევის გარდა შენობას არც გარედან და არც შიგნიდან არავინ შეხებია.

ჩვენი კომპანია მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს კინოთეატრ „რუსთაველის“ ისტორიული სახის აღდგენა. პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია და აუცილებლად გავაცნობთ დეტალებს ფართო საზოგადოებას, სანამ რაიმე სახის სარეკონსტრუქციო სამუშაო დაიწყება და ეს პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კინოთეატრი რუსთაველი უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში შესულია პროექტი, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა „შენობის განვითარება სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“.

4 მაისს კინოთეატრის გადარჩენის მოთხოვნით აქცია გამართა მთაწმინდაზე დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამაც.

"კიდევ ერთხელ, ჩვენს თვალწინ უპასუხისმგებლო პოლიტიკა მთაწმინდის უნიკალურ ძეგლს მოსპობით ემუქრება! „კინო რუსთაველის“ ძეგლი მაღალი ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირებლების მატარებელია. ის უნიკალურ სტილს – ე.წ. პოსტკონსტრუქტივიზმს წარმოადგენს, რომლის ნიმუშიც ქალაქში სულ რამოდენიმეღა შემოგვრჩა!

ჩვენ არ დავუშვებთ ამ ძეგლის მოსპობას! 1939 წლიდან მოყოლებული, ისტორიულად აქ მუდამ იყო კინოთეატრი. ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ შენარჩუნდეს ძეგლის უნიკალური არქიტექტურული სტილი და ფუნქციური დანიშნულება. გრიგოლ გეგელიას წინასაარჩევნო გაზეთში უკვე მოცემულია კინოთეატრის ალტერნატიული განვითარების იდეა." - ამ ტექსტით ეპატიჟებოდა გრიგოლ გეგელია მხარდამჭერებს კინოთეატრ რუსთაველის დასაცავ აქციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG