Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2" ისევ გადარჩენისათვის იბრძვის


„დაიწყო „რუსთავი 2“-ზე შეტევის ახალი ფაზა და ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი“, - აღნიშნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 6 მაისს საგანგებო პრესკონფერენციაზე. ამ დღეს მან განაცხადა, რომ ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ, როგორც „რუსთავი 2“-ის არასწორი მენეჯმენტით დაზარალებულმა კომპანიის გენერალური დირექტორისგან და სხვა მეწილეებისგან 26 მილიონი ლარის კომპენსაცია მოითხოვა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ დავის მიზანი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და მისი დირექტორის უფლებამოსილების შეჩერებაა. იგი ამბობს, რომ ნინო ნიჟარაძისა და მისი სარჩელის უკან დგას ხელისუფლება, რომელმაც „რუსთავი 2“-ისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ “ახალი ომი” დაიწყო.

ნიკა გვარამიას ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება მმართველი ელიტა და ცალსახად იზიარებენ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის წარმომადგენლები.

მათ „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობაზე არაერთი განცხადება გააკეთეს, არასამთავრობოებმა გამოაქვეყნეს პლურალისტული მედია გარემოს მხარდამჭერი ერთობლივი წერილიც.

ახალი ომი სიტყვის თავისუფლებისთვის?

„რუსთავი 2“, ერთ-ერთი გავლენიანი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი, უკვე წლებია დგას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რამდენად იზიარებს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას, პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და მრავალფეროვანი მედია პლატფორმების არსებობა”, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ განცხადების თანახმად

  • მორიგი სასამართლო დავა არა მარტო მაუწყებლის მუშაობას აფერხებს, არამედ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს და თავისუფალ მედიაგარემოს;
  • „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებას უდავოდ უარყოფითი გავლენა ექნება 2020 წლამდე წინასაარჩევნო გარემოზე და მთლიანად დემოკრატიულ პროცესზე;
  • ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიების მიმართ, TV პირველი, იბერია TV და აჭარის ტელევიზია, არაერთი პროცესი განვითარდა, რომელიც კითხვებს აჩენს მედიის დამოუკიდებლობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ნინო ნიჟარაძის სარჩელის სამართლებრივი მხარე შექმნილ ვითარებაში მეორეხარისხოვნად მიაჩნია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს:

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

„უფრო მნიშვნელოვანი ამ წუთში შეიძლება იყოს ის, არის თუ არა ეს სარჩელი განპირობებული პოლიტიკური მოტივებით? ხომ არ არის ეს კონკრეტული შედეგის მიღწევის გეგმა ბ და არა გეგმა ა, რომელიც შესაძლოა დროში ჭიანურდებოდეს? არის თუ არა ეს ასე დრო გვაჩვენებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვხედავთ თანმდევ პროცესებს მედიაში“, - გვითხრა სულხან სალაძემ. პირველი კითხვა, რომელიც მას უჩნდება არის ის, „შესაძლოა თუ არა ამ დავის უკან იდგეს მმართველი პარტია, ან ხელისუფლებასთან დაახლოვებული რომელიმე ჯგუფი?

რას ნიშნავს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართლებრივი დავის დაწყება?

თბილისის საქალაქო სასამართლოში შესული სარჩელის თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორისგან და მესაკუთრეებისგან 26 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, საკმაოდ მძიმე გამოცდილება არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ საქმე გვაქვს უბრალო ბიზნესდავასთან და არა პოლიტიკურად მართულ პროცესთან.

მისი აზრით, მედიასთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ ნდობა იმდენად დაბალია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ცალსახად ჩნდება განცდა, რომ „რუსთავი 2“-ზე მორიგი თავდასხმაა:

„ჩვენ მივიღეთ აბსურდული ვითარება, რომელიც უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით - სასამართლო განსახილველ საქმესთან არის ინტერესთა კონფლიქტში. ის არის ბუნებრივი მოკავშირე „რუსთავი 2“-ის მოწინააღმდეგის. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პოლიტიკურ ინტერესს ადგილი. შესაბამისად, დაუშვათ ეს არის წმინდა ბიზნესდავა - გამომდინარე იქიდან, რა პროცესი მიდის დღეს სასამართლოში, სასამართლომ შეიძლება საკუთარი ინტერესებიდან, თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება“, - გვითხრა გია ხუხაშვილმა, რომელიც ამავდროულად პირადად არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიის დირექტორისა და მესაკუთრეების მიმართ სარჩელის ინიციატორი თავად ნინო ნიჟარაძე იყოს.

რას ამბობს „რუსთავი 2“-ის ადვოკატი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატი, თამთა მურადაშვილი კი გვეუბნება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანით ნინო ნიჟარაძე პრაქტიკულად საკუთარ ინტერესებს დაუპირისპირდა.

“ნინო ნიჟარაძეს სტრასბურგში არ უჩივლია, ის არ არის მოსარჩელე მხარე სტრასბურგში, ჩვენი გადაწყვეტილებით და ჩვენი ბრძოლით. მას წილი რომ აქვს „რუსთავი 2“-ში ჩვენი დამსახურებაა.მაშინ, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, წარმოიდგინეთ, ის მიდის სასამართლოში და საკუთარ თავს ვნებს. ამაში ლოგიკა არ არის და დასკვნა არის ის, რომ ის არის მართული ხელისუფლების მხრიდან“, - ამბობს თამთა მურადაშვილი.

რას ამბობს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი:

ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა 7 მაისს დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ ნინო ნიჟარაძის საქმეზე კომენტარებისგან დროებით თავის შეკავება მოუწევდა. მანამდე კი მედიასაშუალებებს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „რუსთავი 2“-თან სამართლებრივ და სამეწარმეო დავას აწარმოებდა და ამ დავას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ადვოკატის თანახმად, ნინო ნიჟარაძეს უჭირს კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, ვერ გაყიდა და ვერ მიიღო თავისი თანხები და ოფიციალურად აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიას არასწორი მენეჯმენტი აქვს.

გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ საგადასახადო ვალდებულებების გამო „რუსთავი 2“-ს უგროვდება დავალიანება და ამას მოჰყვება სწორედ ჯარიმა და საურავები. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ნინო ნიჟარაძეს პრეტენზიები „რუსთავი 2“-ის მიმართ კომუნიკაციის არარსებობისა და უყურადღებობის გამო დიდი ხანია აქვს და ახლა ამისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა არამართებულია.

გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ნინო ნიჟარაძე პარტნიორებს სულ 28 მილიონ ლარს ედავება, აქედან მილიონნახევარს თავის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენს ტელეკომპანიის სასარგებლოდ.

ძველი დავა - ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მორიგი სამართლებრივი დავა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებიდან 2 წლის შემდეგ დაიწყო. რუსთავი 2-ის დასაბრუნებლად ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამართლებრივი დავა 2015 წელს დაიწყო. საქმემ ყველა ინსტანცია გაიარა და უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის საკუთრებაში გადაცემით დასრულდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა მანამ, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. როგორც რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, ვინაიდან „რუსთავი 2“-ის საქმეს სტრასბურგში პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და 2 წელი გასულია, სასამართლოს გადაწყვეტილება , ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოვიდეს.

„ამ სურათის ფონზე და იმის ფონზე, რომ სტრასბურგმა თავისი არსებობის ისტორიაში დროებითი ღონისძიება პირველად მიიღო, კიდევ ასეთი შეტევა სასამართლოს მხრიდან „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგოდ იქნება ძალიან მძიმე სიგნალი და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ არის პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელს ნინო ნიჟარაძეს სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოტანას და ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეტანას სთავაზობს. როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ნინო ნიჟარაძის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნა მის მოთხოვნას არ წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG