Accessibility links

„რუსთავი 2“ ქრება: ივანიშვილის დაპირება შესრულდა?


„რუსთავი 2“-დან უკვე გაშვებულია ან პროტესტის ნიშნად არის წასული ყველა ის პირი, ვინც არხის სარედაქციო პოლიტიკას ქმნიდა, ხოლო ამჟამინდელი ხელმძღვანელები არხის შინაარსობრივ ცვლილებებზე ლაპარაკობენ. ბევრისთვის აშკარაა, რომ ქრება ძველებური „რუსთავი 2“, როგორც ხელისუფლების მიმართ მწვავედ კრიტიკული ტელევიზია.

ხელისუფლება ამ ყველაფერს მედიის კერძო მესაკუთრის საქმედ მიიჩნევს. თუმცა ხელისუფლების მიერ „სიცრუის მანქანად“ წოდებული არხის გაქრობაში ბევრი სწორედ „ქართული ოცნებისა“ და განსაკუთრებით - ბიძინა ივანიშვილის აქტიურ როლს ხედავს. ახსოვთ ივანიშვილის დაპირება-მუქარაც.

„რუსთავი 2“ რომ გამორთო...

„დღეს რომ გამორთო „რუსთავი 2“ ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ“, - ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის 23 ოქტომბერს თქვა, ხმაურიანი ინტერვიუს მსვლელობისას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იქვე პირობაც დადო, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში „რუსთავი 2“ სიცრუის გავრცელებას ვეღარ მოახერხებდა.

კერძოდ მან თქვა:

  • „მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება და „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს და ასეთ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება და ასეთ სტრესებში“;
  • „ამასაც გპირდებით, რომ „რუსთავი 2“-ს არ ექნება საშუალება, რომ მოახერხოს და განსხვავებული აზრი არ შევიდეს ტელევიზიაში - ჩაკეტოს და მძევლად აიყვანოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი... “;
  • „მცდელობას არ დავაკლებთ, რომ „რუსთავი 2“-ში განსხვავებული აზრი შევიდეს და არა ეს სიცრუე, რაც მუსირებს“;
  • „მე შევეცდები დაგეხმაროთ, მაგრამ თქვენ თუ ამას არ მიიღებთ, თქვენ თქვენს სახელს დაგარქმევთ“.

მართალია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შემდეგ არაერთხელ განმარტა - ეს მუქარა არ არის, მედიასაშუალებების მიერ სიცრუის ტირაჟირების რეიტინგების შედგენას ვგეგმავთ და საზოგადოება ყველაფერს თავად დაინახავსო... მაგრამ ივანიშვილის დაპირება მედიამ მაშინვე აღიქვა მუქარად, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას გულისხმობდა.

ფაქტია, რომ შარშან დაპირებული „სიცრუის რეიტინგები“ ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, ხოლო ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა, ექსპერტების აზრით, უკვე შეცვლილია - ის, ვინც ძირითადად ქმნიდა ამ პოლიტიკას, ანდა მისი ნაწილი იყო უკვე გაშვებული ან წასულია ტელეკომპანიიდან.

  • სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე „რუსთავი 2“-ის ახალმა მეპატრონემ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გაათავისუფლა გენერალური დირექტორი - ნიკა გვარამია;
  • 20 აგვისტოს ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გამოაცხადა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, პოლიტიკური და დღის გადაცემების პროდიუსერისა და არხის მთავარი სახეების, წამყვანების გათავისუფლების შესახებ;
  • ასევე 20 აგვისტოს „რუსთავი 2“ პროტესტის ნიშნად დატოვეს 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა და რამდენიმე ჟურნალისტმა;
  • 21 აგვისტოს ეთერში აღარ გასულა საინფორმაციო გამოშვებები და დღის მეორე ნახევარში „რუსთავი 2“-დან წასვლის გადაწყვეტილება გამოაცხადეს სხვა ჟურნალისტებმაც.

ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ამ დღეებში არაერთხელ ახსენეს "რუსთავი 2"-ის აწ უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა და სკანდალური განცხადება გააკეთა ნოდარ მელაძემ.

20 აგვისტოს, როდესაც გაათავისუფლეს, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით მას გარიგებას სთავაზობდნენ და მიზანი იყო - ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის უხმაუროდ შეცვლა.

უარის შემდეგ კი, მისი თქმით, არხზე საკადრო წმენდა სწორედ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით დაიწყო.

მიზანი - სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება

„არხის დღევანდელი მეპატრონის (ქიბარ ხალვაშის) მთავარი ამოცანა არის ის, რომ მთლიანად, რადიკალურად შეცვალოს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა. ქიბარ ხალვაშს ეს ტელევიზია დაუბრუნეს იმისთვის, რომ შეცვალოს ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი კონტენტი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე.

ის ასევე ამბობს:

  • „საქართველოში სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდა ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადასულიყო“;
  • „პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზანი კი არასოდეს არის მედიის მფლობელობასთან დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენა; მიზანი ყოველთვის - სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა“
  • „არ არსებობს ბუნებაში დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქიბარ ხალვაშმა ოდესმე კანონიერად იყიდა „რუსთავი 2“; ხალვაში 2005 წელსაც პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო შეარჩიეს“.

ამ დღეებში ექსპერტებმა თუ საზოგადოების წარმომადგენლებმა ბევრი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესები ამ არხის გადაცემების მოწონება-არმოწონების ჭრილში განსახილველი არ არის და საკითხი, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიის განვითარებისთვის ასე საჭირო მედიაპლურალიზმს უკავშირდება. ითქვა, რომ ქვეყნის წინსვლისთვის სახიფათოა ის, რაც ხდება.

ერთობლივი განცხადებები გამოაქვეყნეს მედიის ადვოკატირების კოალიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ძალიან ცუდია ის თამაში, რომელსაც ახლა ვხედავთ, ეს პოლიტიკის ნაწილია“ და ასეთი თამაშები ძალიან ცუდად მთავრდება ყველა დროის ხელისუფლებისთვის.

  • ეს მთავრდება დიდი მარცხის ფასად და შეიძლება საერთოდ ხელისუფლების მთლიანად დაკარგვის ფასადაც კი“;
  • „თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მედიის კონტროლით ისინი შეძლებენ ყველაფრის კონტროლს, ცხადია ვერა და არა... ამჟამად ინფორმაციის გავრცელების უფრო მეტი საშუალება არსებობს, ვიდრე წლების წინ“.

მიმდინარე პროცესში უცნაურსა და მიუღებელს ვერაფერს ხედავენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ვერცერთი ორგანიზაცია ვერ იგუებდა ადამიანებს, რომლებსაც „კომპანიის დანგრევა“ უნდათ.

„არც ტელეკომპანია არც ნებისმიერი სხვა დაწესებულება არ დაუშვებს იმას, რომ საკვანძო პოსტებზე მყოფი თანამშრომლები ღიად აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიის დანგრევაში მიიღებენ მონაწილეობას. აქ „რუსთავი 2“-ის კრიტიკულობა არაფერ შუაში არ არის და საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ „რუსთავი 2“ კრიტიკული ტელევიზიაა - ეს არის პარტიული ტელევიზია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და დედაქალაქის მერის, კახი კალაძის თქმით კი, მთავარი არის ის, რომ „ქვეყანაში არსებობს სიტყვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი“ და „რუსთავი 2“-დან წასული ადამიანები აპირებენ ახალი ოპოზიციური არხის შექმნას.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ "რუსთავი 2"-სთვის სამომავლოდ სულ ორი ვარიანტი არსებობს:

  • ტელეკომპანია იქცევა ხელისუფლების ნებადართულ ოპონენტად;
  • ტელეკომპანია საბოლოოდ მაინც გაკოტრდება, ამ ეტაპზე მფლობელისგან გახმოვანებული საპირისპირო პოზიციის მიუხედავად.

არ გამართლდა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“-ში 21 აგვისტოს გამოცხადდებოდა საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი. ამ პოსტზე განსახილველ ერთ-ერთ კანდიდატურად პაატა სალიამ სამშაბათს დაასახელა ნინო შუბლაძე - ტელეწამყვანი და “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი 2014 წლამდე.

ამ ინფორმაციის გარშემო ატეხილ უკმაყოფილებასა და ხმაურს 21 აგვისტოს ნინო შუბლაძემ ფეისბუკპოსტით უპასუხა, დაადასტურა შეთავაზების მიღება, თქვა, რომ - გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ტექსტიდან არ ჩანს აგრძელებს თუ არა ფიქრს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით უცნობია ისიც, თუ ვინ იმუშავებს არხიდან წასული არაერთი ჟურნალისტის ნაცვლად.

რადიო თავისუფლებისთვის გაზიარებული ერთ-ერთი ვერსიით, „რუსთავი 2“-ზე შეიძლება ვიხილოთ ტელეკომპანია „იმედის“ ის ჟურნალისტები, რომლებმაც სოციალურ ქსელში ერთგვარი ფლეშმობით გამოხატეს უკმაყოფილება 11 აგვისტოს "იმედის" ეთერში გასულ ფილმთან ("ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!") დაკავშირებით. მათი ტექსტები ერთნაირი იყო და პროტესტი შეეხებოდა არა მთლიანად ფილმს, არამედ „რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს".

არხიდან წასულ ჟურნალისტები კი „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მის მიერ დაარსებულ ახალ ტელეკომპანიაში („მთავარი არხი“) მიიწვია და ფეისბუკის საშუალებით მან არაერთი მიმართვა გაავრცელა.

თუკი აქამდე ტელეკომპანიაში მის გარეშე დარჩენილ ჟურნალისტებს გვარამია სიმართლის თქმისთვის გმირებსაც უწოდებდა, „რუსთავი 2“-ზე 20 აგვისტოს დაწყებული საკადრო წმენდის შემდეგ, დარჩენა „უზურპატორი ივანიშვილისთვის“ მსახურებას ნიშნავს.

„ახლა „რუსთავი 2“-ზე ხდება ის, რასაც ჩვენ მოველოდით სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტი თამთა მურადაშვილი. ის ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც თანამდებობიდან გაათავისუფლა ტელეკომპანიის ახალმა გენდირექტორმა დირექტორმა, პაატა სალიამ.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-დან გამოშვებული ჟურნალისტები სამართლებრივ ჭრილშიც იდავებენ შრომით-სამართლებრივი კუთხით და როცა 18 ივლისის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გასაჩივრდება, სასამართლოს ასევე მიეწოდება ინფორმაცია ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG