Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მინდა ისე გაკეთდეს ყველაფერი, რომ თანხები ჰაერში არ ვისროლოთ, არამედ იქ, სადაც გვაქვს ექსპორტის პოტენციალი, თვითუზრუნველყოფის პოტენციალი"


რუსუდან გიგაშვილი, "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარე, "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" გამგეობის წევრი
რუსუდან გიგაშვილი, "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარე, "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" გამგეობის წევრი

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, გადაადგილებისა და საქმიანობის უდიდესი ნაწილის შეზღუდვის გამო ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა ოჯახით აგარაკებსა და სოფლებში წასულიყო. „დილის საუბრების“ ერთ მსმენელს ის აზრიც კი გაუჩნდა, რომ ქალაქებიდან სოფლებში წასული ადამიანები შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობად იქცნენ.

რუსუდან გიგაშვილი, ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე და „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი არ თვლის, რომ სოფლად ადამიანების მომრავლება დარგს ან მთლიანად ეკონომიკას შეუწყობს ხელს, თუმცა, ძალიან დადებითად აფასებს ინტერესს, რომელსაც ბოლო ხანს ადამიანების სწორედ ეს ჯგუფი იჩენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართ:

„ზღვა ტალღა წამოვიდა ისეთი ადამიანების, ვისაც არასდროს ჰქონია შეხება სოფლის მეურნეობასთან. ინტერესია ძალიან მაღალი.

ძალიან მარტივი შეკითხვებით მოგვმართავენ. ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის ფეისბუკზე და ცხელ ხაზზე შემოდის შეკითხვები“.

რუსუდან გიგაშვილის აზრით, შეუძლებელი არაფერია და დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოკლევადიანი ონლაინ კურსებიც გაიარონ. მანამდე „მომავლის ფერმერის“ სპეციალისტები უშურველად სცემენ პასუხებს მათ შეკითხვებს:

„ძალიან კარგია, რომ ადამიანებმა დაიწყეს ამაზე ფიქრი და უბრალოდ, საკუთარი მოხმარებისთვის საკმარის პროდუქტს მოიყვანენ. არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული და ილუზიური წარმოდგენები იმაზე, რომ ამით ეკონომიკური აღმავლობისკენ წავალთ. უბრალოდ, ამ კრიზისულ სიტუაციაში სოფლად მყოფი ადამიანები, ან ჩასულები, ვინც მიწა დაამუშავა, მცირედით შეიმსუბუქებენ მდგომარეობას“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ყვება, რომ გამოჩნდნენ ქველმოქმედი მსხვილი ფერმერები, რომლებიც მათთან ახლომდებარე სოფლებში უფასოდ არიგებენ სათესლე-სანერგე მასალას, რომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდი სხვებმა არ მოაცდინონ.

რუსუდან გიგაშვილს ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ფერმერებთან და კარგად იცის, რა პრობლემები შეუქმნა მათ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულმა შეზღუდვებმა მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა დაშვებულ საქმიანობათა ჩამონათვალშია. ადგილობრივი წარმოება მნშვნელოვნად აზარალა სარეალიზაციო და სარესტორნო ქსელების დახურვამ. გარდა ამისა, ის ამბობს:

„ფერმერები იწერებიან გადაადგილების საკითხებზე, სად მოიპოვონ ნებართვა და ბევრ დეტალზე, რომელმაც გაურთულა საქმიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია სათესლე-სანერგე მასალაზე ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყფილი. ცოტა გართულდა ეს“.

რუსუდან გიგაშვილი თვლის, რომ სოფლის მეურნეობას იმდენად მცირე წილი უკავია მთლიან ეკონომიკაში, რომ მისი მაქსიმალურად ეფექტიანობის შემთხვევაშიც კი, ის ვერ მოახდენს მნიშვნელოვან ეფექტს ეკონომიკის წინსვლაზე. ამასთან, არაერთი სხვა ექსპერტის მსგავსად, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და მათი საქმიანობის შედეგი ეკონომიკის მეათედსაც არ შეადგენს:

„ჩვენნაირი ქვეყნები ვერ წავლენ წინ, თუკი არ შემცირდა სოფლად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, არ მოხდა გამსხვილება, არ მოხდა კონკრეტულ დარგზე ორიენტაცია და ექსპორტისკენ სვლა.

ჩვენზე პატარა ქვეყანაა ნიდერლანდი და საკმაოდ დიდ ექსპორტს ეწევიან, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 2%-მდეა ჩართული ამ დოვლათის შექმნაში, დანარჩენი სხვა სფეროებშია დაკავებული. იქ სოფლები განვითარებულია.

როგორც სოფლის მეურნეობის და სოფლის გულშემატკივარს, მინდა, რომ სწორი პოლიტიკა გავატაროთ. რა გვინდა, თვითონ მოსახლეობამ არ ვიცით და შესაბამისად ვაბნევთ ასევე ხელისუფლებას, რომელიც ყოველთვის, ასე თუ ისე, საარჩევნო ხმებს მიყვება ხოლმე. დილემა გვაქვს მუმდივად: გვინდა, რომ მეტი ხალხი იყოს სოფელში (ახლაც გვიხარია, რომ სოფელში ხალხი წავიდა), მაგრამ ამასთანავე გვინდა, რომ ნაკლები ხალხი იყოს დასაქმებული სოფლად, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს. ასეთ ოქროს შუალედს მივაღწევთ, თუ სოფლად განვითარდება სხვა მიმართულებებიც. ადამიანებმა უნდა იცხოვრონ სოფლად, მაგრამ არ არის აუცილებელი სოფლის პროდუქტს ქმნიდნენ.

დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობის ნახევარი მუშაობს სოფლად და მეორე ნახევარი ვასუბსიდირებთ მას. ეს არის ჩვენი გაურკვეველი მდგომარეობა“.

საზოგადოების ნაწილში კვლავაც მუშაობს მითები ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალზე, რომლებიც საქართველოს საბჭოთა წარსულსა და იმდროინდელ სოფლის მეურნეობის გამოცდილებას ეფუძნება:

„რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, ის ჩაბარდა წარსულს. ის სხვა რეალობა იყო. აგრეთვე, არავინ ითვალისწინებს კლიმატური ცვლილებების შედეგად მიღებულ რევოლუციურ ცვლილებებს სოფლის მეურნეობაში. ნიადაგი გვაქვს ეროზირებული, დეგრადირებული. რასაც ერთ ჰექტარზე ვიღებდით თავის დროზე, იმას ვერ მივიღებთ, შეიცვალა სათესლე მასალა, აგროვადები. ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც ილუზიები არ უნდა შევიქმნათ.

პირველ რიგში, მივმართავ ფერმერებს და ინვესტორებს, რომლებიც აპირებენ ამ სფეროში თანხის ჩდებას, აუცილებლად წაიკითხონ კვლევები კლიმატური ცვლილებების შედეგებზე, რადგან ამის გარეშე არც ერთი რეფორმა და პროექტი მსოფლიოში აღარ განიხილება“.

რუსუდან გიგაშვილი ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის სუბსიდირების საკითხზეც:

„ქაოტურად ყველაფერს კი არ უნდა მივაწყდეთ. სუბსიდირების პოლიტიკაზე მინდა ვთქვა - სახელმწიფოს ვაიძულებთ, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადები ერთი ჯიბიდან ამოიღოს და არასწორად დახარჯოს, ამიტომ ისეთ საკვანძო საკითხებში, სადაც შეგვიძლია თვითუზრუნველყოფაში შევიდეთ და სასურსათო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვენლოვანია, ისეთი პროდუქტების ზრდას შევუწყოთ ხელი, რომელიც შეუცვლელია და, მაგალითად, ნედლი გვჭირდება. იგივე რძე - მას ასუბსიდირებს თითქმის მთელი მსოფლიო. ჩვენთან პირიქით არის - რძეს არა და სხვვა რაღაცებს ვასუბსიდირებთ, რაც ნაკლებად მზარდი შეიძლება იყოს“.

რუსუდან გიგაშვილი COVID-19-ით გამოწვეულ ქაოტურ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად ხედავს პრიორიტეტების სწორად გამოკვეთის მნიშვნელობას:

„ფაქტობრივად „კოვიდმა“ თვდაყირა დააყენა მთელი გეგმები, მთელი სტრატეგიები. იცით, რომ მსოფლიოში 15-20-30-წლიანი სტრატეგიები არსებობდა. ჩვენს შემთხვევაში თუნდაც ის 2-3-წლიანი სტრატეგიები, რაც გვქონდა ქვეყანას, ისიც კი თავდაყირა დადგა და თავიდან ვიწყებთ ახლა ფიქრს - როგორ და რანაირად. ახლაა საჭირო სწორი რეკომენდაციები. არ გვინდა ილუზიები, გვინდა რეალური სიგნალები და ხელისუფლებასაც სწორად მოვუწოდოთ, რაში შეიძლება ჩავდოთ თანხები. როცა მსოფლიოში მრეწველობის სხვა დარგებზე მოდის 95% და სოფლის მეურნეობაზე 5%, ჩვენ მაინც გვინდა, რომ იმ დანარჩენმა მუდმივად ასუბსიდიროს ეს მცირე პროცენტი.

არ მინდა მცდარად გამიგონ, რომ თითქოს წინააღმდეგი ვარ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის. არავითარ შემთხვევაში! მე ვარ სწორი ხელშეწყობის მომხრე. მინდა ისე გაკეთდეს ყველაფერი, რომ თანხები ჰაერში არ ვისროლოთ, არამედ იქ, სადაც გვაქვს ექსპორტის პოტენციალი, სადაც გვაქვს თვითუზრუნველყოფის პოტენციალი. მაგალითად, ქათმის ხორცში შეგვიძლია სრული თვითუზრუნველყოფა. ფაქტობრივად, წელიწადში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი რომ გადიოდა იმპორტისთვის, შეგვიძლია ეს პრობლემა მოვხსნათ, სუბსიდირებაც არ სჭირდება, უბრალოდ დღგ-ს მოხსნით. ამას ვამბობდით დიდი ხანია.

სახელმწიფოს კომპლექსურად აქვს საკითხები დასანახი: სადღაც ფინანსური მხარდაჭერა იქნება საჭირო, სადღაც საკანონმდებლო მხარდაჭერა, სადღაც ლობისტების თემა იქნება სხვაგვარად მისახედი იმპორტიორების და ა.შ..

ეს ყველაფერი ერთიანობაში უნდა გადაწყდეს: უნდა დასხდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია, ცოდნა, სტრატეგიული ხედვები, ილუზიების გარეშე, ცივი გონებით, ყოველგვარი ემოციებისა და საარჩევნო ლოზუნგების გარეშე. დასხდნენ და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება ქვეყანას.

თუ ჩვენ ისევ თოხით და ბარით ვაკეთეთ რაღაცები, არ გავითვალისწინეთ მსოფლიოში არსებული გამოცდილებები, თუ ერთ ჰექტარზე კვლავ ის მცირე რაოდენობა მოვიწიეთ და მის გასაზრდელად არაფერი გავაკეთეთ, კიდევ უფრო ფუჭი იქნება ყველაფერი.

როცა დღეს სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობს, უნდა გამოიყოს საკვანძო დარგები, უნდა დავასუბსიდიროთ კონკრეტული ტექნოლოგიები. და კიდევ, ძალიან მნიშვენლოვანი, რამაც რამდენიმე წლით დაგვხია უკან, არის მიწაზე შეზღუდვები, რადგან არც ერთი ქართველი ინვესტორი არ არის იმ შესაძლებლობების და მოტივაციის, რომ იმ რაოდენობის თანხა ჩადოს საქართველოს სოფლის მეურნეობაში, რასაც უცხოელი ჩადებდა. მე არ ვფიქრობდი, რომ ამით ჩვენ თვითმყოფადობას ვკარგავდით. შეიძლება, ძალიან არამომგებიანია ეს განცხადება, მაგრამ უამრავ ქვეყანაშია ამის გამოცდილება - გრძელვადიან იჯარის თუ გასხვისების, მაგრამ ამით ავტონომია არავის მოუთხოვია ამ ტერიტორიების და ქვეყნის თვითმყოფადობა არ დაკარგულა“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG