Accessibility links

site logo site logo

„რუსთავის სამშობიარო სახლი“ ერთი წლის განმავლობაში ხელფასს მხოლოდ ორ თანამშრომელს ურიცხავდა


აქცია „რუსთავის სამშობიარო სახლის“ ეზოში 2021 წლის სექტემბერში.

2020 წლის ივნისიდან, ერთი წლის განმავლობაში, შპს „რუსთავის სამშობიარო სახლში“, სადაც 129 თანამშრომელია დასაქმებული, ხელფასი მხოლოდ ორ მათგანს ერიცხებოდა.

ამის შესახებ წერია შრომის ინსპექციის 16 ნოემბრით დათარიღებულ დასკვნაში, რომელიც გაერთიანებულმა პროფკავშირებმა 26 ნოემბერს გაასაჯაროვა.

შრომის ინსპექცია არ ასაჯაროებს იმ ორ ადამიანს, ვინც ხელფასს იღებდა. შემოსავლების სამსახურის და თავად სამშობიარო სახლის კლინიკის დოკუმენტებზე დაყრდნობით, შრომის ინსპექცია აღნიშნავს, 127 თანამშრომლის მიმართ მთლიანი სახელფასო დავალიანება 600 ათას ლარს აღემატება. „სამშობიარო სახლში „ხელფასის დაყოვნება დამკვიდრებული პრაქტიკაა“, აღნიშნავს შრომის ინსპექცია.

სამშობიარო სახლის არაგეგმური შემოწმება ორი თვის წინ დაიწყო, გაერთიანებული პროფკავშირების მოთხოვნით. პროფკავშირებმა სექტემბერში კლინიკის ეზოში ხმაურიანი აქცია გამართეს, მედპერსონალის მხარდასაჭერად.

„შრომის ინსპექციამ ოფიციალურად დაადასტურა ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერებული ინფორმაცია, რუსთავის სამშობიარო სახლში არსებული შრომით სამართლებრივი დარღვევებისა და შეუსაბამობების შესახებ“, აცხადებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე.

თამაზ დოლაბერიძე
თამაზ დოლაბერიძე

დარღვევებს შორისაა, მრავალთვიანი სახელფასო დავალიანებები, გადაუხდელი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, გაუმართავი შრომითი კონტრაქტები.

პროფკავშირების რეგიონულმა წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შრომის კოდექსის შესაბამისად, სამშობიარო სახლს დარღვევების აღმოფხვრისთვის ერთთვიანი ვადა მიეცა, თუმცა ტყემალაძე ეჭვობს, რომ კლინიკის მენეჯმენტი ამ ვალდებულებებს შესრულებს.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ფორმას, მათ შორის მივმართავთ აღსრულების ბიუროს, რომ კლინიკა აიძულოს, რათა მან შრომითი ურთიერთობები კანონის შესაბამისად წარმართოს და სახელფასო დავალიანებები გაისტუმროს. ეს თუ ვერ შეძლო, ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მფლობელების წინააღმდეგ აქციებს დავიწყებთ“, თქვა გიორგი ტყემალაძემ.

საპროტესტო აქცია რუსთავის სამშობიარო სახლის ეზოში
საპროტესტო აქცია რუსთავის სამშობიარო სახლის ეზოში

შპს „რუსთავის სამშობიარო სახლის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ექიმი ალექსანდრე ბარავკოვია.

კლინიკის შემოწმების დროს მან შრომის ინსპექციას აუხსნა, რომ სახელფასო ვალდებულება სამშობიარო სახლის ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია. ბარავკოვისვე განცხადებით, ფინანსური პრობლემები მოჰყვა შემოსავლების სამსახურის მიერ კლინიკის დაჯარიმებამ და პანდემიამ.

კლინიკის მენეჯმენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შრომის ინსპექციის ყველა მითითებას „ზედმიწევნით“ შეასრულებენ და დავალიანებასაც „ბოლო კაპიკამდე“ გაისტუმრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG