Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სტენდები, კარდაკარ აგიტაცია და გაცრეცილი პლაკატები


ჩამოხეული საარჩევნო პლაკატები
ჩამოხეული საარჩევნო პლაკატები

29 აგვისტოს ოფიციალურად გამოცხადდა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, თუმცა გაცილებით ადრე, რუსთავის საკრებულომ, მიღებული დადგენილებით, იმ უბნების და შენობა-ნაგებობების სია დაამტკიცა, სადაც აკრძალულია ან ნებადართულია საარჩევნო პლაკატების გამოქყევყნება. წლევანდელ არჩევნებში, პირველად, პლაკატების გაკვრა აიკრძალა ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ გარე განათების ბიძებზე, რომლებზეც მრავლად არის გაკრული სხვადასხვა კომერციული განცხადება.

საკრებულოს დადგენილებით, პლაკატების გაკვრა, ისევე როგორც წინა არჩევნებზე, აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო შენობებზე, საბავშვო ბაღების თუ საჯარო სკოლების კედლებზე. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, 2018 წელი რუსთავისთვის საიუბილეოა, შესაბამისად, ქალაქი მოწესრიგებული უნდა იყოს.

„ქალაქის იუბილეს 70 წლისთავია, გვსურს იუბილე მოვაწყოთ, 70 წელი ცოტა არ არის, ჩვენი 26 საუკუნოვანი ქალაქის და გვინდა რომ ქალაქის იერსახე შენარჩუნებული ჰქონდეს, იყოს ლამაზი და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ამ საიუბილეო დღეებში ქალაქი იყოს უფრო სუფთა, მოწესრიგებული და მიმზიდველი.“

რუსთავის მერი დასძენს, რომ დადგენილების მიღებამდე მერიამ თადარიგი დაიჭირა და სპეციალური სტენდების დამზადება დაიწყო.

„ეს გადაწყვეტილება ჩამოყალიბდა [წინა წლების] წინასაარჩევნო პროცესშიც. მოსახლეობა დისკომფორტს განიცდიდა, როცა ყველა საცხოვრებელი სახლის ადგილი და განათების ბოძი იყო იყო გამოყოფილი..გადავწყვიტეთ გადაგვედგა ნაბიჯი და განგვესაზღვრა ის ლოკაციები, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პლაკატების განთავსება. ჩვენ თადარიგიც დავიჭირეთ ამ კუთხით.“

ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფლების კითხვაზე, გააკრავს თუა არა მმართველი პარტია საკუთარ საარჩევნო პლაკატებს, უპასუხა, რომ არ არის ამ საკითხში კომპეტენტური და რამდენადაც იცის, არ არიან ამაზე ჩამოყალიბებულნი“. რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებული „სერვის ცენტრის“ დირექტორი გიორგი გოროზია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ქალაქში 22 სტენდი დაიდგმება.

„სტენდების დამონტაჟება დავიწყეთ, კოსტავაზე დავამონტაჟეთ რამდენიმე. ასევე მეგობრობის ქუჩაზე. 22 ლოკაცია გვაქვს. დავამონტაჟეთს ასევე [მაღაზია] „1000 წვრილმანის“ წინ და მერიასთან“

პლაკატებსა და ვიზუალურ გარე მხარეზე არ ვართ დამოკიდებულნი, რადგან ვაპირებთ სააგიტაციო მასალა პირდაპირ ოჯახებში მივიტანოთ კარდაკარის პრინციპით. ადამიანებს უშუალოდ მივაწოდოთ ინფორმაცია და...
ალექსანდრე ბერიძე

გიორგი გოროზიას თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ქალაქში ყველა სტენდი განთავსდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და ადგილობრივი საკრებულოს წევრი ალექსანდრე ბერიძე ამბობს, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია და მხარდამჭერების მობილიზება, რაღა თქმა უნდა, გაკრული პლაკატების სიმრავლეზე დამოკიდებული არ იქნება.

„პლაკატებსა და ვიზუალურ გარე მხარეზე არ ვართ დამოკიდებულნი, რადგან ვაპირებთ სააგიტაციო მასალა პირდაპირ ოჯახებში მივიტანოთ კარდაკარის პრინციპით. ადამიანებს უშუალოდ მივაწოდოთ ინფორმაცია და... დანარჩენი, შეიძლება დიდი ბანერები გამოვიყენოთ, იმ ადგილებსაც გამოვიყენებთ, რომელიც ხელისუფლებამ გამოყო, რომ კანონის ფარგლებში ჩავჯდეთ. ფატობრივად ყველა შენობაზე აკრძალვაა.“

ალექსანდრე ბერიძე დასძენს, რომ აკრძალვის პარალელურად, სასურველია, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა „ერთი წლის და ოთხი წლის წინანდელი პლაკატებისგან“ შენობათა ფასადების გაწმენდაზეც იზრუნონ.


29 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა ზოგიერთმა პარტიამ სააგიტაციო მასალების დარიგება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, ქუჩაში თუ საცხოვრებელ უბნებში.

აქ, უბრალოდ, მოქალაქეები მოდიან. უნდათ, რომ მათი კანდიდატურები განვიხილოთ, რომელიმე საარჩევნო უბანზე და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენს მიერ არჩეული [წევრი] არც ერთ პარტიას არ დაექვემდებარება.
გაგა აფციაური

რადიო თავისუფლება ერთი ასეთი შემთხვევის შემსწრე რუსთაველის ქუჩაზე გახდა, სადაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის სააგიტაციო ბროშურებს არიგებდა და იქვე მყოფთ მხარდამჭერისკენ მოუწოდებდა.

მამუკა აბულაძე, რომელიც რუსთავის საკრებულოში დამოუკიდებელ ფრაქციას „რუსთაველები დემოკრატისთვის“ ხელმძღვანელობს, ამთავითვე ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსთაველთა მცირე რაოდენობა მივა. მიზეზად, აბულაძე ასახელებს მოსახლეობის სკეპტიკურ განწყობას პრეზიდენტობის კანდიდატების და ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ. გარდა ამისა, მინიმალური უფლების მქონე პრეზიდენტი ვერ გადაწყვეტს ადგილობრივ პრობლემებს. ეს უნდა გააკეთოს თვითმმართველობებმა.

მამუკა აბულაძის ვარაუდით, ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე უარს იტყვის, რადგან დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს.


სანამ ადგილობრივი პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიაში ერთვებიან, რუსთავის საარჩევნო ოლქი თავისი საქმით არის დაკავებული. საოლქო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური ამბობს, რომ 30 აგვისტოდან, როგორც ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტა, საუბნო კომისიის დამოუკიდებელ წევრობაზე განაცხადების მიღება დაიწყეს:

„აქ, უბრალოდ, მოქალაქეები მოდიან. უნდათ, რომ მათი კანდიდატურები განვიხილოთ, რომელიმე საარჩევნო უბანზე და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენს მიერ არჩეული [წევრი] არც ერთ პარტიას არ დაექვემდებარება. დაექვემდებარება საარჩევნო კოდექსს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საოლქო კომისიას.“

გაგა აფციაურის ინფორმაციით, დღეისათვის რუსთავში 105 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული, 84 საარჩევნო უბანზე.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG