Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავის ფოლადის" ორმა საამქრომ გაფიცვა შეწყვიტა


„რუსთავის ფოლადის“ ელექტროფოლადსადნობი და სორტული გლინვის საამქროების 300-მდე თანამშრომელმა 20 მაისს, ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების შემდეგ, გაფიცვა შეწყვიტა.​

როგორც რადიო თავისუფლებას ქარხნის ადმინისტრაციაში აცნობეს, შეთანხმებას მათ მხოლოდ ორ საამქროსთან მიაღწიეს. ელექტროფოლადსადნობი საამქროს მუშებს - მათ შორის მეფოლადეებს, ზეინკლებს, მექანიკოსებს -ხელფასები თანამბრად, 148-148 ლარით მოემატებათ. ქარხნის ადმინისტრაცია მათხელფასების 15-დან 30 პროცენტამდე გაზრდას სთავაზობდა, სახელფასო განაკვეთის შესაბამისად. ხსენებულ საამქროში მუშების ხელზე ასაღები ხელფასი დღემდე 500-დან 800 ლარამდე მერყეობდა.

გასულ კვირაში ქარხნისადმინისტრაცია მოელაპარაკასორტული გლინვის საამქროს თანამშრომლებს სამუშაო გრაფიკის 12-დან 8-საათამდე შემცირების შესახებ, ისე რომ გაფიცულებს ხელფასები არ გაეზრდებოდათ, თუმცა ხსენებული საამქროს მუშები გაფიცვას აგრძელებდნენ მეფოლადეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად.

„ჩვენ სამსახურში გავედით, მაგრამ მილსაგლინავი საამქრო კვლავ გაჩერებულია“, უთხრა რადიო თავისუფლებას სორტული გლინვის საამქროს თანამშრომელმა გიორგი ტყემალაძემ. მის საამქროში სამშენებლო არმატურა მზადდება.


პროდუქციის დატვირთვის უბნის თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „რუსთავის ფოლადის“ დირექცია მათთან 20 მაისს გამართულ მოლაპარაკებას ორი დღის შემდეგ განაახლებს.


„ხელფასების მომატების შესახებ ჩვენს მოთხოვნაზე უარი განაცხადეს, თუმცა პრეტენზიების განმეორებით განხილვას დათანხმდნენ“, თქვეს დატვირთვის უბნის თანამშრომლებმა, რომლებიც გაფიცვას 22 მაისამდე გააგრძელებენ. ამ უბანზე ხელფასი 350-დან 600 ლარამდე მერყეობს.

გაფიცვას აგრძელებენ მილსაგლინავი საამქროს, მექანიკური უბნისა და ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც ხელფასის მომატებას ითხოვენ, თუმცა „რუსთავის ფოლადის“სამმართველოს წინ ამჟამად არც ერთი მეტალურგი აღარ დგას.


„რუსთავის ფოლადში“ ოთხი ძირითადი საამქროა: ფოლადსადნობი, მილსაგლინავი, საგლინავი და სორტული გლინვის საამქროები. არის ასევე რამდენიმე უბანი და დამხმარე სამსახური.


400-450 მეტალურგი ხუთი დღის განმავლობაში გაფიცული იყო.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG