Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დახურულ დარბაზში ასამართლებენ - “საბოტაჟის საქმე”

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 25 მარტსაც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 25 მარტსაც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 25 მარტსაც დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა. პროკურორმა კი განაცხადა, რომ საქმის განხილვა მომავალშიც დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

ადვოკატები ამბობენ, რომ სხდომების დახურვა, პირველ რიგში, ბრალდებულების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ზღუდავს; ბრალდებულები აცხადებენ, რომ სხდომების დახურვა საქმის აბსურდულობისა და სიყალბის დასამალად გადაწყდა.

"საბოტაჟის საქმეში" ბრალდებულია 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი:

  • მიხეილ სააკაშვილი;
  • ელენე ხოშტარია;
  • გიორგი ვაშაძე;
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  • ნიკა გვარამია;
  • ნიკა მელია;
  • მამუკა ხაზარაძე;
  • ბადრი ჯაფარიძე.


მათგან 3 პოლიტიკოსი [სააკაშვილი, ხოშტარია, მელია] სხვადასხვა საქმეზე, ამ დრომდე საპატიმროში რჩებიან; საპატიმროში ისხდნენ დანარჩენებიც - სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] სხდომაზე არგამოცხადების გამო.

23 თებერვალს გამართული სხდომის დახურვა მოსამართლემ დარბაზში წესრიგის დარღვევის მიზეზით ახსნა. 25 მარტს კი, მან არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა - სხდომის გახსნისა და დერეფანში მომლოდინე ხალხის დარბაზში დაშვების შესახებ.

პროკურატურამ მოსამართლის პოზიცია გაიზიარა.

“თითოეული პროცესის შემდგომ, დეტალურად შემიძლია მოგახსენოთ თითოეული მტკიცებულების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ბრალდების მხარე გამოიკვლევს და, რა თქმა უნდა, დაცვის მხარესაც აქვს ამის შესაძლებლობა”, - სხდომის შემდეგ, პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა მედიასთან პირობა დადო, რომ დახურული სხდომიდან სრულყოფილი ინფორმაცია ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი და შესაბამისად - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არ დაზარალდება.

გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ, სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საქართველოს კონსტიტუციით საჯაროობის პრინციპი გარანტირებულია“, „ეს არის ბრალდებულის უფლება, პირველ რიგში“ და „ეს არ უნდა იყოს გაგებული ბრალდების მხარისთვის ან სასამართლოსთვის კომფორტის შექმნის მექანიზმად“.

„როცა ბრალდებულები ითხოვენ, რომ მათი სასამართლო წარიმართოს საჯაროდ და ღიად, ეს ნიშნავს, რომ მისი [საჯაროობის] შეზღუდვით იზღუდება ბრალდებულის უფლებები... სხდომის დახურვა წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა იყოს უკიდურესი გადაწყვეტილება, როგორც ყველაზე მკაცრი ზომა... ამას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება, წესრიგის დამრღვევი კონკრეტული პირის მიმართ ზომების გატარება - გაფრთხილება და საჭიროების შემთხვევაში, დარბაზიდან პირის გაძევება. და როცა ეს ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს სათანადო წესრიგს სასამართლოში, მაშინ მიიღება გადაწყვეტილება სასამართლოს დახურვასთან დაკავშირებით. რეალურად არავითარი მსგავსი ფაქტობრივი წინაპირობა არ ჰქონია ამ გადაწყვეტილებას გასულ სასამართლო სხდომაზე“, - ადვოკატი ფურცელაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ სხდომებზე გამოსაკვლევი „გარემოებების დამალვის“ მიზნებით ხსნის.

რა განიხილეს 25 მარტის დახურულ სხდომაზე?

ანი ხუბეჯაშვილმა განმარტებით, 25 მარტს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე პროკურატურა შესავალი სიტყვით წარსდგა და ისაუბრა „მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესახებ“, რომლებსაც შემდგომ ეტაპზე გამოიკვლევენ და დაკითხავენ არაერთ მოწმეს, „რომლებიც უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ადგილზე იმყოფებოდნენ და ფლობენ ინფორმაციას ბრალდებულთა ქმედებების შესახებ“.

„ვესაუბრეთ სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოვიკვლევთ ვიდეოჩანაწერებს, რომლებშიც ნათლად არის წარმოდგენილი - თუ რა ტიპის მოწოდებებს ახორციელებდნენ ბრალდებულები ასევე დანაშაულის ადგილზე. ასევე ვისაუბრეთ, იმ მნიშვნელოვან ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, რომელშიც ასევე ნათლად არის წარმოდგენილი შეთანხმება კონკრეტულ ბრალდებულებს შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - პროკურორის განმარტებით, არსებობს „ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციები“, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება საქმის განხილვის დროს.

25 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე მივიდნენ: ნიკა გვარამია, ზურა გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე. არ გამოცხადდა მამუკა ხაზარაძე. სხდომას არ ესწრებოდნენ ამჟამად პატიმრობაში მყოფი: მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია.

როგორც ადვოკატებისთვის, ასევე ბრალდებულებისთვის სრულიად გაუგებარია, რაზე დავობს გამოძიება - ამბობენ, რომ, უკვე მესამე სხდომაა, მკაფიო პასუხს ვერ იღებენ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

„ხომ მოგისმენიათ ღადაობა - რომ დაგაბრალებენ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას და მსგავს სისულელეებს, მართლა ეგ მოყვა დღეს პროკურორმა, ზუსტად ეგ მოყვა, რაზეც ხალხი ღადაობს ხოლმე... მაგიტომ დახურეს [სასამართლო სხდომები], რომ ეს არ მოისმინოს ხალხმა და არ ნახონ - რა სიგიჟეზეა ლაპარაკი“, - უთხრა ჟურნალისტებს ზურა ჯაფარიძემ. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით:

  • „80% არის მასალები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების დაკითხვის, ჩხრეკის ოქმები, მათი პირადი ანგარიშები, სატელეფონო რაღაც ამონაწერები - საერთოდ რა შუაშია, ვერ გაიგებ“;
  • „დანარჩენი 20% არის ჩემი სატელევიზიო გამოსვლები და დედაენის ბაღში ჩემი გამოსვლები, რაც ჩუმად აქვთ ასე გადაღებული და ფარული ჩანაწერი გვაქვს გაკეთებულიო. ეს არის 2021 და 2022 წლის, სადაც ვაპროტესტებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და საერთოდ არაფერ შუაში არ არის 2024 წლის მოვლენები“.


ბრალდებებს გამონაგონსა და ცილისწამებას უწოდებს კიდევ ერთი ბრალდებული პოლიტიკოსი - ბადრი ჯაფარიძე.

„გრძელდება ეს სრულიად წარმოუდგენელი - თავისი შინაარსითა და სიყალბით - პროცესი... სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პროკურატურის წარმომადგენლების - მე ამას ბრალს ვერ დავარქმევდი - ინსინუაციებით სავსე განცხადება... მტკიცებულებები ვერ ექნებათ - ეს არის სრული ინსინუაციები და სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც გეგმავენ ამ პროცესს, ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ 25 მარტს, დახურული სხდომის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, სხდომის დახურვის გადაწყვეტილებაში პოლიტიკოსი ხედავს მიზანს, რომ „საზოგადოებამ არ იცოდეს, რაოდენ დიდი სიყალბეა ამ პროცესის უკან“.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ „საბოტაჟის საქმეში“ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლია:

  • 317-ე მუხლი - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ - [ისჯება პატიმრობით 3 წლამდე]- მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ;
  • 318-ე მუხლის 1 ნაწილი - საბოტაჟი - “საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა” [ისჯება პატიმრობით 2-დან 4 წლამდე] - ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე;
  • 319-ე მუხლი - უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება [საპატიმრო სასჯელი 7-დან 15 წლამდე] - ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე;
  • 321​-ე პრიმა 1 მუხლი - საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა - [საპატიმრო სასჯელი 6-დან 10 წლამდე] - ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ.


„საბოტაჟის საქმეზე“ შემდეგი სასამართლო სხდომა 27 აპრილს გაიმართება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასამართლების პროცესი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და მოკავშირე, მკაფიოდ ანტიდასავლური პოლიტიკური გაერთიანების - “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” საჩივრის საფუძველზე დაიწყო - რომელიც პროკურატურაში 2025 წლის 20 იანვარს შეიტანეს.

“ნეიტრალური საქართველოს” განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება 2025 წლის თებერვალში დაიწყო; ხოლო 6 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა გადაწყვეტილება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასამართლების ახალი ეტაპის შესახებ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG