Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამხედროები უკრაინელ ტყვეებს ხშირად ადგილზე ხვრეტენ - გაეროს საგანგაშო სტატისტიკა


უკრაინელი სამხედრო (POW) რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ თანამებრძოლებს დახმარებით აჰყავთ ავტობუსში (საარქივო ფოტო).
უკრაინელი სამხედრო (POW) რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ თანამებრძოლებს დახმარებით აჰყავთ ავტობუსში (საარქივო ფოტო).

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ადგილზე დახვრიტეს რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილები და უიარაღო იყვნენ. უკრაინაში გაეროს მისიამ 2024 წლის აგვისტოდან 24 ცალკეული ინციდენტის დროს 79 სიკვდილით დასჯის ასეთი ფაქტი აღნუსხა.

"ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ ან რუსეთის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა დაატყვევეს, ადგილზე დახვრიტეს. თვითმხილველები აღწერენ ასევე უიარაღო და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტასაც", - ნათქვამია გაეროს მისიის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დასკვნა და შეფასება დაეყრდნო უკრაინული და რუსული წყაროების მიერ გამოქვეყნებულ თვითმხილველთა არაერთ ინტერვიუს, მრავალ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც აღბეჭდილია მკვლელობა და ასევე დაღუპულთა ცხედრები.

"არ აიყვანოთ ტყვეები, გაანადგურეთ და კიდევ უფრო გააძლიერეთ ბრძოლა!"

გაეროს მისიის ხელმძღვანელი, დანიელე ბელი ფიქრობს, რომ უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტის ფაქტების "მკვეთრ ზრდას", სავარაუდოდ, ხელი შეუწყო რუსი სამხედროების დაუსჯელობის ატმოსფერომ და ტყვეთა დახვრეტისკენ მიმართულმა საჯარო მოწოდებებმა.

"ეს ინციდენტები ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულან. რუსეთის ფედერაციის საზოგადო მოღვაწეები დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცებისადმი არაადამიანური მოპყრობისა და მათი სიკვდილის დასჯისკენაც კი ღიად მოუწოდებდნენ. ფართო ამნისტიის თაობაზე მიღებული კანონების ამგვარ მოწოდებებთან შეზავებას შეუძლია წაახალისოს და ბიძგი მისცეს დანაშაულებრივ ქმედებებს. ამიტომ გამოძიებულ უნდა იქნეს უკრაინელი სამხედროების სიკვდილით დასჯის შესახებ არსებული ყველა მტკიცებულება და ასევე ის საჯარო განცხადებებიც, რომლებიც ამგვარი ქმედებისკენ მოუწოდებს და ამართლებს მათ", - აცხადებს დანიელე ბელი.

გაეროს განცხადებაში ნახსენებ ბოლო ექვსთვიან პერიოდში გააკეთა თავისი სისასტიკით ცნობილი განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, რომელმაც თავის მებრძოლებს საჯაროდ მოუწოდა, რომ "არ აეყვანათ ტყვედ" უკრაინელი ჯარისკაცები.

"არ აიყვანოთ ტყვეები, გაანადგურეთ და კიდევ უფრო გააძლიერეთ ბრძოლა, მთელი 100%-ით", - ასეთი სიტყვებით მიმართა გასული წლის ოქტომბრის ბოლოს სპეცდანიშნულების პოლკ "ახმატის" მებრძოლებს (იგივე კადიროველებს), კრემლთან დაახლოებულმა ჩეჩნეთის რეგიონის ლიდერმა რამზან კადიროვმა.

რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი მწყობრიდან გამოიყვანა სავარაუდო უკრაინული დრონებით განხორციელებულმა იერიშმა, რომლის სამიზნეც ქალაქ გუდერმესში განლაგებული ელიტური პუტინის სახელობის "სპეცდანიშნულების უნივერსიტეტი" აღმოჩნდა.

კადიროვის მტკიცებით, შეტევის დროს არც შენობა დაზიანებულა და არც არავინ დაღუპულა, გარდა იმ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა, რომლებიც საავიაციო იერიშის დროს "სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის" ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.

კადიროვის მინიშნება, რომ უკრაინელი ტყვეები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა სამხედრო ობიექტებზე იმყოფებიან, ერთგვარ მუქარად ჟღერდა.

მაგრამ ორ დღეში კადიროვმა თავის ბრძანება უკრაინელი ტყვეების არაყვანის შესახებ შეცვალა და, როგორც სოციალურ ქსელში განმარტა, ეს გადაწყვეტილება, თურმე, თავად ათასობით უკრაინელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე მიიღო.

"მათ აერთიანებთ სასტიკი დანაშაულის ჩადენის კოლექტიური პასუხისმგებლობა"

მაგრამ ფაქტია, რომ კადიროვის განცხადება არ დაუგმია რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც კვლავინდებურად უარყოფს რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების დახვრეტას.

რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში გაჩაღებული ომის განმავლობაში, უკრაინის მხარეს ფაქტებით აქვს დადასტურებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის 177 შემთხვევა. უკრაინის ვერხოვნა რადის ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, ადგილზე სიკვდილით დასჯის ნახევარზე მეტი, 109 შემთხვევა, 2024 წელს მოხდა.

ბოლო ფაქტი, რომელზეც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 23 იანვარს დაიწყო გამოძიება, რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქში ჩადენილ დანაშაულს შეეხება. გამოძიების საფუძვლად იქცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელზეც სავარაუდო რუსი სამხედროები ავტომატებით ხვრეტენ 6 უიარაღო უკრაინელ ჯარისკაცს.

"დონეცკში უკრაინული ჯარების პოზიციებზე თავდასხმის დროს ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ექვსი ჯარისკაცი, რომლებიც შემდგომში დახვრიტეს", - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

მაქსიმ ბუტკევიჩმა, ცნობილმა ჟურნალისტმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა, რუსეთის ტყვეობაში 2 წელი დაყო და მხოლოდ გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს პატიმრების მორიგი გაცვლის შედეგად.

მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტყვედ ჩაბარებული ჯარისკაცების სიკვდილით დასჯა "ომის დანაშაულია", ხოლო რიგ შემთხვევაში ასეთი ქმედება "შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული".

უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის გახშირებულ ფაქტებსა და ამ დანაშაულის ამსახველი ვიდეოების გადაღება-გავრცელებას ოფიციალური პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ უკრაინაში.

დატყვევებული ჯარისკაცების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეოებს რუსეთი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტკივილის მიყენების მიზნით იყენებს, რადგან ისინი, ვინც მათ უყურებენ, "სერიოზულ ემოციურ დარტყმას განიცდიან", - უთხრა რადიო თავისუფლებას ანასტასია ობერტასმა, რომლის მეუღლე 810 დღის განმავლობაში იმყოფებოდა რუსეთის ტყვეობაში.

"გარდა ამისა, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც რუსი მეთაურები აკონტროლებენ თავიანთ ქვეშევრდომებს ... კოლექტიური პასუხისმგებლობა საშინელ დანაშაულებზე აერთიანებს მათ და აიძულებს გააგრძელონ დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულება", - ამბობს ობერტასი, რომელიც 2014 წლიდან მოხალისედ მუშაობს სამხედრო ტყვეების ოჯახებთან.

გასული წლის ბოლოს უკრაინის გენერალური პროკურორის სამსახურის წარმომადგენელმა, დენის ლისენკომ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის 49 საქმის გამოძიება ბრძოლის ველზე 124 ტყვე სამხედროს მკვლელობის ფაქტებზე.

სამხედრო ტყვეების - ან მათი, ვინც ტყვედ ბარდება - მკვლელობა წარმოადგენს ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის კონვენციის დარღვევას. სამხედრო ტყვეების სიცოცხლესა და ფიზიკურ ხელშეუხებლობაზე ძალადობის ნებისმიერი აქტი კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული.

რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომის პირველ წელს გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე რუსი ჯარისკაცის დახვრეტის შესახებ. დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა 2022 წლის ნოემბერში ლუგანსკის ოლქში, 10 დატყვევებული რუსი ჯარისკაცის დახვრეტის შესახებ გავრცელებულ ვიდეოს.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებდა. ამასთან დასძინა, რომ მოკლე და დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერს არ მიიჩნევდა რუსეთის ხელისუფლების მტკიცებულებად.

უკრაინა დაინტერესებული არ არის მოკვლით, მის ინტერესებშია, შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი რუსი სამხედრო ტყვე უკრაინულ ტყვეებში გასაცვლელად, - თქვა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG