Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია - მშობლების ნერვიულობის მიზეზი


მშობელთა რიგი საბავშვო ბაღთან
მშობელთა რიგი საბავშვო ბაღთან

რუსთავში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლების ნაწილს ამ ზაფხულს ერთი მთავარი საზრუნავი აქვს - ბაგა-ბაღებში შვილების ჩარიცხვა. წინა წლების მსგავსად, აღსაზრდელთა რეგისტრაცია წელსაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება და მშობლების ნერვიულობას იწვევს.

3 ივნისს რუსთავის მერიის მარჯვენა ფლიგელთან დილიდან შეკრებილ 500-მდე ადამიანს განსაკუთრებული დაძაბულობა ეტყობოდა. მათ სია ჩამოწერეს, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შვილების რეგისტარციისთვის თავის რიგს დაელოდნენ, თუმცა ქაოსი თავიდან მაინც ვერ აიცილეს:

“გამოვიდნენ და გვითხრან, იქნებ შევსებულია ადგილები...ხუთასმერაღაცე ვარ და რატომ უნდა ვიდგეთ ტყუილად?...”

ასეთი საუბარი ისმოდა რუსთავის მერიის შენობასთან. ერთ-ერთი მშობელი, ნათია კაპანაძე, ამბობს, რომ შარშან უფასო ბაგა-ბაღში შვილის დარეგისტრირება ვერ შეძლო და იმედი აქვს, რომ წელს მაინც მოახერხებს.

„შარშან რეგისტრაციით ვერ მოვხვდით, ბაგაში ვერ მოვხვდით, ახლა 3-4- წლიანში მივდივართ...[შარშან] რეგისტრაციით რეზერვში მოვხვდით...ამიტომ კერძო ბაღში დამყავს, [თვეში] 230 ლარს ვიხდი“.

ნათია კაპანაძეს ხელში მშობლების სია ეჭირა და დროდადრო გვარებს ასახელებდა. შენობაში 10-10 ადამიანს უშვებდნენ. კართან ვითარებას მერიის დაცვის სამსახური აკონტროლებდა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები შენობის პირველ სართულზე სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ისხდნენ და აღსაზრდელთა რეგისტრაციას აწარმოებდნენ. გაერთიანების დირექტორმა ეკა ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 3-4 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაცია:

„ვინც განცხადება დაწერა, ყველა ჩარიცხულია. ვინც [შენობის გარეთ] ელოდება, ისიც პრაქტიკულად ჩარიცხულია. უბრალოდ, განცხადება უნდა დაწერონ. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 1000 ვაკანტური ადგილი. ასეთი მოთხოვნა დღეს შეიძლება არც იყოს 3-4-იან ჯგუფებში. მე მგონია, რომ 950 განცხადებამდე შემოვა“.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ეკა ხუციშვილის თქმით, წელს გაერთიანების 21-ვე ბაგა-ბაღში დაახლოებით 6 700 ბავშვს მიიღებენ და, სავარაუდოდ, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება, რადგან ახალი სასწავლო წლისთვის რამდენიმე ბაღში დამატებითი ჯგუფები გაიხსნა.

რუსთავის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:40 0:00

აპრილის ბოლოდან რუსთავში მცხოვრები 2-3 წლის ასაკის ბავშვები ელექტრონულად დაარეგისტრირეს. ეკა ხუციშვილის ინფორმაციით,ამ წესით 1000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა:

„იქ, სადაც ადგილები შეზღუდულია, უნდა გამოირიცხოს კორუფციული გარიგებაც, ჩაწყობაც, ბიძაშვილობაც, მამიდაშვილობაც და ამიტომ უნდა იყოს ელექტრონული რეგისტრაცია, მაგრამ თუკი ბაღები გვაძლევს შესაძლებლობას ყველა მსურველი ჩავრიცხოთ, რაღატომ გვინდა რეგისტრაცია, რატომ ვაწვალოთ მშობლები“...

ამასთან, ეკა ხუციშვილმა აღიარა, რომ რუსთავს ბაგა-ბაღები არ ჰყოფნის. ქალაქის ნომერ პირველ ბაგა-ბაღს წელს 70 წელი შეუსრულდა. მისი დირექტორი ლეილა გორგოძე ამბობს, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში რუსთავში 44 ბაღი ფუნქციონირებდა. მაშინ მშობლები თანადაფინანსების სახით 30 პროცენტს იხდიდნენ. იმ პერიოდიდან ქალაქი ბევრმა დატოვა, ბაღებში ბავშვების რაოდენობაც მინიმუმამდე შემცირდა, ჯგუფები გაუქმდა და შენობების ნაწილი გაიყიდა:

„ახლა, ფაქტობრივად, 600 ბავშვამდეა, თუ არ ვცდები. საშიშროება იმისა, რომ ვერ მოხვდეს საბავშვო ბაღში, არ არსებობს. ისე, მართლა ბევრი ჯგუფებია, ძალიან ბევრი გაიხსნა, ძალიან სწრაფად მივდივართ. [ბაგა-ბაღებში] ამდენი ჯგუფის დამატება დიდი ხანია არ გვქონია“.

ვინ დარჩება რუსთავის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გარეთ და ვინ არა, მშობლებმა ჯერ არ იციან. ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, პირველ რიგში მარტოხელა დედებისა და მრავალშვილიანი მშობლების განცხადებები დაკმაყოფილდება.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG