Accessibility links

რუსი პროკურორები პოზიციას იცვლიან და მამის მკვლელობის ბრალდებას უყენებენ დებ ხაჩატურიანებს


ადვოკატებმა მოითხოვეს კრისტინა და ანგელინა ხაჩატურიანებისთვის სასამართლო ჟიური, რათა მათთვის გამართლების შანსი გაეზარდათ, მაგრამ ფიქრობენ, რომ სასამართლო საზოგადოებისთვის დახურული იქნება.

რუსმა პროკურორებმა დაამტკიცეს მკვლელობის ბრალდება სამი დის მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ თავიანთი მოძალადე მამის მკვლელობაში, აცხადებს დების ადვოკატთა გუნდი 2018 წლის შემთხვევასთან დაკავშირებით.

პროკურატურის გადაწყვეტილებამ დარტყმა მიაყენა ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტებს, რომლებიც ამ საქმეს განიხილავენ როგორც ტესტს, რომელიც ცხადყოფს რუსეთის დამოკიდებულებას ოჯახში ძალადობის მიმართ.

დების დაცვის გუნდის წევრმა, ადვოკატმა ალექსეი ლიპცერმა, 13 ივლისს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა დასრულებულია და საქმე ახლა სასამართლოს გადაეცემა.

გამოძიების თანახმად, 2018 წლის ივლისში კრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანებმა, რომლებიც მაშინ, შესაბამისად,19, 18 და 17 წლისანი იყვნენ, მოკლეს საკუთარი მამა, მიხაილ ხაჩატურიანი, თავიანთ სახლში, მოსკოვის გარეუბანში. გამოძიების მიერ შეგროვებული მასალა შეიცავს არსებით მტკიცებულებებს ხაჩატურიანის მხრიდან თავისი ქალიშვილების მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში განხორციელებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ.

ამ საქმემ რუსული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ინტერესი გამოიწვია და ერთმანეთს დაუპირისპირა კონსერვატორულ ფასეულობათა დამცველნი, რომლებსაც მხარს უჭერს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტები, რომელთა მოწოდება იყო შემოეღოთ კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, შესაძლებელს გახდიდა ხაჩატურიანების მსგავს შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას და, მეორე მხრივ, საშუალებას მისცემდა მათ მსხვერპლს, მოეთხოვა დაცვა.

დეკემბრის დასაწყისში გამომძიებლებმა დაასრულეს სამი დის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის შედგენა და ის გადასცეს პროკურატურას სასამართლო გარჩევის მოსამზადებლად. ამ დასკვნის მიხედვით, კრისტინას, ანგელინას და მარიას ქმედება წინასწარ განსაზღვრული იყო და ნაკარნახევი "ძლიერი პირადი შუღლით თავიანთი მამის მიმართ", რაც გამოწვეული იყო ხანგრძლივი დროის მანძილზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობით.

მოგვიანებით, დეკემბერში, გენერალური პროკურორის მოადგილემ, ვიქტორ გრინმა, იმ მიზეზით, რომ გამოძიება უზუსტობებს შეიცავდა, მოითხოვა დების მოქმედებების კვალიფიკაციის შეცვლა „თავდაცვით“, რაც შესაძლებელს გახდიდა მათ გათავისუფლებას, თუმცა გასულ კვირას, დაცვის გუნდის თანახმად, გრინმა მკვეთრად შეცვალა თავისი პოზიცია და დაადასტურა თავდაპირველი - მკვლელობის - ბრალდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე აუცილებლად გადაეცემა სასამართლოს.
"ცხადია, რომ ამ დროის განმავლობაში მას რაღაცამ შეაცვლევინა თავისი პოზიცია", განუცხადა TASS-ის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ლიპცერმა, რომელიც კრისტინას ინტერესებს იცავს.

ალექსეი პარშინი, რომელიც ანგელინას წარმოადგენს, გმობს პროკურატურის ნაბიჯს და უთანხმოებას პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის, რომელიც წინ უძღოდა მას.

„საქმე სასამართლოს გადაეცემა: საბრალდებო დასკვნა დაამტკიცა გენერალური პროკურორის მოადგილემ, ვიქტორ გრინმა, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში საქმე გამოძიებას გასაგრძელებლად გადასცა ფორმულირებით: ‘აუცილებელი თავდაცვა’“, იტყობინება ადვოკატი და განაგრძობს: „საგამოძიებო კომიტეტი არ დაემორჩილა პროკურატურის მითითებას, მაგრამ პროკურატურამ თვალი დახუჭა ამაზე და დასკვნა დაამტკიცა. ესაა ყველაფერი, რაც საჭიროა იცოდეთ იმ ორგანოს შესახებ, რომელიც კონსტიტუციის დაცვას და კანონების შესრულებას მეთვალყურეობს“, წერს ადვოკატი ფეისბუკზე.

მარი დავთიანი, დების დამცველთა გუნდის წევრი, ვარაუდობს, რომ გრინის მხრიდან შემობრუნება იმის ნიშანი იყო, რომ შეიცვალა პოლიტიკური კლიმატი რუსეთში პირველი ივლისის შემდეგ, მას მერე, რაც დამტკიცდა პუტინის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო სადავო შესწორებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს 2036 წლამდე აძლევს პოსტზე დარჩენის შესაძლებლობას. 4 ივლისს მათ ოფიციალურ წარდგენას ახლდა რუსი ჟურნალისტებისა და ოფიციალური პირების დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა, რასაც მოჰყვა საზოგადოებაში შეშფოთება, რომ შეიძლება დაიწყოს სხვაგვარად მოაზროვნეების სერიოზული ჩახშობა მთავრობის მხრიდან, რომელიც ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს.

„შეუძლებელია ვერ დაინახო, რაც ხდება“, - წერდა დავთიანი ფეისბუკით, როცა ხაჩატურიანების საქმეში ბოლო შემობრუნებას ეხებოდა. - „მთავრობამ ეს გზა აირჩია“.

ადვოკატებმა მოითხოვეს კრისტინა და ანგელინა ხაჩატურიანებისთვის სასამართლო ჟიური, რათა მათთვის გამართლების შანსი გაეზარდათ, მაგრამ ლიპცერი ფიქრობს, რომ სასამართლო საზოგადოებისთვის დახურული იქნება, რადგან საქმე ეხება მამის მხრიდან დების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას. რუსეთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა საქმე ეხება სექსუალურ ძალადობას და პირად ინფორმაციას, რომელიც ბრალდებას უკავშირდება.

მარია ხაჩატურიანი
მარია ხაჩატურიანი

მარია ხაჩატურიანი, რომელიც სავარაუდო მკვლელობისას 17 წლისა იყო, გასამართლდება რუსეთის დედაქალაქის რაიონულ სასამართლოში, განაცხადა მისმა ადვოკატმა, იაროსლავ პაკულინმა. მკვლელობის შემდეგ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში მარია ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო, და მას ფსიქოლოგიურ მკურნალობას ურჩევდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG