Accessibility links

საარჩევნო დაპირებების ტყუილ-მართალი და ამომრჩევლის როლი


წინასაარჩევნო პროცესი არჩევნების დღემდე სამი თვით ადრე კრეფს ტემპსაც და ტემპერატურასაც - ამომრჩეველს უკვე ესმის არაერთი დაპირება, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი უდიდესი ნაწილი არჩევნების თარიღის კიდევ უფრო მოახლოებისას გამოცხადდება.

მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდში არის ის, რომ ამომრჩეველი კრიტიკულად მიუდგეს თითოეული პოლიტიკური ძალის თითოეულ დაპირებას - რამდენად შესრულებადია ის და რამდენად პრიორიტეტული ან მისაღებია ეს დაპირებები ამომრჩევლისთვის, რომელმაც ოქტომბერში არჩევანი უნდა გააკეთოს.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, გია ჯანდიერის თქმით, „არჩევნებამდე ჩემპიონატი იქნება“ დაპირებების და ამომრჩევლის ამოცანაა გაზომოს და შეაფასოს ის:

„დაპირების რეალურობის გაზომვა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება. მგონი, დამპირებლებმა თვითონ უნდა შემოგვთავაზონ ეს მეთოდები.

სახელმწიფო სექტორში დიდხანს ვმუშაობდი და როცა მოვხვდი არასამთავრობო, არამომგებიან სექტორში, აღმოვაჩინე, რომ იმას, რასაც ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს, როცა 500 და 1000-დოლარიან პროექტშიც კი წარმოადგენს რის გაკეთებას აპირებს, როგორ აპირებს შედეგების მიღებას დაა შემდგომში ანგარიშსაც წარადგენს ამაზე, ამას არც ერთი სახელმწიფო დაწესებულება არ აკეთებდა. შემდგომში რაღაცები კი ამოძრავდა ამ მიმართულებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ძალიან შორს ვართ ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა: ავსტრალია, ახალი ზელანდია, შვედეთი, რომლებსაც ნებისმიერი სახელმწიფო ხარჯი აქვთ მიბმული იმასთან, რა შედეგების მიღწევას აპირებენ.

ნებისმიერი პოლიტიკა, რომლის განხორციელებასაც ვინმე აპირებს, უნდა იყოს წარმოდგენილი სწორედ წინასწარი გათვლებით. მაგალითად, ახალ ზელანდიაში, როცა მთავრობა თუ ოპოზიცია წარმოადგენს რაიმე პროექტს, ის ვალდებულია წარმოადგინოს რა გავლენას მოახდენს ეს პროექტი ეკონომიკაზე. მაგალითად, 1%-ით შეცვლა (ზრდა ან შემცირება) ჩვენთან რაც არის დამატებული ღირებულების გადასახადის (იქ ვაჭრობის გადასახადი ჰქვია) როგორ აისახება ერთსულიან, ორსულიან, ხუთსულიან ოჯახზე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. იქ ეს სავალდებულოა და წლის ბოლოს ყველა სამინისტრო ადგენს ძალიან ვრცელ ანგარიშს იმის შესახებ, როგორ დამთავრდა ის წელი და როგორ შესრულდა ის დაპირებები.

...როცა ვინმე წარმოადგენს დაპირებას, უნდა წარმოადგინოს ასევე ეს დაპირება რას ეყრდნობა, რა აქვს გამოთვლილი და როგორ აპირებს შედეგების მიღებას.

2012 წლის არჩევნებიდან მალევე, თებერვალში დავწერე ახსნა იმის, რომ, რასაც „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა ამომრჩევლებს, შეუძლებელი იყო შესრულებულიყო და დავითვალე კიდეც, რომ არათუ საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფოდა ამას, არამედ მთლიანი ეკონომიკა არ ეყოფოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით არავინ დაინტერესეებულა და ხალხიც და ხელმძღვანელობაც „ქართული ოცნების“ შეცდომაში შეიყვანეს, რომ ამ ყველაფრის შესრულება შეიძლებოდა. მაგალითად, ფასის შემცირება ენერგიაზე - საიდან მოიტანეს ეს ზღაპრები, ძნელი წარმოსადგენია, ვის ჰქონდა ეს დათვლილი? ასევე დაპირებები იმის შესახებ, რომ 300 ლარი გახდებოდა პენსიები უცებ და ასეთი უამრავი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი შემოწმდეს და მოსახლეობამ შეძლოს იმის დანახვა, რას იძლევა ეს დაპირებები“.

გია ჯანდიერი ხაზს უსვამს იმას, რომ ამომრჩეველი თანაბრად ფხიზლად უნდა იყოს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების მიმართ:

„ძალიან მნიშვნელოვანია ახლა არა მარტო მთავრობის დაპირებების დანახვა და კრიტიკა, არამედ ოპოზიციისაც. არავის უნდა ეგონოს, რომ ვინმეს შეღავათებს გავუკეთებთ. უკვე გამოჩნდა ერთი-ორი ასეთი დაპირება, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელია. „გვარს არ დავასახელებ და...“, ერთმა ჩემმა ძველმა მეგობარმა გამოაცხადა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზრდება ჩვენი ეკონომიკაო, რაზეც მივწერე, რომ ეს ნიშნავს წელიწადში 18%-ით ზრდას. ასეთი ფანტასტიკის შესაძლებლობა არსებობს, თუკი აღმოვაჩენთ, რომ კიდევ ერთი ბაქო-ჯეიჰანის მილი ჩაიდება და ანაკლიის პორტიც ამ ოთხ წელიწადში აშენდება. სტატისტიკა ავტომატურად აჩვენებს, რომ გაიზრდება ეკონომიკა, თუმცა ბევრი ოჯახი ისევ იქ დარჩება, სადაც არის, რადგან ამით გამოწვეული ზრდაც კი მათზე გავლენას არ მოახდენს. არა მარტო პასუხი უნდა მოვთხოვოთ დაპირებების შესრულებაზე, არამედ თავიდანვე მოვთხოვოთ, რომ ნებისმიერ დაპირებულ პროექტს, მინიმუმ სამი კრიტერიუმი მოაყოლონ - როგორ უნდა გადამოწმდეს მისი შედეგი.

არც ერთი თეთრი არ გვაქვს გასაფლანგავი და არც ერთი წუთი არ გვაქვს გასაფლანგავი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერი რესურსი მოემსახუროს შედეგების მიღებას და არა ლამაზი დაპირებების გაფორმებას. ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ყურადღებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG